ივერიონი / საპატრიარქო: ნებისმიერი რელიგიის სიწმინდის რაიმე ფორმით შეურაცხყოფა შეიძლება კატასტროფული აღმოჩნდეს!

საპატრიარქო: ნებისმიერი რელიგიის სიწმინდის რაიმე ფორმით შეურაცხყოფა შეიძლება კატასტროფული აღმოჩნდეს!

საქართველოს საპატრიარქო სპეციალურ განცხადებას ავრცელებს,რომელშიც დაგმობილია და დაუშვებლად არის მიჩნეული ნებისმიერი რელიგიის სიწმინდის რაიმე ფორმით შეურაცხყოფა.

"ადამიანის უფლებათა ევროპულ კონვენციაში მკაფიოდ არის განსაზღვრული, რომ სიტყვის თავისუფლება არ არის აბსოლუტური და მისი შეზღუდვა, სხვა ფასეულობების დაცვის მიზნით, დასაშვებია კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში.

რაც შეეხება რელიგიური გრძნობების უხამსი და ცინიკური ფორმით საჯაროდ შეურაცხყოფას და ღვთის გმობას, იგი ევროპის კავშირის წევრ თითქმის ყველა ქვეყანაში სისხლის სამართლით დასჯად ქმედებას წარმოადგენს. განსაკუთრებით კი მძიმეა ეს დანაშაული იმ შემთხვევებში, როდესაც ადგილი აქვს ეთნიკური და რელიგიური შუღლის გაღვივებას.

ჩვენი ეს პოზიცია ზოგადად დაფიქსირდა შვიდი დღის წინაც დეკანოზ თეიმურაზ თათარაშვილის ინტერვიუში, ხოლო ამ განცხადების გაკეთება განაპირობა იმ ფაქტმა, რომ მუსლიმთა რელიგიური გრძნობების შემლახველი კარიკატურა და მასალები დიდი ტირაჟით ახლახანს ისევ გავრცელდა.

ამიტომაც კვლავ ვაცხადებთ, რომ როგორც არა აქვს გამართლება ე.წ.ლინჩის წესით გასამართლებასა და ტერორიზმს, რა მოტივითაც არ უნდა იყოს იგი განპირობებეული, ასევე დაუშვებელი და დასაგმობია, როგორც მუსლიმების, ისე, საერთოდ, ნებისმიერი რელიგიის სიწმინდის რაიმე ფორმით შეურაცხყოფა. ასეთი ქმედებების შედეგები შეიძლება კატასტროფული აღმოჩნდეს არა მხოლოდ რომელიმე ქვეყნისათვის, არამედ მთელი რეგიონისა და მსოფლიოსათვისაც კი და ეს ყველამ კარგად უნდა გააცნობიეროს.

სახელმწიფო ვალდებულია, დაიცვას გამოხატვის თავისუფლების ზღვარი, რათა დაიცვას ადამიანის საერთაშორისოდ აღიარებული სხვა უფლებები.

აღვნიშნავთ იმასაც, რომ ქრისტიანული ტრადიცია მუდამ გულისხმობდა სხვა კულტურისა და რწმენის მქონე თემებთან მშვიდობიან და კეთილმეზობლურ ურთიერთობას და ამ პრინციპით ყოველთვის ცხოვრობდნენ და ცხოვრობენ საქართველოში", - ნათქვამია საპატრიარქოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

17-01-2015, 16:15
უკან დაბრუნება