შეძლებისდაგვარად ვცდილობთ, რომ შევამსუბუქოთ ის ზეწოლა, რომელიც არის ეროვნულ ვალუტაზე. მთავრობას რა ბერკეტებიც გააჩნია ყველა ამოქმედებულია დღეს, დამერწმუნეთ, განცხადება ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა გააკეთა.
"მოგეხსენებათ, თუ როგორი სიტუაციაა ძალიან ბევრ ჩვენ მსხვილ სავაჭრო და საინვესტიციო პარტნიორ ქვეყანაში. ნავთობის ფასების ვარდნამ მთელი რიგი პრობლემები გამოიწვია და ეს პრობლემები არა მხოლოდ რუსეთის პრობლემებია. ამ შემთხვევაში მე ვსაუბრობ რეგიონში ძალიან ბევრ ქვეყანაზე. ამიტომ, რა თქმა უნდა, საქართველო ინტეგრირებულია ამ რეგიონში და მასზე ყველა ეს ფაქტორი მოქმედებს.
რაც ჩვენზეა დამოკიდებული, ყველაფერს ვაკეთებთ. მაგალითად, ექსპორტის წახალისების სპეციალური პროგრამა კეთდება და სავარაუდოდ თებერვლის ბოლოს იქნება ეს პროგრამა გაშვებული, რომელიც დანერგავს იმ პრაქტიკას, რომელიც არის ძალიან ბევრ ექსპორტიორ პატარა ქვეყანაში, რაც ეხება ექსპორტის დაკრედიტებას, საექსპორტო გარანტიებს, საექსპორტო სადაზღვევო პროდუქტებს. გარდა ამისა, ვიზების რეგულაციების მაქსიმალურად შემსუბუქება, რომ ჩვენ გავიაროთ ზღვარზე. ერთი მხრივ შევასრულოთ ევროკავშირის მოთხოვნები ვიზა-ლიბერალიზაციასთან მიმართებაში და მეორე მხრივ მაქსიმალურად შევძლოთ, რომ ტურიზმის მიმართულებით გავაკეთოთ წახალისება, რომ გავაიოლოთ ადამიანების შემოსვლა საქართველოში. ესეც ერთ-ერთი ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტორია და ასე შემდეგ.
შეძლებისდაგვარად ვცდილობთ, რომ შევამსუბუქოთ ის ზეწოლა, რომელიც არის ეროვნულ ვალუტაზე. მთავრობას რა ბერკეტებიც გააჩნია ყველა ამოქმედებულია დღეს, დამერწმუნეთ", - განაცხადა კვირიკაშვილმა.