უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის პოსტზე კანდიდატად ლადო ჭანტურიას შესაძლო დასახელების საკითხს ექსპერტი კავკასიის საკითხებში მამუკა არეშიძე, საინფორმაციო-ანალიტიკურ პორტალ "კვირას" პრესკლუბში გამოეხმაურა. არეშიძემ საზოგადოებასა და ხელისუფლებას წლების წინ ლადო ჭანტურიას უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეობის დროს დაშვებული შეცდომები შეახსენა.
"როდესაც ლადო ჭანტურია იყო უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე, არჩევნების ის შედეგები დამტკიცდა, რომელიც "ნაციონალურ მოძრაობას" აწყობდა. მოხდა სრულიად პარადოქსული რამ, ლადო ჭანტურიამ, როგორც უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარემ დაამტკიცა არჩევნების შედეგები, რომლის მსგავსიც მსოფლიოში ალბათ არსად მომხდარა, ვითომ გაყალბების გამო არჩევნები დაინიშნა მხოლოდ პროპორციული სისტემით. როგორც ირკვევა, თურმე მაჟორიტარები არ გაყალბებულა და გაყალბდა მხოლოდ პროპორციული. ეს ნონსენსია. ასეთი პიროვნება კი დღეს ისევ უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეობის კანდიდატია. როგორც ჩანს, მას ხელისუფლების გარკვეული წევრები ლობირებენ",- განაცხადა მამუკა არეშიძემ.