ივერიონი / აკოფ ბადალიანი: დასავლეთი საქართველოს რუსეთს მსხვერპლად არ შესწირავს

აკოფ ბადალიანი: დასავლეთი საქართველოს რუსეთს მსხვერპლად არ შესწირავს

საქართველოსა და ევროკავშირის ურთიერთობა ერთგვარ მორევში აღმოჩნდა, განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც თანამდებობიდან ყველაზე მთავარი ქართველი ევროატლანტიკური ინტეგრატორი ირაკლი ალასანია გადააყენეს. მას სხვა მედასავლეთე მინისტრების გადადგომაც მოჰყვა. დასავლეთში, კერძოდ, აშშ-ში ამ ფაქტმა შეშფოთება გამოიწვია: სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელმა განაცხადა, რომ სასურველია საქართველომ ევროატლანტიკურ კურსიდან არ გადაუხვიოსო.


მოგვიანებით ირაკლი ღარიბაშვილი ბრიუსელს გაემგზავრა და იქაური დასავლელი ლიდერები საქართველოს ძველებურად ერთგულ დამოკიდებულებაში დაარწმუნა. თუ იმის მიხედვით ვიმსჯელებთ, რომ ბოლო ხანს არც ვაშინგტონში და არც ბრიუსელში რაიმე შეშფოთება აღარავინ გამოხატავს, გამოდის, რომ საქართველოს მთავრობაში მომხდარი „პერეტურბაციები“ საგარეო ორიენტაციაზე არ მოქმედებს, განსაკუთრებით დღევანდელი ქართული ხელისუფლების რუსეთთან ლოიალურ დამოკიდებულებაზე.


პრინციპში, ამაში უცნაურიც არაფერი არაა, რადგან რუსეთის მიმართ თბილისის პოლიტიკა იგივე დარჩა, როგორიც მთავრობაში ცვლილებამდეც იყო: მხოლოდ ეკონომიკური კავშირების გაფართოება, ნეგატიური დამოკიდებულება აფხაზეთთან და სამხრეთ ოსეთთან დადებული თუ დასადები ხელშეკრულებების გამო. გარდა ამისა, აშკარაა, რომ მიხეილ სააკაშვილის პერიოდისაგან განსხვავებით, საქართვლოს ხელისუფლების რიტორიკა რუსეთის მიმართ კვლავაც შედარებით რბილი რჩება, თუმცა, რასაკვირველია, ამ შემთხვევაში ერთი ნიუანსი არსებობს: მიხეილ სააკაშვილმა თავისი ამოცანა უკვე შეასრულა, საქართველო რუსეთის სივრცეს ცამოაშორა ისე, რომ ახლა მხოლოდ მოსკოვ-თბილისის განსაზღვრულ ურთიერთობებზეა საუბარი და არა იმაზე, რომ საქართველო რუსულ ორბიტას დაუბრუნდება.


დღეს საქართველოს რუსეთისადმი ზომიერი დამოკიდებულება აქვს. შესაბამისად, ეს ურთიერთობების ისეთი დისტანციაა, რომელიც თბილისს დასავლეთმა შესთავაზა.


უკრაინის მოვლენებმა მსოფლიოში ბევრი რამ შეცვალა, უპირველესად კი დასავლეთი დარწმუნდა, თუ რა შეუძლია რუსეთს. ვაშინგტონსა და ბრიუსელში დაინახეს, რომ უკრაინული ცეცხლი შეიძლება სამხრეთ კავკასიასაც გადმოწვდეს. დასავლეთი გრძნობს, რომ შესაძლებელია რუსეთმა კავკასიაშიც საკითხები უკრაინულის მსგავსად, ანუ სამხედრო მეთოდებით  გადაწყვიტოს. მართალია, სამხრეთ კავკასიაში, ალბათ, უფრო რთული იქნება, ვიდრე უკრაინაში, ამიტომაც ჯერ-ჯერობით რუსეთი ინიციატივას არ იჩენს. ამასთან, კავკასიაში მიმდინარე ფუნდამენტურმა ცვლილებებმა (იგულისხმება საგარეოპოლიტიკური ორიენტირების გამკვეთრება) და გამოწვევებმა შესაძლოა რუსეთს სამოქმედოდ ხელ-ფეხი გაუხსნას.

 

შესაბამისად, კრემლი ვა-ბანკზე წასვლას არ დააყოვნებს. ამ შემთხვევაში პრიორიტეტულ სამიზნედ არა მხოლოდ არცახი (მთიანი ყარაბაღი) იქნება, არამედ საქართველოც. თბილისი, დასავლეთის თანხმობით, ცდილობს, რომ რუსეთთან ურთიერთობა შეარბილოს და ამით პროვოკაციები თავიდან აიცილოს. აშკარაა, რომ კავკასიაში დასავლეთი ისეთ ტაქტიკაზე გადავიდა, რომელიც რუსეთის განერვიულება-გაღიზიანებას არ ითვალისწინებს.

«Lragir» (სომხეთი), 13 იანვარი, 2015 წელი
http://www.lragir.am/index/rus/0/comments/view/40117

14-01-2015, 18:03
უკან დაბრუნება