2014 წელს საქართველოში ნავთობპროდუქტების (ბენზინი და დიზელის საწვავი) იმპორტმა შეადგინა 903,5 ათასი ტონა, რაც 47,6 ათასი ტონით ანუ 5.3%-ით აღემატება 2013 წლის იმპორტის მაჩვენებელს. მათ შორის, 2014 წელს ბენზინის საწვავის იმპორტმა შეადგინა 373,9 ათასი ტონა (2,6 ათასი ტონით ნაკლები წინა წლის მაჩვენებელთან შედარებით), ხოლო დიზელის საწვავის იმპორტმა - 529,6 ათასი ტონა (50,2 ათასი ტონით მეტი 2013 წლის მაჩვენებელთან შედარებით).
საწვავის კატეგორიების მიხედვით 2014 წელს საქართველოში ბენზინის საწვავის იმპორტმა შეადგინა: A-91 რეგულარი მარკის ბენზინი - 245,4 ათასი ტონა ანუ 65,6%; A-95 პრემიუმი მარკის ბენზინი - 119,7 ათასი ტონა ანუ 32,0%, A-98 სუპერი მარკის ბენზინი - 8,8 ათასი ტონა ანუ 2,4%. ხოლო დიზელის საწვავის იმპორტმა შეადგინა: 50PPM (ევრო დიზელი) - 166,9 ათასი ტონა ანუ 31,5%, L-62 დიზელის საწვავი - 362,5 ათასი ტონა ანუ 68,5%.
ქვეყნების მიხედვით 2014 წელს ბენზინისა და დიზელის საწვავის იმპორტის ყველაზე დიდი მოცულობა განხორციელდა რუმინეთიდან - 302,6 ათასი ტონა, რაც მთელი იმპორტის 33,5%-ს შეადგენს. შემდეგ მოდიან: აზერბაიჯანი - 239,7 ათასი ტონა - 26,5 %; ბულგარეთი - 139,0 ათასი ტონა - 15,4%; საბერძნეთი - 99,1 ათასი ტონა- 11,0 %; რუსეთი - 51,9 ათასი - 5,7%, თურქმენეთი - 47,4 ათასი ტონა - 5,2%, ისრაელი - 23,7 ათასი ტონა ანუ 2,6% და სხვ.
რაც შეეხება გასული წლის დეკემბრის თვეს, ნავთობპროდუქტების (ბენზინი და დიზელის საწვავი) იმპორტმა შეადგინა 106,9 ათასი ტონა, რაც 37,1 ათასი ტონით აღემატება ნოემბრის თვის მაჩვენებელს. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ დეკემბრის თვეში განხორციელდა იმპორტის ყველაზე დიდი მოცულობა მთელი წლის განმავლობაში. მათ შორის, დეკემბრის თვეში ბენზინის საწვავის იმპორტმა შეადგინა 38,4 ათასი ტონა, ხოლო დიზელის საწვავის იმპორტმა - 68,5 ათასი ტონა.
2014 წელს საქართველოში იმპორტირებულ იქნა 77,2 ათასი ტონა სანავთობო ბიტუმი, რაც 5,7 ათასი ტონით აღემატება 2013 წლის ანალოგიურ მაჩვენებელს. აქედან უმეტესი წილი - 93,4 % განხორციელდა ირანის ისლამური რესპუბლიკიდან. გასული წლის დეკემბრის თვეში სანავთობო ბიტუმის იმპორტმა შეადგინა 7,5 ათასი ტონა, რაც 1,3 ათასი ტონით აღემატება ნოემბრის თვის მაჩვენებელს.
2014 წლის განმავლობაში საქართველოში საცხებ-საპოხი მასალების იმპორტმა შეადგინა 17,0 ათასი ტონა, რაც 1,8 ათასი ტონით აღემატება 2013 წლის მაჩვენებელს. მათ შორის, დეკემბრის თვეში საცხებ-საპოხი მასალების იმპორტმა შეადგინა 1,2 ათასი ტონა.
2014 წელს საქართველოში საავიაციო ნავთის იმპორტმა შეადგინა 78,2 ათასი ტონა, რაც 10,3 ათასი ტონით ნაკლებია 2013 წლის მაჩვენებელთან შედარებით. მათ შორის, დეკემბრის თვეში საავიაციო ნავთის იმპორტმა შეადგინა 12,3 ათასი ტონა.