როდესაც ადამიანი დაინიშნება უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარედ, მას პოლიტიკასთან მიმართებაში სუფთა მდგომარეობა უნდა ჰქონდეს, - ამის შესახებ ჟურნალისტებს სასტუმრო "ქორთიარდ მარიოტში" უზენაესი სასამართლოს მოქმედმა თავმჯდომარემ, კონსტანტინე კუბლაშვილმა განუცხადა.
"კონკრეტულ კანდიდატურებზე შეფასებას ვერ გავაკეთებ, სანამ ეს საკითხი არ გადაწყდება. პოლიტიკური ბეგრაუნდი სავარაუდოდ არ უნდა ჰქონდეს კანდიდატს, თუმცა ისევე, როგორც ამერიკის შეერთებულ შტატებში ნაწილობრივ უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის დანიშვნა პოლიტიკური დანიშვნაა, რადგან პრეზიდენტი წარადგენს კანდიდატს და პარლამენტი ნიშნავს. მიუხედავად ამისა, ეს ხელს არ უშლის აშშ-ში თავმჯდომარეებს, რომ ძალიან პრიცნიპულები იყვნენ და ჩვენთანაც იგივე უნდა განხორციელდეს, მაგრამ ყველა შემთხვევაში ადამიანი როცა დაინიშნება, მას უნდა ჰქონდეს სუფთა მდგომარეობა პოლიტიკასთან მიმართებაში", - განაცხადა კონსტანტინე კუბლაშვილმა.
უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარემ ასევე განმარტა, რომ მისი უფლებამოსილების ამოწურვის შემთხვევაში არ არსებობს დადგენილი ვადები, რომელშიც ახალი თავმჯდომარე უნდა დაინიშნოს.
"ეს შეიძლება იყოს 1 კვირა, ან 2-3 თვე. ეს ყველაფერი მთლიანად დამოკიდებულია პრეზიდენტზე და პარლამენტზე", - განაცხადა კუბლაშვილმა.
"კონსულტაციები მქონდა სხვა თემაზე, კერძოდ, ორ ვაკანსიაზე, რომელიც ერთი წლისა და 8 თვის განმავლობაში შეუვსებელი იყო უზენაეს სასამართლოში. პრეზიდენტმა წარმოადგინა ორი კანდიდატი და ისინი დაინიშნენ", - განაცხადა კონსტანტინე კუბლაშვილმა.
უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის პოსტზე კონსტანტინე კუბლაშვილს უფლებამოსილების ვადა თებერვალში ეწურება.