თამაზ ჭაღალაძისგან განსაკუთრებული საფრთხე მოსალოდნელი არ არის, თუმცა, ზოგადად, საფრთხე ტერორიზმის კუთხით არსებობს. აღნიშნული განცხადებით ექსპერტი კავკასიის საკითხებში მამუკა არეშიძე, საინფორმაციო-ანალიტიკურ პორტალ "კვირას" პრესკლუბში ბათუმელი რადიკალი მუსლიმის თამაზ ჭაღალიძის მუქარას გამოეხმაურა.
"უშუალოდ საქართველოს მოსახლეობას საფრთხე ჯერჯერობით არ ემუქრება, მაგრამ არ არის გამორიცხული, რომ საფრთხე საქართველოში არსებულ უცხო ქვეყნების საელჩოებს, მათ თანამშრომლებს და საერთაშორისო ორგანიზაციის წარმომადგენლობებს დაემუქროს. შემდგომში, ისლამური ხალიფატის დამარცხების ან გამარჯვების შემთხვევაშიც, აუცილებლად გახდება სამიზნე ჯერ შუა აზია და შემდეგ კავკასია. ეს ხალიფატის ხელმძღვანელობის მხრიდან გაცხადებულიც იყო და მოვლენათა განვითარების ლოგიკაც ამასვე გვკარნახობს",- განაცხადა მამუკა არეშიძემ.
შეგახსენებთ, რომ ბათუმელმა რადიკალმა მუსლიმმა, 27 წლის თამაზ ჭაღალიძემ, იგივე აჰმედ ჭაღალიძემ, რომელიც სირიაშია და საბრძოლო მოქმედებებში მონაწილეობს, საქართველოში მცხოვრებ ქრისტიანებს და სამღვდელოებას მუქარის წერილით მიმართა.