საქართველოს სახალხო დამცველი უჩა ნანუაშვილი პრეზდენტ გიორგი მარგველაშვილის ინიციატივას, 2015 წლის ქალთა წლად გამოცხადების შესახებ, მიესალმება.
"მივესალმები და ვუერთდები პრეზიდენტის მნიშნელოვან ინიციატივას, რომელიც 2015 წლის ქალთა წლად გამოცხადებას ითვალისწინებს. უკანასკნელ პერიოდში განვითარებულმა მოვლენებმა, რაც ქალთა მკვლელობების 20–ზე მეტ შემთხვევას უკავშირდება, კიდევ ერთხელ დაგვანახა ქალთა უფლებების დაცვის კუთხით სახელმწიფოს მხრიდან გასატარებელი ზომების აუცილებლობა. ქალთა უფლებრივი მდგომარეობის გაუმჯობესებისაკენ გადადგმული არაერთი ნაბიჯის მიუხედავად, გენდერული თანასწორობის მიღწევა კვლავ მნიშვნელოვან გამოწვევად რჩება" - აღნიშნულია სახალხო დაცველის ვებგვერდზე გამოქვეყნებულ უჩა ნანუაშვილის მიმართვაში.
"ეს ინიციატივა კიდევ უფრო გააძლიერებს საზოგადოების ინტერესს და წინ წამოწევს საკითხის მნიშვნელობას. მნიშვნელოვანია სიმბოლურ დატვირთვასთან ერთად 2015 წელი იყოს ქალთა უფლებრივი მდგომარეობის რეალური გაუმჯობესების წელი. უნდა ვიზრუნოთ, რომ შემცირდეს ქალთა მიმართ ძალადობის ფაქტები, გაიზარდოს ქალთა მონაწილეობა გადაწყვეტილების მიღების პროცესებში, გაუმჯობესდეს შრომითი უფლებები, ხელმისაწვდომობა სერვისებთან.
ვიმედოვნებ, რომ პრეზიდენტის ეს ინიციატივა დადებით ზეგავლენას მოახდენს ქალთა უფლებების დაცვის სფეროში და მნიშნელოვანი ცვლილებების მასტიმულირებელი აღმოჩნდება, ყველა სახელმწიფო სტრუქტურა სათანადო მნიშვნელობას მიანიჭებს მას და ყოველდღიურ პროცესებში გაიზიარებს" - აღნიშნავს უჩა ნანუაშვილი.