უფლებადამცველი და არასამთავრობო ორგანიზაციათა კოალიციის "თქვენი უფლებებისათვის" სპიკერი გიორგი თევზაძე ყოფილიპატიმრის ვაჰაგან ჩახალიანთან დაკავშირებულ მედია–საშუალებებში გავრცელებულ ინფორმაციას გამოეხმაურა და ხელისუფლებას საკითხით დაინტერესებისკენ მოუწოდა.
"მედიაში გავრცელებულ განცახდებაში აღნიშნულია, რომ უკვე მრავალი წლის განმავლობაში საზოგადოების ყურადღების საგანს წარმოადგენს ვახაგან ჩაჰალიანის საქმიანობა, კანონიერების თვალსაზრისით, თუმცა გაურკვეველი მიზეზებით დღემდე არ, ან ვერ ხერხდება ამ საკითხის შესწავლა სამართალდამცავი ორგანოების მხრიდან, ყოველ შემთხვევაში საზოგადოება არ ფლობს შესაბამის ინფორმაციას. რა თქმა უნდა საკითხის დრამატიზების საფუძველი არ არსებობს, რადგან საუბარია მცირე ჯგუფზე, თუმცა აუცილებელია, სახელმწიფოს და საზოგადოების უსაფრთხოებასთან დაკავშირებული არც ერთი საეჭვო ფაქტი არ დარჩეს სამართალდამცავი უწყებების მხრიდან სათანადო რეაგირების გარეშე. ბოლო დღეებში გავრცელდა ინფორმაცია, რომლის თანახმად ჩაჰალიანი რეგიონში არეულობას გეგმავს. მას უკვე შეკრებილი ჰყავს 60-70 კაციანი შეიარაღებული დაჯგუფება. ასეთ დროს ხელისუფლების პირდაპირი მოვალეობა და პასუხისმგებლობაა, საქართველოს მიმართ არაკეთილმოსურნე ჯგუფების, მათ შორის, ორგანიზაცია "ჯავახქის" საქმიანობის შესწავლა კანონთან მიმართებაში რომლის წევრსაც საზოგადოებაში გავრცელებული ინფორმაციით წარმოადგენს ვაჰაგან ჩახალიანი. როგორც სჩანს საქართველოში და მის ფარგლებს გარეთ მუდმივად მოქმედებენ გარკვეული პირთა მცირე ჯგუფები, რომელთა მიზანმიმართული განცხადებები საფრთხეს უქმნის საზოგადოებრივ წესრიგს და სახელმწიფო უსაფრთხოების ამოცანებს. ეს პირველი შემთხვევა არაა და ისიც რეალობაა, რომ ეს ჯგუფები აქტიურდებიან ხელისუფლების პასიურობის პროპორციულად. სამწუხაროდ, ასევე რეაგირების გარეშე იქნა დატოვებული ჩვენი განცხადებები სამართალდამცავი ორგანოების მიმართ, სადაც ვთხოვდით ამ ჯგუფების შესაძლო კანონსაწინააღმდეგო ქმედებების შესწავლას. ვიმედოვნებთ, რომ ხელისუფლება ეხლა მაინც დროულად და ადეკვატურად განახორციელებს ვაჰაგან ჩახალიანის და მასთან დაკავშირებული პირების საქმიანობის შესწავლას და მათი უკანონო გეგმების აღკვეთით თუკი ასეთი გამოიკვეთა რაც ხელს შეუწყობს ქართულ–სომხური მეგობრული ურთიერთობების გამყარებას", – აღნიშნულია უფლებადამცველისა და არასამთავრობო ორგანიზაციათა კოალიციის "თქვენი უფლებებისათვის" სპიკერის გიორგი თევზაძის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.