ივერიონი / 23 თებერვალს მესამე ხელისუფლების ხელმძღვანელი პოსტი ვაკანტური ხდება

23 თებერვალს მესამე ხელისუფლების ხელმძღვანელი პოსტი ვაკანტური ხდება

   უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარესა და ქართული სიმართლის მესაფლავეს, კოტე კუბლაშვილს, საკონსტიტუციო ვადა 23 თებერვალს ეწურება. შესაბამისად, მესამე ხელისუფლების ხელმძღვანელი პოსტი ვაკანტური ხდება. ქვეყანაში უმნიშვნელოვანესი პროცესი იწყება, სამართლიანობის აღდგენა სწორედ იმ მოსამართლის ხელში გადადის, ვინც 10 წლით მთავარი მოსამართლის პოსტს დაიკავებს! კანდიდატურის დასახელებას კი პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი არ ჩქარობს, ქვეყნის მთავარი მოსამართლის შერჩევის პრინციპი "ქრონიკისთვის" უკვე ცნობილია: მთავარი მოსამართლის პოსტზე წარდგენილი კანდიდატი, ბოლო 5 წლის განმავლობაში პოლიტიკაში ჩართული არ უნდა იყოს და ის არ უნდა წარმოადგენდეს რომელიმე პოლიტიკური ძალის კუთვნილებას. სასამართლო ხელისუფლების ხელში ჩაგდებამ რა უბედურებაც მოუტანა ქვეყანას, ეს ყველამ ნახა, ამიტომაც ერთხელ უკვე ნანახი კინო აღარ უნდა განმეორდეს. ყველაფრის მიუხედავად "ნაციონალები" სასამართლო ხელისუფლების ხელში ჩასაგდებად იბრძვიან, ეს გასაკვირი ნამდვილად არ არის, რადგან სწორედ 23 თებერვლიდან იწყება მათი სამართლებრივი დევნის კალენდრის ათვლა. კულუარული ინფორმაციით, რამდენიმე დღის წინ, "ნაციონალების" და "რესპუბლიკელების" ფარული შეხვედრა გაიმართა, სადაც სწორედ  უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის ერთიანი კანდიდატურის გაყვანაზე იყო საუბარი და ამ პოსტზე ისინი გიორგი ჩხეიძის კანდიდატურას ლობირებენ. ფაქტობრივად, ლიბერალები წყვილდებიან სასამართლო ხელისუფლების ასაღებად. დიდი ხანია საუბარია, რომ "ნაციონალები" ემზადებიან რევოლუციისთვის და ხელისუფლების შტურმით აღებისთვის, ამ შემთხვევაში მნიშვნელოვანია, ვინ იჯდება უზენაეს სასამართლოს თავმჯდომარის პოსტზე. სწორედ ქვეყნის პირველ მოსამართლეზე იქნება დამოკიდებული, "გაუპრავებს" თუ არა რევანშისტებს რევოლუციით ხელში ჩაგდებულ ხელისუფლებას. ფაქტობრივად, ყველა საპარლამენტო სუბიექტი თანხმდება, რომ ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები არავის აწყობს, ლიბერალების სცენარის მიხედვით, ხელისუფლებაში დაბრუნების გზა არის 2016 წლის არჩევნების შედეგების გაპროტესტება და "გაყალბებული არჩევნების"  სახელით რევოლუციის მოწყობა, ამ ნაცადი ხერხის გამოყენებას კი სამართლებრივად "გამპრავებელი" სჭირდება, ამიტომაცაა, რომ თავებს იხოცავენ, უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეობაზე. დღეს წარმოდგენილ კანდიდატებს შორის, ყველაზე რეალურ კანდიდატად ლადო ჭანტურია სახელდება,რომელიც "ნაციონალების" ხელში მარიონეტი იყო. საზოგადოება ვერასოდეს დაივიწებს ჭანტურიას გაქცევას, მან მიატოვა ქვეყნის პირველი მოსამართლის თანამდებობა, გარიგებაში შევიდა "ნაციონალურ მოძრაობასთან" და ქვეყანა "ნაცმოძრაობას" შეატოვა. ჭანტურია რომ თავის ნებით არ გადამდგარიყო და პრინციპული პოზიცია დაეფიქსირებინა, შეიძლება არც ამდენი უსამართლო განაჩენი არ დამდგარიყო.

 

იურისტები თვლიან, რომ ლადო ჭანტუია არის უპრინციპო და უპასუხისმგებლო ადამიანი, რომელმაც ჯერ "ვარდების რევოლუცია" "გააპრავა", შემდეგ კი გაიქცა.

 

კონტროლის პალატის ყოფილი ხელმძღვანელი და ლადო ჭანტურიას თანაგუნდელი, სულხან მოლაშვილი ერთ დეტალს იხსენებს, როცა მასზე "ნაცმოძრაობამ" პოლიტიური დევნა დაიწყო და შეთითხნილი ბრალი წაუყენა, ლადო ჭანტურიასთან შევიდა და უთხრა, - ნახე, რა სამარცხვინო ბრალს მიყენებენ "ნაციონალები" , ლადო ჭანტურიას ბრალდებისთვის არც გადაუხედავს და ისე უთქვამს, - სულხან, ჯობია გაიქცე!.. სულხან მოლაშვილს სწორედ ლადო ჭანტურიას თავჯდომარეობის დროს შეეფარდა წინასწარი პატიმრობა, ხოლო სტრასბურგის სასამართლომ სულხან მოლაშვილის საქმეზე გადაწყვეტილება გამოიტანა - საქართველოში მოლაშვილი უკანონო პატიმარი იყო.

 

ლადო ჭანტურია კი გერმანიაში მოკალათდა, ლექციებს კითხულობდა და მისი ყოველთვიური შემოსავალი 9 000 ევრო იყო, სიჩუმის მონობაში გაატარა 9 წელი, მაშინ როცა ჩვენ გვირტყამდნენ, ძმებს, შვილებს გვიკლავდნენ... მე ვეკითხები  ლადო ჭანტურიას დღეს, რატომ გიკავიათ გერმანიაში საქართველოს სრულუფლებიანი ელჩის სტატუსი? რას აკეთებთ იმისთვის, რომ საქართველოს პროკურატურის მიერ ბრალდებულ და ძებნილ მიხეილ სააკაშვილზე გერმანიის ხელისუფლებას ჰქონდეს რეალური და სწორი ინფორმაცია? ბატონო ლადო, მიხეილ სააკაშვილი ინტენსიურად რომ ხვდება გერმანიის კანცლერს ანგელა მერკელს და საქართველოს ხელისუფლებას აბანძებს, ტყუილებს უყვება და ივანიშვილის მოყვანილ ხელისუფლებას კრემლის პროექტს უწოდებს, ერთი პრესკონფერენცია მაინც არ უნდა მოგეწყოთ ელჩს, რომელსაც ქვეყნის პირველი მოსამართლის პოსტი ასე ძალიან უნდა?!

 

მოდით, მოვლენებს თანმიმდევრულად მივყვეთ და განვიხილოთ, რა დაძაბულ ვითარებაში წარიმართება პროცესები. 2012 წელს 1-ლი ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, უზენაეს სასამართლოს თავმჯდომარის პოსტზე კანდიდატის გაყვანა ყველაზე დაძაბული იქნება და მით უმეტეს იმ ფონზე, როდესაც უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის კანდიდატურა პარლამენტს დასამტკიცებლად საქართველოს პრეზიდენტმა უნდა წარუდგინოს, რასაც კენჭი უნდა უყაროს პარლამენტმა და ეს მაშინ, როდესაც პრეზიდენტს, აღმასრულებელ ხელისუფლებასა და პარლამენტს შორის დაპირისპირება უამრავ საკითხზე საზოგადოების განსჯის საგანი არერთხელ გამხდარა. სიტუაციის გამწვავება ყველაზე მეტად სწორედ ამ დროისთვისაა მოსალოდნელი. თუ პრეზიდენტმა, პარლამენტმა და აღმასრულებელმა ხელისუფლებამ კონსენსუსს ვერ მიაღწიეს, საკითხი გაჭიანურდება. მაშინ უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის მოვალეობას მისი რომელიმე მოადგილე შეასრულებს, რაც იმას ნიშნავს, რომ სასამართლოში მდგომარეობა კიდევ უფრო უმართავი გახდება, არც ისაა გამორიცხული - იყვნენ ძალები, რომელთა ინტერესშიც შედიოდეს სასამართლო სისტემის დესტაბილიზაცია, რასაც არ შეიძლება არ მოჰყვეს დაძაბულობა.

 

კანდიდატების სავარაუდო სია კი ასეთია: კულუარებში უკვე სახელდება პირველი მოსამართლის სავარძლის მაძიებელი უამრავი კანდიდატურა. მათ შორის ქალბატონები: ევა გოცირიძე, (მინდია უგრეხელიძის მეუღლე), თინა ხიდაშელი ("ქრონიკის" ინფორმაციით, დავით უსუფაშვილს, ბიძინა ივანიშვილისთვის უთხოვია, ოღონდ თინას ოცნება აუსრულეთ, გაიყვანეთ უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარედ და მე პარლამენტის თავმჯდომარის პოსტს დავტოვებო, რაზეც ბიძინასგან უარი მიუღია), დავით უსუფაშვილი (ჩვენი ინფორმაციით, მას შემდეგ რაც ბიძინა ივანიშვილისგან ხიდაშელის საკითხზე უარი მიუღია, დავით უსუფაშვილს დაუწყია მთავარი მოსამართლის პოსტზე ფიქრი, მას ასეთი პარლამენტის თავმჯდომარეობა ტვირთად აწევს და ერთი სული აქვს, სადმე გადახტეს), ირინა იმერლიშვილი, ეკა ბესელია, (მიუხედავად ეკას ჟანა დარკობისა, კოალიციაში მასზე ამბობენ, რომ თავისი თავი ამოწურა). ამ პოსტზე ასევე სახელდებიან ბატონები: ლევან მურუსიძე, მერაბ ტურავა, ლადო ჭანტურია, ზაქარია ქუცნაშვილი, დავით მუმლაძე... რაღა თქმა უნდა, თავისი კანდიდატურა ჰყავს, "ნაციონალურ მოძრაობასაც". თუმცა, როგორც ჩვენთვის ცნობილია,  ისინი ვინაობის აფიშირებისგან ჯერაც თავშეკავებას არჩევენ და ფარულად ამზადებენ ხელსაყრელ ნიადაგს, როგორც ზემოთ აღვნიშნე, ესაა გიორგი ჩხეიძის კანდიდატურა, რომელსაც "ნაციონალური მოძრაობა", პრეზიდენტს წარუდგენს არა პირადად, არამედ "რესპუბლიკელების" ხელით.

 

საქართველოს პრეზიდენტი აპირებს, რომ უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის პოსტზე კანდიდატის დასახელება და პარლამენტისთვის მისი წარდგენა გამჭვირვალედ და ინსტიტუციურად წარმართოს (თუ, რა თქმა უნდა, დააოკებს ადმინისტრაციის უფროს პატარაიას ვნებებს, რომელზეც ამბობენ, რომ ძალიან უხეშად ერევა პრეზიდენტის საქმეები). ამჯერად, არ ვაპირებთ, ჩამოთვლილი კანდიდატურების კრიტიკას, მაგრამ, საზოგადოების ინტერესების გათვალისწინებით, უფლებას ვიტოვებთ, ნებისმიერ კანდიდატს დავუსვათ კითხვები, რომლებიც მათ მიმართ არსებობს.

 

დასახელებული კანდიდატებიდან საჯაროდ, ყველა უარყოფს ამ საკითხზე ხელისუფლებასთან კონსულტაციებს, რადგან პრემიერ ღარიბაშვილთან კონსულტაციაგავლილი კანდიდატი, დიდი ალბათობით, მიუღებელი იქნება პრეზიდენტ მარგველაშვილისთვის და, პირიქით, ამდენად, ისევ ჩნდება ჩიხი...

 

ახლა კი, ვნახოთ, ვინ ვის ლობირებს და ვინ ვის ხვდება:

 

"ოცნებიდან" გარკვეული ჯგუფი პირველი მოსამართლის თანამდებობაზე ლობირებდა ლევან მურუსიძეს (ამ კანდიდატის "მიღწევებზე" გაზეთი "კვირის ქრონიკა" კონკრეტულ ფაქტებზე დაყრდნობით წერდა, ბიძინა ივანიშვილი ძალიან განრისხებულია, როდესაც გაზეთში ლევან მურუსიძის ბეგრაუნდები წაუკითხავს და უყვირია, კი მაგრამ, ამ კაცზე ხელი როგორ ჩამომართმევინეთო?!), შესაბამისად, მურუსიძის კანდიდატურა, მისი ბეგრაუნდიდან გამომდინარე, მიუღებელია და მას არც პრემიერი ღარიბაშვილი და არც პრეზიდენტი მარგველაშვილი არ დაუშვებენ. მით უფრო, რომ მურუსიძის სამოსამართლო სინდისზე "დამოკლეს მახვილად" ჰკიდია სტრასბურგის ევროსასამართლოს ორი, მისთვის კატასტროფული, ტირანული დაკვეთით მიღებული არაადამიანური გადაწყვეტილება - სანდრო გირგვლიანისა და სულხან მოლაშვილის სისხლით მოსვრილი საქმეების სახით, რომლებიც ბატონ ლევანს, სრულიად მაღალი ალბათობით, შესაძლოა გლდანის იზოლატორში დაუმთავრდეს. სხვათა შორის, ლევან მურუსიძეს, "კვირის ქრონიკაში" გამოქვეყნებული მასალებისა და ბიძინა ივანიშვილის მწვავე რეაქციის შემდეგ უთქვამს, თავი დამანებეთ, არ მინდა მთავარი მოსამართლის სტატუსი, იუსტიციის საბჭოს მდივნობაც არ დამაკარგვინოთო... მას შემდეგ, რაც ლევან მურუსიძე ვამხილეთ და სკანდალური პერსპექტივის მქონე აღმოჩნდა, დაიწყო სხვა პერსონალიების ძიება. არ დაიბნენ "მრავალჭირნახული" ბიზნესისა და პოლიტელიტის, საამსაქმოდ ხელგაწაფული ჯგუფები და სამოსამართლო ასპარეზზე იუსტიციის საბჭოს ყოფილი მდივნის (რომლის თავმჯდომარე იმ დროს პრეზიდენტი ედუარდ შევარდნაძე გახლდათ და შესაბამისად, მთელი სამოსამართლო, სარეფორმო ორომტრიალი მდივანს ჰქონდა მინდობილი) და უზენაესი სასამართლოს ყოფილი თავმჯდომარის, ლადო ჭანტურიას კანდიდატურა "შეაგდეს". გერმანიაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის თანამდებობამირთმეულმა ლადო ჭანტურიამ, ახალი წლის წინა დღეებში, კონსულტაციები უკვე გაიარა პრემიერ ირაკლი ღარიბაშვილთან, მისი კაბინეტიდან ჭანტურია გამოსული არ იყო, რომ დაინტერესებულმა მხარემ პრემიერთან მისი ვიზიტის შესახებ, ინფორმაცია იცოდა.

 

ახლა კი მოგახსენებთ, იმ ვერსიებს, რა სცენარი მზადდება ლადო ჭანტურიას კანდიდატურის ჩავარდნის შემთხვევაში. "ნაციონალური მოძრაობის" სახე და "გამპრავებელი", ივანე მერაბიშვილისგან კაპიტნობამირთმეული ეკა გიგაური დაასახელებს საია-ს თავმჯდომარის გიორგი ჩხეიძის კანდიდატურას, რომელსაც მხარს "რესპუბლიკელებიც" დაუჭერენ. ალბათ, იკითხავთ, რა შუაშია გიგაური? შეგახსენებთ, რომ პრეზიდენტი სამართლის დარგში მომუშავე პროფესორებისგან, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებისგან და მოქმედი იურისტებისგან ქმნის საბჭოს, სადაც მოხდება მთავარი მოსამართლის კანდიდატების განხილვა. გიორგი ჩხეიძის კანდიდატურის "გაწბილების" შემთხვევაში კი საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარე, ზაზა ხატიაშვილი, ხელებზე ბორკილების შებმით, დაასახელებს პრეზიდენტყოფილი სააკაშვილის ნდობით აღჭურვილი პირის, საზოგადოებისთვის არაფრით ცნობილი ადვოკატის დავით ასათიანის კანდიდატურას, აქვეა გამზადებული დავით მუმლაძის კანდიდატურაც.

 

და მაინც, გეტყვით, რომ წარმოდგენილ კანდიდატებს შორის, ლიდერობს ლადო ჭანტურია, კულუარებში გვიმტკიცებენ, რომ მიუხედავად ლადოს მინუსებისა, ის მაინც ყველაზე სიმპათიურად გამოიყურება, თანაც მას ბოლო ხუთი წლის მანძილზე პოლიტიკაში მონაწილეობა არ მიუღიაო. უცნაურია მთავარი მოსამართლის შერჩევის ეს პრინციპი, რადგან სწორედ ამ პერიოდში ქვეყანამ  ისეთი პოლიტიკური კატაკლიზმები გამოიარა, რომ შეუძლებელია, თუ პატრიოტი ხარ და შენი ქვეყნის გულშემატკივარი, ბუჩქებში დაიმალო და არ გააპროტესტო ის ტირანია, რაც იყო... სხვათა შორის, საბერძნეთის ისტორიას ახსოვს მომენტი, როდესაც ქვეყანა გაუგონარ განსაცდელში იყო და პოლიტიკოსებმა სწორედ ამ პრინციპით დაიწყეს თანამდებობის პირთა შერჩევა, რასაც მოჰყვა ადამიანთა პროტესტი, თუკი ბოლო 5 წელი არ იყო პოლიტიკაში ჩართული პირი, ეს ნიშნავს, რომ ეგუებოდა ტირანიას და ჩვენ მას საკუთარ ბედს არ ვანდობთო!

 

ერთი სიტყვით, რადგან საკითხის აქტუალობამ პიკს მიაღწია და საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეობის კანდიდატის შერჩევის პროცედურა მახინჯ ფორმებს იძენს, წარმოდეგნილ კანდიდატებს შორის პირველსა და რეალურ კანდიდატს ლადო ჭანტურიას ვიწვევთ პოლემიკაში, იმდენად, რამდენადაც იგი "ვარდების რევოლუციის" დროს იყო "მოლაპარაკებათა" ღერძი და რუს ემისარ ივანოვთან ერთად, პრეზიდენტ ედუარდ შევარდნაძეს "სახლში წასვლის" გადაწყვეტილება მიაღებინა, რითაც დაიწყო კიდეც "ნაციონალ" მოძარლადეთა 9-წლიანი ბატონობის შავბნელი ეპოპეა.

 

მაშ ასე, ბატონო ლადო, გთხოვთ უპასუხოთ საქართველოს საზოგადოებას: რატომ და როგორ მოხდა, რომ "ვარდების რევოლუციის" შემდეგ პროპორციული სიით არჩეული დეპუტაციის თაობაზე, თქვენ იტვირთეთ საკონსტიტუციო სასამართლოს უფლებამოსილება და მიიღეთ (თუ მიგაღებინეს) დაუსაბუთებელი და ცალმხრივი გადაწყვეტილება, რითაც განსჯადობის პრინციპის უხეშად დარღვევით ლეგიტიმური გახადეთ "ვარდების რევოლუციის" აბრით, ფაქტობრივად, ხელისუფლების ძალადობრივი გზით დამხობის ფაქტი; ხომ არ თვლით, რომ ამით თქვენ გადაამეტეთ თქვენს სამსახურებრივ უფლებამოსილებას და ჩაიდინეთ სისხლის სამართლის კანონით გათვალისწინებული დასჯადი ქმედება, რისთვისაც უნდა დაგეკისროთ სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა?! საქართველოს პირველმა მოსამართლემ, "ნაციონალური მოძრაობის" ანტიკონსტიტუციურ ქმედებას, უხეში კანონდარღვევით მოუძებნეთ და მიეცით სამართლებრივი ფორმა, რითაც თვალი აუხვიეთ საერთაშორისო თანამეგობრობას, თითქოსდა, ისინი ხალხის ნებით, "კანონიერად" იყვნენ ხელისუფლებაში მოსული. თვლით თუ არა, რომ ამ უკანონო და უპრინციპო გადაწყვეტილების გამოტანისგან თავშეკავების შემთხვევაში თქვენ შეგეძლოთ, გადაგერჩინათ ქვეყანა იმ საშინელებისგან, რასაც "მოყვა "ნაციონალური მოძრაობის" ხელისუფლებაში მოსვლის დაკანონება და, იღებთ  თუ არა თქვენ ამ ქმედებაზე პასუხისმგებლობას?! ბატონო ლადო, გთხოვთ აუხსნათ საზოგადოებას "ნაცმოძრაობის" უკანონობის "გამპრავებელი"  გადაწყვეტილების გამოტანა ვინმემ გაიძულოთ თუ რაიმე გარიგება მოხდა თქვენსა და "ნაციონალურ მოძრაობას" შორის და, ვინ იყო ის კონკრეტული პირი, ვინც ამ თემებზე თქვენთან მოლაპარაკებებს აწარმოებდა? რა გაკავშირებთ რუსეთის ფედერაციის ყოფილ საგარეო საქმეთა მინისტრ ივანოვთან და ინარჩუნებთ თუ არა მასთან საქმიან კავშირ-ურთიერთობას?! ამ უკანონო გადაწყვეტილების მიღების გასამრჯელო ხომ არ იყო ის, რომ ვითომდა, თქვენი ხმაურიანი გადადგომის შემდეგ, ხელისუფლების გადატრიალებით გაპრეზიდენტებული სააკაშვილის მრჩევლის საპატიო თანამდებობა, ხელშეუხებლობის გარანტია მოგეცათ?! რამაც საზოგადოების გაკვირვება და გარკვეულწილად, პროტესტიც კი გამოიწვია... ბატონო ლადო, მთავარი მოსამართლის იმუნიტეტის გამო, თქვენ ვერ მოგხსნიდნენ, მაშ თქვენი ნებით რატომ გადადექით? რატომ შეატოვეთ ხელში თქვენი სამოსამართლო კორპუსი ტირანიას - თუ გიფიქრიათ ამაზე?! რა, შეგეშინდათ? გადადგომის შემდეგ, თქვენ მიერ დაკომპლექტებულ სასამართლოში "ნაციონალებმა" ქვა ქვაზე არ დატოვეს, მოადგილე (პროფესორი მერაბ ტურავა), კინაღამ დაგიჭირეს, 20-ზე მეტი მოსამართლე დაგიპატიმრეს, პრინციპული მოსამართლეები და სასამართლო მოხელები განგიდევნეს (მათ შორის, საერთო სასამართლოების დეპარტამენტის თავმჯდომარე, პროფესორი მერაბ ახობაძე დააპატიმრეს და საპყრობილეში ტანჯვასა და წამებაში, ლამის სული ამოხადეს, რამდენიმე მოსამრთლემ ვერ გაუძლო რეპრესიას და მოკვდა) და, ამ დროს თქვენ გერმანიაში იყავით უსაფრთხოდ და ამ საშინელებებზე, როგორც ყოფილმა პირველმა მოსამართლემ თუნდაც ერთხელ, რაიმე რეაგირება თუ მოახდინეთ და ხმა თუ აიმაღლეთ(?!). და რატომ მოიქეცით ასე. იმიტომ ხომ არა, რომ ნაციონალების" თამაში ბოლომდე ითამაშეთ. სხვა თუ არაფერი, როგორც სამოქალაქო სამართლის დარგის დოქტორს, გევალებოდათ თუ არა, ხმა ამოგეღოთ, სასამართლო სისტემაში, 2005 წელს, თითქოსდა რეორგანიზაციის აბრით განხორციელებულ, ე.წ. "რეფორმის" სიმახინჯეზე, რითაც პრაქტიკულად, განადგურდა საქართველოს სამოსამართლო კორპუსი, ფეხქვეშ გაითელა მოსამართლეთა უფლებები და სასამართლო იქცა პროკურატურის სანოტარო ფუნქციის მქონე, მარბეველ უწყებად. ან თუნდაც, თქვენ, როგორც სწავლულ მეცნიერსა და სამართლის დოქტორს, გევალებოდათ თუ არა განგაშის ზარის დარისხება. ე.წ. "გაიდლაინების" შემოღების გამო, რითაც მატერიალური და საპროცესო კანონი ჩანაცვლდა ბოკერია-ადეიშვილის ცირკულარებით, ხოლო მოსამართლეს მთლიანად წაერთვა სამოსამართლო უფლებამოსილება. თქვენ ხომ იცოდით ყოველივე ამის შესახებ და, რატომ დუმდით, რატომ? უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის მაღალ პოსტზე თქვენს დანიშვნაში, შემთხვევით, იმან ხომ არ ითამაშა უდიდესი როლი, რომ თქვენ შევარდნაძის მარჯვენა ხელის, უშიშროების საბჭოს მდივნის, ცხონებული ნუგზარ საჯაიას გაზრდილი და კარის მეზობელი იყავით წალენჯიხის რაიონის სოფელ ჯვარიდან და მას პატრონაჟის ქვეშ ჰყავდით, სხვათა შორის, თქვენ არც ბატონ ნუგზარ საჯაიას მკვლელობასა თუ თვითმკვლელობამდე მიყვანაზე ამოგიღიათ ხმა, არადა მახსოვს, ნუგზარ საჯაია თავის გამოზრდილ კადრებს, როგორ პატრონობდა. ყველას მიმართ და ყველაფერზე პათოლოგიური დუმილი თქვენი აპრობირებული მდგომარეობა ხომ არაა საკუთარი ტყავის გადასარჩენად, მაშინაც კი, როცა დუმილი დანაშაულის ტოლფასი შეიძლება აღმოჩნდეს, ბატონო ლადო... უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის პოსტზე, მეორედ მოსვლა რომ შემოგთავაზეს, გიფიქრიათ, გაქცევისა და თქვენი შემდგომი დუმილის მსხვერპლ კოლეგებთან შეხვედრაზე, - მერაბ ახობაძეს, მერაბ ტურავას, მურმან ისაევს, ნინო გვენეტაძეს, თამარ ლალიაშვილს, უკანონოდ დაჭერილ 20-ზე მეტ მოსამართლეს, დევნილად ქცეულ ასობით მოსამართლეს როგორ უნდა ჩახედოთ თვალებში? გაქვთ კი ამის მორალური უფლება?!.  და საერთოდ, რას ეტყვით ქართველ ხალხს, ქონებაწართმეულს თუ "ყვარყვარეს დილეგებში" გამოტარებულ ასობით ათას ადამიანს, წამებით სულამოხდილთა ოჯახებს. ყველაფერი ეს ხომ, ისევ და ისევ, თქვენი გაქცევისა და შემდგომში "ნაცებისადმი" სოლიდარული დუმილის შედეგია, ტირანიას შეატოვეთ სასამართლო და სამართალი. ჰო, მართლა, ამის გამო ქართველ ხალხს ბოდიში მოუხადეთ? ემისრები, რომლებიც, ჯერჯერობით კულუარულად, თქვენს მობრუნებას "შანსავენ" და ამის გამო სახელისუფლებო კაბინეტებს ატალახებენ, დაბეჯითებით ავრცელებენ ხმებს იმის შესახებ, რომ თქვენ კარგი მენეჯერი იყავით და ამჟამადაც შეძლებთ არეული სასამართლო სისტემის დალაგებას. რაში გამოიხატება თქვენი მენეჯერული ტალანტი? გარდა ძველი მოსამართლეების გაყრისა, გააკეთეთ კი რამე? ვეჭვობ, რომ ჩამონათვალში გაიჭედებით და იცით, რატომ? გახსოვთ, ადმინისტრაციული კომიტეტის მიერ სასამართლოებში ჩატარებული შემოწმებების შედეგად კატასტროფული  დარღვევები გამოვლინდა, რაც ტომებად დაიწყო თქვენს სამუშაო მაგიდაზე, თუმცა რეაგირება არ მოჰყოლია და მიიჩქმალა. მოგიწევთ გვიპასუხოთ, რატომ მოხდა თქვენი მხრიდან ამ დარღვევების იგნორირება?! იმიტომ ხომ არა, რომ დაგეფარათ თქვენი უნიათობა და სუსტი მენეჯმენტი. ან კიდევ, რატომ დაიწყო თქვენი სისტემიდან წასვლის შემდეგ, საბიუჯეტო სახსრებით რეაბილიტირებულმა შენობებმა ნგრევა. აკი, სასამართლოების სარემონტო-სამშენებლო სამუშაოები თქვენი პირადი კონტროლით ხორციელდებოდა. ხომ არ მიანიშნებს ეს ყველაფერი, სულ მცირე, თქვენს მენეჯერულ სისუსტეზე, თუ სხვა რამ, უფრო მძიმე მოვლენა არაა ამის განმაპირობებელი. რატომ არ ინტერესდებოდით, რაში იხარჯებოდა მიზნობრივი დანიშნულების სახელმწიფო საბიუჯეტო თანხები?! როცა თქვენი მენეჯერობის იმედი აქვს ხელისუფლებაში ვიღაცას, მას შევახსენებ, რომ დოქტორ ლადოს, იმაზე მეტ ტვირთს ნუ აჰკიდებთ, რისი ზიდვის უკანალიც მას არ გააჩნია, თორემ კიდევ დაიჩოქებს ის აქლემი, ოღონდ ახლა უკვე თქვენს კარზე და დოქტორი ლადო გაქცეული იქნება! ახლა ვკითხოთ ლადოს, რატომ მართავდა სასამართლოს ლაქუცებით და ინტრიგებით? თქვენს დროს, სასამართლო ფარული ინტრიგებით იყო მოცული და თავმჯდომარეობაზე ხელჩართული ბრძოლებიც კი იყო გაჩაღებული. ამის მაგალითად ფოთის სასამართლოც იკმარებდა. ცნობილია, რომ თქვენს ინტერესში შედიოდა სასამართლოებში ე.წ. "მოენეების", ანუ "შპიონების" ჩანერგვა, რითაც სასამართლო კორპუსის გათითოკაცებას, უნდობლობის ჩამოგდებასა და მის გარყვნას ჩაუყარეთ საფუძველი. ეს "ნაციონალებს" მოეწონათ, აიტაცეს და ამაგიც დაგიფასეს. რაო, ბატონო ლადო, ვაჭარბებთ, რამეს?! თუ ვაჭარბებთ, მაშინ აუხსენით ხალხს, თუ კარგად იყო სისტემა მართული, როგორ მოხდა, რომ თქვენი თავმჯდომარეობის პერიოდში, თქვენს მიერ ხელდასმულმა მოსამართლემ, მთვრალ მდგომარეობაში, კაბინეტში ჩაცხრილა თქვენივე მეგობარი, აწ გასვენებული, გლდანის რაიონული სასამართლოს თავმჯდომარე, ბატონი ზურაბ რუხაძე?! დავუშვათ, ყველა ზემოაღნიშნული შეკითხვა თუ შენიშვნა არის ტენდენციური, როგორ მოხდა, რომ თქვენ მიერ მართულმა სასამართლო უწყებამ დაუშვა აჭარის სასამართლოს მსჯავრდებულის, თენგიზ ასანიძის საქმე, რომელიც სტრასბურგის ევროსასამართლოს ძალისმევით, 10-წლიანი უკანონო პატიმრობის შემდეგ, გამართლდა; სტრასბურგის ევროსასამართლომ ასევე გაამართლა და უკანონო პატიმრად აღიარა თქვენივე წევრი და თანამებრძოლი (მხედველობაში გვაქვს იუსტიციის საბჭო, რომლის თავმჯდომარეც თქვენ ბრძანდებოდით მაშინ) სულხან მოლაშვილი, რომლის მიმართაც, ორივე ინსტანციის სასამართლომ, სახელმწიფოს სახელით განხორციელებული ფსევდომართლმსაჯულებით, პრაქტიკულად მოახდინა შუასაუკუნოვანი ვენდეტა და ლინჩი. ამით ხომ თქვენ და თავკვეთის განმახორციელებელი ჯალათი - ლევან მურუსიძის სახით, ერთ ჭრილში განიხილებით. ნუთუ არ გიფიქრიათ ამაზე?!. ნუთუ კოლეგისა და მეგობრის მიმართ სიბრალულის გრძნობა არ გაგიჩნდათ? კარგით, დავუშვათ, ეს ყველაფერი მეორეხარისხოვანი იყო თქვენთვის, აი, წამებით სულამოხდილი სანდრო გირგვლიანის დედის, ირინა ენუქიძის გოდებამ მაინც როგორ არ შემოაღწია თქვენს სულში, პროტესტის გრძნობა რომ გაგჩენოდათ და ხმა ამოგეღოთ?! ამბობენ, რომ კარგი ლექტორი ხართ, ბევრი სამეცნიერო ნაშრომის ავტორი, მაგრამ იმასაც ამბობენ, რომ თქვენი მეცნიერული ნაშრომები საეჭვო ვითარებაში იწერებოდა, პლაგიატობაში დაგედოთ ბრალი და, ხომ არ აპირებთ ამ საკითხზეც განმარტების მიცემას?! უფლებადამცველი მამუკა ნოზაძე სააგენტო" ფორ.გე"-სთან საუბარში აცხადებს, რომ თქვენ მენეჯერული თვისებები ნაკლებად გაქვთ, რომ უზენაეს სასამართლოში თქვენი თავმჯდომარეობის დროს, ფაქტობრივად, ანარქია იყო და ეს არ იყო სამართლიანი სასამართლო, რომ თქვენ დროს, მოსამართლეებს როგორც სისხლის, ისე სამოქალაქო სამართლის საქმეებზე გამოჰქონდათ შერჩევითი გადაწყვეტილებები. ეს რომ საფუძველს  არაა მოკლებული, ამაში ზემომოყვანილი ფაქტებიც გვარწმუნებენ. ახლა მთავარია, რა კონტრარგუმენტებს დაუდებთ საზოგადოებას, თუმცა მთავარი სათქმელი წინაა, პრეზიდენტყოფილ, აწ უკვე ძებნილ სააკაშვილთან ერთად; 1998-99 წლების სასამართლო რეფორმის საწყისებთან ბრძანდებოდით. მოსამართლეთა პირველი, საშემოდგომო, საკონკურსო ღონისძიება პრაქტიკულად ჩაგივარდათ, რადგან მხოლოდ ათიოდე კონკურსანტმა შეძლო საკვალიფიკაციო ბარიერის გადალახვა. კრახი რომ დაგემალათ, თქვენ და სააკაშვილმა, დანარჩენ 25 კონკურსანტს, ხელოვნურად აუწიეთ ქულების რაოდენობა და რეფორმის დამფინანსებელი სახელმწიფოს - ამერიკის ელჩს, დაუდეთ შედეგები - თითქოსდა, 35 თუ 38 კონკურსანტის გამარჯვების შესახებ. ამით გადაირჩინეთ იმიჯი, თუმცა სამოსამართლო კარიერისკენ მწვანე შუქი აუნთეთ არაერთ უღირს კანდიდატს. პირველი რაუნდის წარმატებულ "მიფუჩეჩებამ" ზედმეტად გაგათამამათ და მომდევნო წლის საგაზაფხულო, საატესტაციო ღონისძიებაზე, თქვენ და სააკაშვილმა, პრაქტიკულად, აუქციონი გამართეთ, რის გამოც ტესტირების ეტაპმა უაზროდ მაღალი 90-100-ქულიანი შედეგები დადო. ამან დააეჭვა ამერიკის ელჩი და მეორე, წერითი ეტაპის წინ, რამდენიმე საათით ადრე, შეგაცვლევინათ საგამოცდო საკითხები . ამის შედეგად, მაღალ ქულებზე ტესტირებაგავლილი კანდიდატები, წერით რაუნდზე ჩაცვივდნენ და გამსვლელი ქულების მინიმალური ოდენობა სანახევროდაც ვერ მოაგროვეს. ეს დოკუმენტები ახლაც იქნება, თუკი შეგნებულად არაა განადგურებული. ეს ისე, უბრალოდ შეგახსენეთ, რომ თქვენი და სააკაშვილის ტანდემი, მეტად შორსგამიზნული ზრახვებით, წინასწარ ამზადებდით სამოსამართლო კორპუსს, რათა საჭირო შემთხვევაში გემართათ იგი სასურველი მიმართულებით. თქვენი ეს წინდახედულება გამართლებული აღმოჩნდა და როგორც კი პრეზიდენტი ედუარდ შევარდნაძე სახლში გაუშვით, თქვენი და ივანოვის ძალისხმევით, სახელმწიფო გადატრიალებასა და "ნაციონალების" ხელისუფლებაში მოსვლას, უკანონობის დამკანონებელი სასამართლო აქტით შეუქმენით სამართლებრივი საფუძველი. სწორედ ეს გახლდათ ნაციონალების წისქვილზე დასხმული წყალი და ამ პოსტზე თქვენი პირველი მოსვლის ფაქტობრივი შედეგი. რაც შეეხება მეორედ თქვენი მოსვლის, თუ მოყვანის მიზანს, უკანასკნელი რამდენიმე თვე "ნაცლიდერები" და მათ შორის პრეზიდენტყოფილი სააკაშვილი, იმუქრებიან ხელისუფლებაში მობრუნებით, რისთვისაც მათ უკანონობის "გამპრავებელი" სასამართლო დასჭირდებათ. ამ საქმეში კი თქვენზე სანდო და გამოცდილ კადრს ვერც მოიხელთებენ. ამისთვის სჭირდებათ "ნაციონალებს" თქვენი მეორედ მოსვლა და ამითაა განპირობებული მათი კულუარული ფუსფუსი. მიზნის მიღწევის შემთხვევში კი თქვენ იგივე ბედი გელოდებათ, რაც პირველი მოსვლის შემდეგ.

 

 

 

 

წყარო:  "კვირის ქრონიკა"

 

12-01-2015, 17:24
უკან დაბრუნება