ივერიონი / დავით წიქარიშვილი: საქართველოში აუცილებლად უნდა გაიმართოს "ნიუნბერგის პროცესი"!

დავით წიქარიშვილი: საქართველოში აუცილებლად უნდა გაიმართოს "ნიუნბერგის პროცესი"!

ახალმა ხელისუფლებამ განათლების მინისტრად გიორგი მარგველაშვილი დანიშნა. წესით, მას მოუწევს იმ შეცდომებისა და დანაშაულებრივ გადაწყვეტილებათა აღმოფხვრა, რაც ამ სფეროში გაატარეს "ვარდების ხელისუფლების" მინისტრებმა და დღეს აღარავისთვის არ არის უცნობი, რომ ისინი "თავისუფლების ინსტიტუტის" მიერ იმართებოდნენ და ამ ულტრალიბერალური ორგანიზაციის რეკომენდაციებით ცდილობდნენ განათლების სისტემის რეფორმირებას, რამაც ეს სისტემა სრულიად დაამახინჯა და ლამის კატასტროფის პირას მიიყვანა.


გიორგი მარგველაშვილს განათლების სისტემაში ბევრი რამის გამოსწორება მოუწევს. შეძლებს თუ არა ის ამ მძიმე ტვირთის ტარებას და რა ნოვაციები უნდა განახორციელოს მან განათლების სფეროში, ამ და სხვა საკითხებზე "ივერიონს" განათლების პროფკავშირების "ერთობის" ერთ-ერთი ლიდერი დავით წიქარიშვილი ესაუბრება.


_ ბატონო დავით, ახალ მინისტრს თავდაყირა დაყენებულ ქართულ საგანმანათლებლო სისტემაში უამრავი რამის გამოსწორება მოუწევს. როგორ ფიქრობთ, საიდან უნდა დაიწყოს?


_ პირველი: ხალხის შეკვეთა ის არის, რომ საგანმანათლებლო სისტემაში მოხდეს არა კოსმეტიკური, არამედ რეალური ცვლილებები. პირველ რიგში, უნდა გავარკვიოთ, რა გვინდა. უნდა გავიაზროთ, თბილისში რომ ახალგაზრდა სკოლას ამთავრებს, მისი კონკურენტები არიან არა ქუთაისში, თელავსა და ზუგდიდში, არამედ პარიზში, ნიუ-იორკში და ტოკიოში... აქედან უნდა ამოვიდეთ. ჩვენი მიზანი უნდა იყოს ქართული განათლების სისტემის იმ დონეზე აყვანა, რომ ჩვენმა სკოლადამთავრებულებმა კონკურენცია გაუწიოს "ბოლონიის პროცესის" მონაწილე ევროპული ქვეყნებისა და ამერიკის უმაღლეს სასწავლებლების სტუდენტებს. სამწუხაროდ, დღეს ზოგადგანათლებამიღებული ქართველი ბავშვები ამ მოთხოვნებს ვერ აკმაყოფილებენ. თუ ვინმე მიდის უცხოეთში სასწავლებლად, მათ მოსამზადებლად ოჯახები სოლიდურ თანხებს იხდიან რეპეტიტორებთან. ეს მოთხოვნები ცხადია, უმაღლეს სასწავლებლებსაც ეხება, მაგრამ მოდით, ამჯერად, სასკოლო განათლების სფეროთი შემოვიფარგლოთ.
მეორე: თავში ვთქვი, რომ ხალხი ითხოვს რეალურ და არა კოსმეტიკურ ცვლილებებს განათლების სისტემაში. ჯერჯერობით, ბევრ კითხვის ნიშანს ბადებს შეფასების ეროვნული ცენტრის პრემიერ-მინისტრის დაქვემდებარებაში გადასვლა. მე ვერ გავიგე, რატომ არ უნდა დაქვემდებარებოდა ეს უწყება განათლების სამინისტროს? რეალურად, ჩვენ ორი სამინისტრო გვაქვს _ თავად განათლების სამინისტრო და შეფასების ეროვნული ცენტრი პრემიერის პატრონაჟით. შეფასების ცენტრი მნიშვნელოვანი და მრავლის განმსაზღვრელი უწყებაა, ის განათლების სისტემის ქვაკუთხედია. გამოდის, რომ ახალმა მინისტრმა მის გარშემო უნდა ააშენოს სისტემის დანარჩენი ნაწილი. ეს, ჩემი აზრით, არ იყო სწორი. განათლების სამინისტროს უნდა დაქვემდებარებოდა მაია მიმინოშვილის უწყება. მომავალში, შესაძლოა, გარკვეული დაპირისპირება წარმოიშვას სამინისტროსა და შეფასების ცენტრს შორის და ვერ გავიგე, ამას აქედანვე რატომ ჩაუყარეს საფუძველი?


მესამე საკითხია საკადრო პოლიტიკა. განათლების სამინისტროში, სკოლის დირექტორებად და სკოლებში სხვადასხვა თანამდებობებზე დანიშნული არიან სრულიად ოდიოზური პიროვნებები. სკოლებში მრავლად არიან ადამიანები, რომელთაც რაღაც-რაღაცების მენეჯერები ჰქვიათ და სერიოზული სახეებით დააბიჯებენ. რეალურად კი ეს ხალხი უშიშროების და პოლიციის მიერ არიან იქ ჩანერგილნი, ან "ნაციონალური მოძრაობის" მიერ არიან შეგზავნილი პედაგოგთა კონტროლისთვის.


_ სკოლები ასეთი ხალხისგან უნდა გაიწმინდოს, აქ არაფერია საკამათო...


_ კი, ვინც უშიშროების აგენტია, ის უნდა წავიდეს სკოლიდან, მაგრამ სკოლებში  არიან ადამიანები, რომლებიც იძულებულნი იყვნენ, რაღაც ფორმით ეთანაშმრომლათ, დავუშვათ, პოლიციასთან, მათ შორის, მაღალი კვალიფიკაციის პროფესიონალებიც არიან. ისინი არიან სისტემის მსხვერპლნი. ერთი ხელის მოსმით სკოლიდან ყველას გაყრა მართებული არ იქნება. "თავისუფლების ინსტიტუტის" ის კადრები, ხშირ შემთხვევაში, დირექტორებსაც კი აკონტროლებდნენ, ცხადია, უნდა წავიდნენ სკოლებიდან, მაგრამ მაინც ძალზე ფაქიზად უნდა მივუდგეთ საკადრო პოლიტიკას, ნაბანს ბავშვი არ უნდა გადავაყოლოთ.


_ სკოლებში "უცხო სხეულების" ჩანერგვა, ჯერ კიდევ, კახა ლომაიას მინისტრობის დროს დაიწყო. ბევრი ასეთი ადამიანი ახლა სტაჟიანი პედაგოგია, ზოგი კი _ დირექტორი.


_ თავად კახა ლომაია იყო "უცხო სხეული" ქართული განათლების სისტემისთვის. ის იყო პირველი განათლების მინისტრი საქართველოში, რომელსაც არანაირი აკადემიური სამეცნიერო წოდება არ გააჩნდა. მინისტრის პოსტი არ არის ჯილდო რაღაც დამსახურებისთვის, ეს უპირველესად უდიდესი პასუხისმგებლობაა და ეს "ვარდების რევოლუციის" არც ერთ მინისტრს არ ესმოდა.


_ ლომაიამ ისიც კი არ იცოდა, როგორ იწერებოდა სიტყვა "ბავშვი". ამის შემდეგ რომელ პასუხისმგებლობაზეა ლაპარაკი?


_ მით უმეტეს. შემთხვევითი ხალხით გაივსო განათლების სფერო _ მინისტრიდან დაწყებული, პედაგოგით დამთავრებული. ამიტომაც მიიყვანეს ეს სისტემა კატასტროფამდე.


_ მოდით, ისიც ვთქვათ, რამდენი პროფესიონალი პედაგოგი, სკოლის დირექტორი გაყარეს უბოდიშოდ სკოლიდან, მათ შორის, პოლიტიკური ნიშნით. ახალმა მინისტრმა ეს ხალხი არ უნდა დააბრუნოს სკოლებში?


_ უნდა დააბრუნოს! ბევრი იმის გამო გაუშვეს სკოლიდან, ოპოზიციის მიტინგებზე რომ დადიოდნენ. მაია მიმინოშვილი გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელობიდან იმიტომ გაანთავისუფლეს, რომ მისი შვილი "ქართული ოცნების" მიტინგზე იყო. მიმინოშვილის შემთხვევაში ეს შეცდომა გამოსწორდა, მაგრამ, რა დააშავა იმ ათეულობით პედაგოგმა ამავე მიზეზით რომ დაითხოვეს სკოლებიდან? ისინიც უნდა დააბრუნონ. რეალურად, ეს იყო რეპრესიები და ჩვენ, უპირველესად, ეს რეპრესიები უნდა შევაფასოთ. გერმანია მეორე მსოფლიო ომის და ფაშიზმის დამარცხების შემდეგ უდემოკრატიულეს ქვეყნად იქცა. ამაში უდიდესი როლი ნიურბერგის პროცესმა ითამაშა...


_ აქაც უნდა გაიმართოს ნიურბერგის პროცესი?


_ რატომაც არა? თუ სამართლიანობის აღდგენა გვინდა აუცილებლად უნდა გაიმართოს. ათი და ოცი რეპრესირებულის რეაბილიტაცია თუ მოხდა, იგევე რატომ არ უნდა გავაკეთოთ ხუთი და ათი ათასი კაცის მიმართ? არ ვამბობ, რომ ყველა დამნაშავე დავიჭიროთ და ციხეში ჩავსვათ. კი, არიან დამნაშავენი, რომელთაც სამართალი უციხოდ არ დატოვებს, მაგრამ რეპრესიებში ათასობით ადამიანი მონაწილეობდა და ყველას ციხეში ვერ გაუშვებ. საამისოდ სასჯელაღსრულებითი დაწესებულებები არ გვეყოფა, იმდენი უსამართლობა და უკანონობა ტრიალებდა ამ ცხრა წლის განმავლობაში ქვეყანაში. მთავარია, არ წაუყრუო დანაშაულს და სამართლიანობა აღადგინო.


_ მაშინ, ყველამ უნდა აღიაროს დანაშაული ან სამართალდამცავებმა მათ ეს დანაშაული დაუმტკიცონ და მერე შეიწყალონ. ხალხმა რომ იცოდეს, ვინ ვინ არის და ვინ რა ჩაიდინა...


_ რასაკვირველია. რაღაც ფორმით დაუსჯელი არავინ უნდა დარჩეს. შესაძლოა, ეს მორალური სასჯელი იყოს, მაგრამ ყველა დამნაშავემ პასუხი უნდა აგოს.


_ განათლების სფეროს ბევრი დიდჩინოსანი, სკოლის დირექტორები და "ნაციონალი პედაგოგები" გასამართლდებიან, თუ ნიურბერგის პროცესი გაიმართა?


_ და, არ უნდა გასამართლდნენ? ვინც რეპრესიებს ატარებდა, ან ხელს უწყობდა ამ რეპრესიებს, ყველამ უნდა აგოს პასუხი. უამრავი უდანაშაულო პედაგოგი დატოვეს უმუშევარი, შემოსავლის გარეშე. ვიღაცას ბანკის ვალი ჰქონდა, სახლი ჰქონდა ბანკში ჩადებული, ეს სახლი ბანკმა გაუყიდა და ქუჩაში დარჩა, ვიღაცამ შვილებს განათლება ვერ მისცა, ოჯახები დაინგრა ამ რეპრესიების შედეგად, ათასი უბედურება დატრიალდა... სადაოც და საკითხავიც არ არის, უნდა დაისაჯონ თუ არა ამ რეპრესიების შემოქმედნი და განმხორციელებლები.


_ ამ ყველაფერს ხელისუფლება დემოკრატიის დროშით ახორციელებდა.


_ როგორც არ უნდა ამაღლებული მიზნები ჰქონოდა ხელისუფლებას, მიზანი არ ამართლებს საშუალებას. ისე, რა დემოკრატიასაც გვიმკვიდრებდნენ ყველამ კარგად იცის, ჩვენ ავტოკრატიული რეჟიმი მოვიცილეთ და საბედნიეროდ, დროულად.


_ "თავისუფლების ინსტიტუტი" და მისი წიაღიდან გამოსული პოლიტიკოსები ებრძოდნენ ქართულ ტრადიციებს, სურდათ მონური, მორჩილი ფსიქოლოგიის საზოგადოების შექმნა და მათი საგანმანათლებლო რეფორმებიც ამას ემსახურებოდა _ სკოლის ასაკიდან სურდათ ბავშვებში მორჩილების ჩანერგვა...


_ ქართველი კაცი ყოველთვის ამაყი იყო. ის უამრავი ღირსებითაა შემკული, მებრძოლი და ქედუხრელია. ასეთი ქართველი არ უნდოდათ იმათ _ "ნაციონალებს". ქართული ტრადიციები, ადათ-წესები მუდამ მისაბაძი და გამორჩეული იყო. ამ ყველაფრის განადგურება სურდათ "ნაციონალებს". ქართველი კაცი ბუნებით არის თავისუფალი, მაგრამ სააკაშვილის რეჟიმის ლიდერებს, უბრალო წარმომადგენლებსაც კი, არ შეეძლოთ მათთან ურთიერთობა. მიხეილ სააკაშვილის გარემოცვას სძულდა და სძულს ეს თავისუფალი და ამაყი ქართველი, ყველაფერს აკეთებდნენ, რომ მისთვის ღირსება შემოეძარცვათ, დაემონებინათ და მასზე გაემარჯვათ. მათ ადამიანების გამწარების მანიაკალური მოთხოვნები ჰქონდათ. ამ თავისუფალ ადამიანებთან ურთიერთობა კი არ შეეძლოთ იმიტომ, რომ თავად იყვნენ პათოლოგიურად არასრულფასოვანნი. ასეთები მრავლად მოიძებნებიან სააკაშვილის უახლოეს გარემოცვაშიც. გაიხსენეთ, სააკაშვილის ერთ-ერთი რუპორის, სწორედ ასეთი არასრულფასოვნების კომპლექსით შეპყრობილის გამოსვლა ტელევიზიით, რომელიც ხალხს ემუქრებოდა _ ამას გიზამთ, იმას გიზამთო...


_ გივი თარგამაძეს გულისხმობთ?


_ კი, რა ძნელი გამოსაცნობია?! რამდენი ასეთის გახსენება შეიძლება? ასეთი დამოკიდებულება მიუღებელია ქართული ფსიქოტიპისთვის და ამ ყველაფერმა მოიტანა ის შედეგი, რაც მოიტანა.


ისინი ებრძოდნენ ქართულ ხასიათს, მენტალიტეტს. რაც ადრე ჩაკლავდნენ მას ქართველ ადამიანში, მით უკეთესი მათთვის. ამიტომაც იყო, ბრძოლა სკოლის დონიდან გამოუცხადეს ამას. ეს შესანიშნავად ჩანს სასკოლო სახელმძღვანელოებში, რომელთაც არც ეთქმის სახელმძღვანელოები და ყოველგვარი ეროვნულობისგან არის დაცლილი.


_ ეს ყველაფერი კარგად ჩანს მანდატურების სკოლებში შეყვანითაც, მაგრამ დამაფიქრებელია, რომ გიორგი მარგველაშვილმა არ მიიღო სკოლებიდან მანდატურების გამოყვანის გადაწყვეტილება. მან სამინისტროს "მანდატურთუხუცესს" მანდატურების პოლიციური უნიფორმის შეცვლა დაავალა მხოლოდ. ეს რაიმეს შეცვლის? რა მნიშვნელობა აქვს, პოლიციის აკადემიაში ტრენინგგავლილ მანდატურს როგორი ფორმა ეცმევა?


_ აქამდე მანდატურებს ეცვათ მუნდირი, რომელიც შორიდან ძალიან გავს პოლიციელის ფორმას. ეს მეტად დამთრგუნველი ოყო ბავშვებისთვის. კარგია, ფორმას რომ უცვლიან მანდატურებს, მაგრამ საბოლოოდ ამ ინსტიტუტს ალტერნატივა უნდა მოეძებნოს. თუნდაც, სკოლებში ფსიქოლოგების ინსტიტუტის გაძლიერებით. აუცილებელია, სკოლებში მოძღვარი შევიდეს. უნდა მოხდეს არა დანაშაულის გამოვლენა და მერე ამაზე რეაგირება, არამედ დანაშაულის პრევენცია და ამას მოძღვარი და ფსიქოლოგი ყველაზე უკეთ შეძლებენ.


_ თავად განათლების მინისტრზე _ გიორგი მარგველაშვილზე რას იტყვით?


_ უნდა გამოვხატო მის მიმართ პატივისცემა! ყველა იმ კანდიდატს შორის, რომლებიც მინისტრის პოსტზე განიხილებოდნენ, გიორგი მარგველაშვილი ყველაზე უკეთესი კანდიდატურაა. აი, როგორი მინისტრია, ამას ჯერ ვერ ვიტყვი, გავიდეს დრო და მისი საქმიანობა მერე შევაფასოთ.


_ მანდატურებს მინდა დავუბრუნდე. ვფიქრობ, უმჯობესი იყო ახალ მინისტრს ეს ყბადაღებული და დისკრედიტირებული ინსტიტუტი გაეუქმებინა.


_ გეთანხმებით, ნამდვილად უმჯობესი იყო. მანდატურები სკოლებში ასრულებდნენ ჩამშვების, ბავშვების და პედაგოგების დამშინებლის როლს. ბავშვებს მომავალ აგენტებად ზრდიდნენ. როგორც წესი, ახალ ღვინოს ძველ ტიკებში არ ასხამენ და ამას განათლების სამინისტროს ახალი ხელმძღვანელობა, იმედია, მიხვდება. მანდატურთა უმეტესობა შს სამინისტროს აგენტი იყო და სკოლაში აგენტურის ინსტიტუტი რომ არ უნდა არსებობდეს, ეს სადაო საკითხად არ უნდა იქცეს.


ლევან ჯავახიშვილი

12-11-2012, 14:10
უკან დაბრუნება