ივერიონი / რატომ გადაკიდეს ერთმანეთს „გამიჯნულები“ და „გასამიჯნები“?!

რატომ გადაკიდეს ერთმანეთს „გამიჯნულები“ და „გასამიჯნები“?!

ვემიჯნებით „მასწავლებელთა დისციპლინური წარმოების წესის” შესახებ ბრძანების კრიტიკას, ვემიჯნებით სახელფასო ანაზღაურების მატების მოთხოვნას, ვემიჯნებით ნეპოტიზმის გაპროტესტებას, ვემიჯნებით პედაგოგთა შეურაცხყოფის დაგმობას.... ვემიჯნებით...


თურმე, მასწავლებელთა ”რაღაც ნაწილი” ასეც ფიქრობს. თურმე ყველაფერი აწყობილი ყოფილა საათივით და წინ მთელი შემართებით მიდის განათლების სისტემა მინისტრ სანიკიძის მედროშეობით!


მაგრამ, ასე ფიქრობენ კი? ფიქრობენ თუ...


როდესაც 32-ე საჯარო სკოლის ერთი ჯგუფის საკმაოდ ზომიერი კრიტიკა გამოქვეყნდა ”ნეთგაზეთით” მასწავლებლებზე სახდელების ცენტრალიზებული წესის შემოღებას რომ ეხებოდა, ვიფიქრე, ეგ არის და დაიძრა აისბერგი, თითო-ოროლა ”ურჩს” აგერ ერთი სკოლის პედკოლექტივიც კი შემოგვიერთდა და მეც მარტო აღარ ვიქნები მეთქი. მაგრამ ნაადრევი აღმოჩნდა ეგ სიხარული... ეშმაკი რომ არ იძინებს კი ვიცოდი, მაგრამ თურმე თამარ სანიკიძესაც არ სძინავს თავის უწყებიანად. ყოველ შემთხვევაში, ”ცხელი” კერის გამოჩენისას მაინც...


აი, ჩვენი სამწუხარო რეალობა: ერთი სკოლის პედაგოგთა ერთი ჯგუფი აკრიტიკებს სამინისტროს სადამსჯელო ”დეკრეტს’, მეორე კი კრიტიკის ”არ გაზიარებით” როდი შემოიფარგლება. ასე რბილად რომ იყოს საქმე, რა უჭირს. შეიძლება არ იზიარებდეს ადამიანი შენს პოზიციას, მერე რა მოხდა? არა, საქმე წერილის გამიჯვნამდე მიდის და თან ეს ხელმოწერით დასტურდება!


ბრავო განათლების სამინისტროს, ბრავო! ტრიუკიც ამას ქვია! წესით, ტრიუკები ცირკის არენას არ უნდა გაცდენოდა, მაგრამ, რაშიც პროფესიონალია მინისტრი, იმას ”მენეჯმენტშიც”  წარმატებით იყენებს და ვერაფერს იტყვი.


რა შუაშია სამინისტრო?


შუაში კი არა თავშია და ამას ცოტა მერე ვიტყვი, მანამდე არ შემიძლია ერთგვარი რევერანსული დავით არ მივმართო კოლეგებს. რა ვქნა, ბოლომდე არ მემეტებიან საკრიტიკოდ, მაინც მასწავლებლები არიან. ვაღიარებ, რომ ჩემ წინაშე დილემაა, რადგან ორივე მხარეს კოლეგები არიან - ”გამიჯნულებშიც” და ”გასამიჯნებშიც”. მაგრამ, ”მოყვარეს პირში უძრახეს” მეთოდს მივმართავ. იმედია, ”გამიჯნულები” მომიტევებენ ორიოდე კრიტიკულ შეკითხვას, სინამდვილეში ისინიც ხომ ისევე ფიქრობენ, როგორც მე და დანარჩენი:


ვის ემიჯნებით, ხალხო? კოლეგებს? თანამშრომლებს? მთელი დღეები და თვეები გვერდი-გვერდ რომ უნდა იმუშაოთ, მათ?  როგორ მოაწერეთ ხელი ”გამიჯნვის” დოკუმენტს? ზეწოლა თუ იყო, როგორ არ ატეხეთ განგაში, ამას რას გვიბედავთო? დირექტორის ხათრი თუ გქონდათ, სხვაგვარად დაგეცვათ ის ადამიანი, თუნდაც იმით, რომ ან მას როგორ გაუბედეს ზემდგომებმა დატუქსვა?


მეც მაქვს ინფორმაცია, რომ ზეწოლა იყო, რომ, სავარაუდოდ, ნების საწინააღმდეგოდ მოგაწერინეს ხელი ”გამიჯნულებს”,  მაგრამ ეს ნეტავ კი ამსუბუქებდეს თქვენს მდგომარეობას! რაც თქვენ სასარგებლოდ მეტყველებს, იმაზე წერილის ბოლოს ვიტყვი.


ახლა კი მოდი და ნუ გაახმაურებ ინფორმაციას, თუ რატომ და როგორ მოაწერინეს ხელი 51 მასწავლებელს. დიდი დაკვირვება არ უნდა იმას, რომ მოვლენების განვითარებას და თავად ”გამიჯნვის” ტექსტსაც კარგად ეტყობა, რომ ის ნაკარნახევია ”ზემოთ”, იქ, საიდანაც დიდი ხანია დაწყებულია ”თევზის აყროლების” პროცესი.


აი, ჩემ ხელთ არსებული ინფორმაცია: როდესაც სკოლის ერთმა ჯგუფმა გააკრიტიკა სამინისტროს ახლადგამომცხვარი სადამსჯელო ბრძანების ტექსტი და ამით ერთგვარი სამძიმარი გამოუცხადა დანარჩენ პედაგოგებს (ისე, რა ძნელი გადასატანია, ადამიანი რომ შენგან სიტყვიერ ნუგეშს არ მიიღებს), სამინისტროს მაღალჩინოსნებს უმალ დაუბარებიათ 32-ე სკოლის დირექტორი და  დაუტუქსავთ, და თან როგორ! დატუქსვას რა უჭირდა, საქმის სასწრაფო მოგვარებაც დაევალა. გამოქვეყნებულ წერილს რაღა ეშველებოდა. რედაქციას ხომ არ დააბრალებდნენ? ჰოდა, უნდა შერჩეულიყო წერილის ავტორებში ყველაზე აქტიური და მხოლოდ მას უნდა დაბრალებოდა ეს აყალ-მაყალი. მხოლოდ ერთ პედაგოგს! მერე სანიკიძეს, როგორც ჩვევია, ხომ უნდა ემართლებინა თავი: ერთი-ორი პედაგოგი დაუპირისპირდა ახალ რეგულაციებს, თორემ ყველა დანარჩენი აღფრთოვანებული და სიხარულით აღსავსენი არიანო.


აი, როგორი მეთოდებით მუშაობს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო? გეცნოთ? გაგახსენდათ შევარდანაძისა და მით უფრო სააკაშვილის ეპოქა? ხედავთ ცვლილებას?


მაგრამ სამინისტროს გეგმამ არ გაამართლა, მარტო ერთ პედაგოგზე ხელის შეწმენდა ვერ მოხერხდა და მე არ შემიძლია არ მივესალმო იმ პედაგოგთა გამბედაობას, რომლებმაც ასეთი ”ღალატი” ითაკილეს! ასეთი პედაგოგების წინაშე არც არასდროს გამოუვა სამინისტროს ჩინოვნიკებს თავიანთი ბინძური თამაშები.


საინტერესოა ისიც, რომ ძალიან კარგად ეტყობა ”სამინისტროს ხელწერა ”გამიჯვნის ტექსტს. მომკალით და დამარწმუნეთ, რომე ეს რამდენიმე წინადადება, რომელიმე ხელმომწერმა მასწავლებელმა თავისი სურვილით შეადგინა? თუმცა, მასში ისიც ჩანს, რომ არის მცდელობა ”არც მწვადი დაიწვას და არც შამფური”. პედაგოგები პირდაპირ არ უარყოფენ არ ვიზიარებთ კოლეგების კრიტიკასო, ინფორმირებული არ ვიყავით თუ ქვეყნდებოდა ან გამოქვეყნდა და წერილს მხოლოდ ამიტომ ვემიჯნებითო. აი, ეს პოზიციაც გულწრფელად მომწონს და სწორედ ამგვარი ”სვლა” იძლევა საფუძველს საიმისოდ, რომ ერთ კონკრეტულ სკოლაში არ ჩამოვარდეს შუღლი, ურტიერთმტრობა და დაპირისპირება არ დაიწყოს, ანუ არ მოხდეს ის, რაც ასე ძალუმად სურს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს. მე უმორჩილესად მოვუწოდებდი 32-ე სკოლის პედქოლექტივს,  მაქსიმალურად ეცადონ ერთიანობისა და  კოლეგიალობის  შენარჩუნებას. განათლების სამინისტროს კი ვურჩევ და კატეგორიულად ვთხოვ: დაასრულოს ბინძური, ავტორიტარული მეთოდების გამოყენება.


P.S.„მასწავლებელთა დისციპლინური წარმოების წესი” იმის საშუალებას იძლევა, რომ ჩემი ეს წერილი ჩემს წინააღმდეგ დისციპლინარული სახდელის დასადებად გამოდგეს. ამისთვის საკმარისია სამინისტრომ მავანნი ”წნეხში” გაატარონ, მერე მათ შეუძლიათ მიმართონ ჩემი სკოლის დისციპლინარულ კომიტეტს და მოითხოვონ ჩემი დასჯა. ჰოდა, აბა, ველოდები ამ პროცესსაც!

დავით ფერაძე,
116-ე საჯარო სკოლის პედაგოგი,
პედაგოგთა საკოორდინაციო ცენტრის ხელმძღვანელი

15-01-2015, 15:07
უკან დაბრუნება