ეტყობა, პარიზს სიკვდილის არ სჯერა-მილიონნახევრიანმა ერთიანობის მარშმა მხოლოდ ორთქლის გამოშვების ფუნქცია შეასრულა და ცოტა მაინც დაამშვიდა შოკში მყოფი მსოფლიო საზოგადოება, რომ ანტიტერორისტულ ღონისძიებებს გააქტიურებენ და ტერორისტებს საკადრის პასუხს გასცემენ!
არადა, ანტიტერორისტული ღონისძიებების "გამკაცრებას" ათასწილად სჯობს კანონით დარეგულირდეს ჟურნალისტთა საქმიანობა, რომ პატივი სცენ სხვადასხვა რელიგიური კონფესიების წარმომადგენელთა სიწმინდეებს და მათ რელიგიურ მრწამსს.
თუმცა, "შარლი ებდოს" რედაქციის ცოცხლად გადარჩენილთა ახალი გამოწვევა გვაფიქრებინებს, რომ ამ ახირების უკან სხვა, უფრო ბინძური და მსოფლიო საზოგადოებისთვის საშიში ელემენტი იმალება.
სხვანაირად როგორ შეიძლება შეფასდეს კარიკატურული ჟურნალის წარმომადგენლის განცხადება, რომ ჟურნალის შემდეგი ნომერი 3 მილიონი ტირაჟით გამოვა და პირველ გვერდზე გამოტანილი იქნება მუჰამედის კარიკატურა წარწერით "მე ვარ ჩარლი!"
შეიძლება ვივარაუდოთ, რომ ეს არ არის მხოლოდ კონკრეტული ადამიანების ( ვგულისხმობთ ჟურნალის რედაქციას) ახირება - ამ სახიფათო გამოწვევის უკან საშიში ძალები დგანან, რომლებიც მსოფლიოს რელიგიური ომისკენ მიაქანებენ!