საქართველოს პრეზიდენტსა და არასამთავრობო სექტორს შორის 2-საათიანი შეხვედრა დასრულდა. შეხვედრაზე არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა პრეზიდენტს მიაწოდეს მათი ხედვა, თუ რა კრიტერიუმებს უნდა აკმაყოფილებდეს უზენაესი სასამართლოს თავჯდომარე.
გიორგი მარგველაშვილთან შეხვედრის დროს არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა პრეზიდენტს მოუწოდეს, შეიქმნას დროებითი მრჩეველთა საბჭო, რომელიც თავდაპირველად იმ კრიტერიუმებს ჩამოაყალიბებს, რასაც კოტე კუბლაშვილის შემცვლელი უნდა აკმაყოფილებდეს. შემდეგ კი კანდიდატურებზე იმსჯელებს.
არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები აცხადებენ, რომ საბჭოში არცერთი პოლიტიკური პარტიის წარმომადგენელი არ უნდა შევიდეს.
სამოქალაქო სექტორის შეთავაზებაზე დღეს გიორგი მარგველაშვილს საბოლოო პოზიცია არ დაუფიქსირებია. პრეზიდენტმა რამდენიმე დღე ითხოვა გადაწყვეტილების მისაღებად.
ამასთან, პრეზიდენტი მზადყოფნას გამოთქვამს, შეხვედრები გამართოს პოლიტიკურ ძალებთან და მიიღოს ინფორმაცია მათგან, თუ რა კრიტერიუმებს უნდა აკმაყოფილებდეს მომავალი უზენაესი სასამართლოს თავჯდომარე.
უზენაესი სასამართლოს მოქმედ თავმჯდომარეს უფლებამოსილების ვადა თებერვალში ეწურება. თავმჯდომარეობის კანდიდატურა პრეზიდენტმა დასამტკიცებლად პარლამენტს უნდა წარუდგინოს.