ივერიონი / "იდენტობა" საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს მიმართავს

"იდენტობა" საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს მიმართავს

     "იდენტობა" საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს მიმართავს და მიმართვის ტექსტსს ავრცელებს:

 

   "თქვენო უწმინდესობავ, არ მოგვერიდება მოგმართოთ სრული ტიტულით, რადგან საქართველოს სახელმწიფო ინტერესების მტერმა, თქვენი რეგალიები პოლიტიკურ საკითხად აქცია და გადაწყვიტა, მისი დამცრობით, კერძოდ, ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტად თქვენი არ მოხსენიებით, ქართველი ხალხის ეთნიკური წმენდისა და საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციის კიდევ ერთხელ ლეგიტიმაცია.

 

ამასთან ერთად, ჩვენ ვცნობთ და ვაღიარებთ საქართველოს საპატრიარქოს უფლებების ფართომასშტაბიან დარღვევებს ოკუპირებულ ტერიტორიებზე და ვწუხვართ, რომ აღნიშნულ კათედრებზე ვერ ახორციელებთ როგორც პირად, ისე საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის იურისდიქციას.

 

ჩვენთვის ასევე კატეგორიულად მიუღებელია, რომ მეზობელ ქვეყნებში, საქართველოს მართლმადიდებელი ავტოკეფალური სამოციქულო ეკლესიის ქონება ჯერაც არ დაბრუნებია ისტორიულ პატრონს. ვწუხვართ იმის გამოც, რომ ისტორიულ ტაო-კლარჯეთში მდებარე საქართველოს ეკლესიის კუთვნილ ტაძრებში არ გეძლევათ ღვთისმსახურების სრულყოფილად აღსრულების შესაძლებლობა, რაც თურქეთში თქვენი რელიგიის თავისუფლების უხეშ ხელყოფას წარმოადგენს.

 

მიუხედავად ამისა, ჩვენ ვერ ჩავთვლით, რომ კრიტიკა, რომელსაც ადგილი აქვს თქვენი უწმინდესობის საქმიანობის, ან საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წევრების მიმართ,  წარმოადგენს მართლმადიდებელთა უფლებადარღვევის ფაქტებს. გამოხატვის თავისუფლება იცავს ყველაზე მიუღებელ გამოხატვასაც კი, რომელიც არ შეიცავს ძალადობის მყისიერ საფრთხეს. სწორედ ეს გამოხატვის თავისუფლება იცავს საქართველოს საპატრიარქოს ან მის მიერ ხელდასხმული სასულიერო პირის მრავალ, ჩვენთვის მიუღებელ განცხადებას.

 

ქართველმა ხალხმა ეს ბუნებითი თავისუფლება აღიარა საქართველოს კონსტიტუციაში და მოხარული ვართ, რომ პირველად, ასე ცხადად შეუერთდით ჩვენი საერთო სახელმწიფოს ფუძემდებლურ პრინციპს. ეს სწორი მიმართულებით გადადგმული ნაბიჯია და როგორი უფსკრულიც არ უნდა არსებობდეს ჩვენს ღირებულებებს შორის, ამას უხერხულობის გარეშე მივესალმებით.

 

სამწუხაროდ, მოგვიწევს თქვენ განცხადებას, იმასთან დაკავშირებით, რომ იდენტობის საქმიანობა ან მისი რომელიმე წევრის გამონათქვამი გახლდათ პროვოკაციული, რაც თქვენი უწმინდესობისავე თქმით, საქართველოში არეულობის შექმნას ემსახურებოდა, მივიჩნიოთ მიზანმიმართული სიცრუედ, რომელიც სახელმწიფოში ყველაზე მოწყვლადი ჯგუფის ინტერესების გამომხატველი ორგანიზაციის დემონიზებას ემსახურება.

 

გვსურს საზოგადოებას და მცხეთა-თბილისის კათედრას განვუმარტოთ, რატომ შეიძლება იყოს ასეთი ცხარე ლგბტ უფლებადამცველის მხრიდან საქართველოს საპატრიარქოს მისამართით გამოთქმული კრიტიკა. მიუხედავად იმისა, რომ ექსტრემისტულმა ძალებმა, რომელსაც თქვენ მადლობა გადაუხადეთ  "თანადგომისა" და "მხარდაჭერისთვის" ირაკლი ვაჭარაძის მიერ გაკეთებული განცხადება დაამახინჯეს, ჩვენ არ უარვყოფთ, რომ განცხადება გახლდათ მეტად მკაცრი თქვენი უწმინდესობის საშობაო ეპისტოლის მისამართით და ჰიპერბოლის ხერხით ცდილობდა აეხსნა, რატომ არ ეთანხმებოდა ქალების ფუნქციასთან დაკავშირებულ თქვენ ჰომილიას.

 

თქვენო უწმინდესობავ, თავშივე ცხადვყოფთ, რომ ჩვენ ვერ მოგთხოვთ წმიდა წერილის იმგვარ ეგზეგეზას, რომელიც მიუღებელი იქნება თქვენი რელიგიური მრწამსისთვის. მაგრამ განურჩევლად იმისა, მიიჩნევთ თუ არა ჰომოსექსუალურ აქტს ცოდვად, თქვენ, მრავალი უნივერსიტეტის საპატიო დოქტორს, უნდა გაგიჭირდეთ იმის უარყოფა, რომ ჰომოსექსუალი ადამიანები არ ირჩევენ თავიანთ ორიენტაციას. ჰომოსექსუალები იბადებიან ყველგან და არიან ყველგან, მათ შორის საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიაში და ვის თუ არა თქვენ, ადამიანს, რომელიც 37 წლის წინ აღსაყდრდა პირველიერარქის კათედრაზე, თქვენ, მრავალი აღსარების მსმენელს, ეს შესანიშნავად მოგეხსენებათ.

 

გაგაცნობთ მოკლე სტატისტიკას. ყოველი მესამე ჰომოსექსუალი საქართველოში ფიზიკური ძალადობის მსხვერპლი ხდება. განურჩევლად იმისა, აქვს მას სექსუალური კავშირი თუ არა. ჰომოსექსუალები და ბისექსუალები არიან დაცინვის, მასხრად აგდების, სისტემატური ბულინგის ქვეშ. მათ უწევთ დამალონ საკუთარი ორიენტაცია, დაქორწინდნენ, შეიმოსონ ანაფორა ან სისტემატურად დაესხან თავს მათივე პოპულაციის წარმომადგენლებს, იმისთვის, რომ არ მოხვდნენ ყველაზე უარეს სტატისტიკაში, სადაც ექსორია, ოსტრაკიზმი და ძალადობა ელით.

 

ჩვენი საქმიანობა, რომელიც მიმართულია ძალადობის წინააღმდეგ და წარმოადგენს ამ კატაკომბებში გაძევებული ჯგუფის უფლებების ადვოკატირებას, თქვენი მხრიდან სისტემატურად ხდება თავდასხმის ობიექტი. თქვენ ეწინააღმდეგებით ღიაობას, როცა ჩვენ სწორედ მას მივიჩნევთ პრობლემის მოგვარების ერთადერთ გზად. თქვენ ამბობთ, რომ ჰომოსექსუალობა ავადმყოფობაა, როცა მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაცია მესამე ათეული წელია საპირისპიროს ამტკიცებს. თქვენ ამბობთ, რომ ჰომოსექსუალებს არავინ დევნის – როცა ჩვენ ვიცნობთ ძალადობის მრავალ გაუხმაურებელ ფაქტს, რადგან, კვლავ ვიმეორებთ, ადამიანებს უჭირთ ხმამაღლა საუბარი საკუთარი ორიენტაციის შესახებ.

 

იდენტობის საქმიანობა ყოველთვის ემსახურებოდა რეალური პრობლემების მოგვარებას, მაგრამ სამწუხაროდ, თქვენი მხრიდან ის ყოველთვის აწყდებოდა მიზანმიმართულ ჩაგვრას. თქვენ აპელირებდით დემოგრაფიაზე, როცა ქვეყანაში ვერასდროს იქნება იმაზე მეტი ჰომოსექსუალი, ვიდრე ის იბადება. თქვენ აპელირებდით ცოდვის პროპაგანდაზე, როცა ჩვენ ვსაუბრობდით ძალადობაზე.

 

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის კუთვნილ ტაძრებს, ჯვარზე გაკრული ღმერთკაცის სიმბოლო ადგას გუმბათზე. ძალადობით, უსამართლოდ მოკლული იესო ნაზარეველის მიმდევრებს, თითქოს ძალადობის დაგმობა არ უნდა გაუჭირდეთ, მაგრამ ჩვენ მაინც ვხედავთ საქართველოს ეკლესიის ოფიციზიოზის მხრიდან ამგვარი ქცევის მაპროვოცირებელ მოქმედებებს.

 

თქვენო უწმინდესობავ, საქართველოს ეკლესიასა და სახელმწიფოს მიერ გაფორმებულ კონსტიტუციურ შეთანხმებაში წერია, რომ საქართველოს ეკლესიას სპეციალური უფლებამოსილების გარეშე, საეკლესიო კრების, თქვენი უნეტარესობის, წმიდა სინოდისა და საპატრიარქოს გარდა, წარმოადგენენ მაგალითად ქორეპისკოპოსი იაკობი და თქვენივე მდივანი. მღვდელმთავარი იაკობი თქვენი ვიკარი და მოადგილეა. სწორედ მან გაარღვია პოლიციის კორდონი და გამოედევნა ძალადობის წინააღმდეგ შეკრებილ მოქალაქეებს. მიუხედავად იმისა, რომ ძალადობა დაგმეთ, თქვენ არ გადაგიყენებიათ ხსენებული იერარქიული ადმინისტრაციული თანამდებობიდან, ის კვლავ აგრძელებს ჰომოსექსუალებისა თუ სხვა ჯგუფების მიმართ ზიზღისა და შუღლის გაღვივებას. ეს გვაფიქრებინებს, რომ სწორედ თქვენ გაეცით თავის დროზე მშვიდობიანი მოქალაქეების დარბევის სანქცია. თავად ის ფაქტი, რომ თქვენი გუშინდელი განცხადების შემდეგ, ექსტრემისტებმა ხელი აიღეს იდენტობის ოფისთან აქციის გამართვაზე, მოწმობს იმ განუზომელ ავტორიტეტზე, რომელიც თქვენ გაგაჩნიათ ამგვარი ჯგუფების შესაკავებლად. ისმის ლოგიკური კითხვა, რატომ არ შეაჩერეთ ეს რამდენიმე წლის წინ?

 

საქართველოს საპატრიარქოს ქცევისა და სახარებისეული მაქსიმების შედარება ჩვენს ამოცანას არ წარმოადგენს, თუმცა მაინც გვსურს გამოვთქვათ იმედი, რომ საქართველოს საპატრიარქო ყველაფერს გააკეთებს ძალადობის შესაჩერებლად, დაგმობს ჰომოსექსუალებზე, მათ შორის მართლმადიდებელ ჰომოსექსუალებზე, სისტემატურ ფსიქიკურ ძალადობასა და არც თუ იშვიათად, ფიზიკურ ძალადობას. ჩვენ გთხოვთ გამოიყენოთ თქვენი სასულიერო ავტორიტეტი, იმისთვის, რომ სასულიერო დასმა და მართლმადიდებელმა ქრისტიანებმა შეწყვიტონ ჰომოსექსუალთა დაცინვა, გაკიცხვა და საზოგადოებრივი ცხოვრებიდან გაძევება.

 

ეს გახლავთ პირველადი ამოცანა. ყველა მოძალადე მღვდელმთავარს კი ვუპასუხებთ მოციქულთა საქმეებში, პავლე მოციქულის სიტყვებით:

 

"პავლემ მზერა მიაპყრო საკრებულოს და თქვა: კაცნო, ძმანო, დღემდე წრფელი სინიდისით ვმოქალაქეობდი ღვთის წინაშე. მღვდელმთავარმა ანანიამ კი უბრძანა მის გვერდით მდგომთ თავ-პირი დაელურჯებინათ მისთვის. მაშინ პავლემ უთხრა მას: ღმერთი დაგალურჯებს შენ, თეთრად შეფეთქილო კედელო! აქ იმისთვის ზიხარ, რომ რჯულის თანახმად განმსაჯო და ურჯულოდ კი ბრძანებ ჩემს გვემას" (საქმეები 23; 1-3)", - აღნიშნულია განცხადებაში

 

12-01-2015, 10:41
უკან დაბრუნება