პარიზში დაღუპულთა ხსოვნის პატივსაცემად, საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, მსოფლიოს 40-ზე მეტი ქვეყნის ლიდერთან ერთად, მშვიდობიან მსვლელობაში მონაწილეობდა.
სოლიდარობის მარშს წინ საფრანგეთის პრეზიდენტი ფრანსუა ოლანდი, მსოფლიო ლიდერები და დაღუპულთა ოჯახის წევრები მიუძღვებოდნენ. აქციის მონაწილეები რესპუბლიკის მოედნიდან ეროვნულ მოედნამდე დაახლოებით 3 კილომეტრიანი მარშრუტი გაიარეს.
-"ამ ტრაგედიამ გააერთიანა მთელი მსოფლიო, ეს იყო ნათელი დემონსტრირება იმის, თუ რა ძალა აქვს ერთობას", - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა პარიზში, სოლიდარობის აქციის დასრულების შემდეგ განაცხადა.
მისი თქმით, ტერორიზმის წინააღმდეგ გაერთიანება არის ძალიან მნიშვნელოვანი და სწორი გამოსავალი.
"ჩვენ ჩამოვედით, რათა სოლიდარობა და მხარდაჭერა გამოგვეხატა ფრანგი ხალხისადმი. საფრანგეთი არის ჩვენი მეგობარი ქვეყანა. ჩვენ კარგად გვახსოვს როგორი მხარდაჭერა გამოგვიცხადა საფრანგეთის მაშინდელმა ხელისუფლებამ აგვისტოს ომის დროს. დღეს ქართველი ხალხი და საქართველოს ხელისუფლება ვდგავართ ფრანგი ხალხის გვერდით," - აღნიშნა პრემიერმა.
პარიზში დაღუპულთა ხსოვნის პატივსაცემად, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, მსოფლიოს 40-ზე მეტი ქვეყნის ლიდერთან ერთად, პარიზში გამართულ "ერთობის მარშში" მიიღო მონაწილეობა.