საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, დავით უსუფაშვილმა რიყის პარკში, ლიტველი და ქართველი ერების ერთობის დღის ფარგლებში, ლიტვის 200-მეტრიანი დროში გაშლის ცერემონიაში მიიღო მონაწილეობა.
"ძალიან ბევრს საქართველოში კარგად ახსოვს, 1991 წლის 13 იანვარი. დღე როდესაც ჩვენმა ლიტველმა მეგობრებმა საკუთარ თავზე იწვნიეს ის, რაც ჩვენ ორი წლით ადრე 1989 წლის 9 აპრილს ვნახეთ. ლიტველი ხალხი ბოროტების იმპერიის მორიგი მსხვერპლი აღმოჩნდა. ორივე ხალხმა გავიღეთ მსხვერპლი იმისთვის, რომ ჩვენი ხალხებიც, საბჭოთა კავშირში შემავალი სხვა ერებიც და კიდევ ძალიან ბევრი ხალხი მსოფლიოში თავისუფლებას ზიარებოდა. დღევანდელი დღე, დროშისადმი პატივისცემის ცერემონიალი, ძალიან სიმბოლური აქტია. ქართველები კიდევ ერთხელ ვუცხადებთ სოლიდარობას ლიტველებს, ჩვენს ძმებს, მეგობრებს თავისუფლებისთვის ბრძოლაში. ასეთ დღეებში ჩვენ ყველაზე კარგად უნდა გავიაზროთ ის, რომ ქართველები მხოლოდ 5 მილიონი არ ვართ. ასეთ დღეებში საკუთარ თავს უნდა მივათვალოთ 2 მილიონი ლიტველი, 2 მილიონი ესტონელი, 3 მილიონი ლატვიელი და ა.შ. ჩვენ ძალიან ბევრნი ვართ, ის ხალხი რომლებიც ერთად ვიბრძვით თავისუფლებისთვის და დამოუკიდებლობისთვის", - განაცხადა უსუფაშვილმა.
13 იანვარს ლიტვა თავისუფლების დამცველთა დღეს აღნიშნავს. 1991 წლის 12-13 იანვარს საბჭოთა ომონის რაზმმა რადიო-ტელევიზიის კომიტეტის შენობა და ვილნიუსში ტელევიზიის ანძა დაიკავა.