გავრცელებული ინფორმაციით, რუსეთი მოლაპარაკების დაწყებას ხელისუფლებასთან ენერგოსისტემაზე გეგმავს. სერგეი ბაღაფშის ყოფილი კომპანიის, "ჩერნომირენერგოს" ხელმძღვანელობამ, განცხადება გაავრცელა, სადაც ნათქვამია, რომ "ენგურჰესი" აფხაზური მხარის კუთვნილება უნდა გახდეს და ამ თემაზე მოლაპარაკება ქართულ მხარესთან უკვე დაწყებულია.
საიდუმლო მიმოწერაში, რომელიც "ნაციონალურმა მოძრაობამ" გაავრცელა, რუსეთისა და საქართველოს საგარეო უწყებებს შორის იმ კომპანიების ჩამონათვალიც მოხვდა, რომლებმაც საქართველოში ყოველდღიური ფრენების უფლება მოიპოვეს. მათ შორის არის კომპანია "უტეარი", რომელიც ვლადიმერ პუტინის პირად კომპანიად სახელდება და, რომელსაც დასავლეთმა, რუსეთის მიერ ყირიმის ანექსიის გამო, სანქციები დაუწესა.
12 კომპანიას შორის არის სახელმწიფო დოტაციაზე მყოფი კომპანია "ტრანსაერო", რომელსაც "გაზპრომის" და "როსნეფტის" სოლიდური დავალიანება აქვს და ის რუსეთის ბიუჯეტმა სულ ცოტა ხნის წინ რამდენიმე მილიონით დააფინანსა.
გავრცელებული ინფორმაციით, რუსული მხარის მოთხოვნით, საქართველოში ყოველდღიური რეისები 12–მა რუსულმა კომპანიამ უნდა შეასრულოს.
ოპოზიციაში ამბობენ, რომ ასეთ პირობებში მყოფ კომპანიებს ქართულ ბაზარზე ადგილობრივი და უცხოური კომპანიები კონკურენციას ვეღარ გაუწევენ და საერთაშორისო ფრენებს ქართულ საჰაერო სივრცეში მთლიანად რუსული კომპანიები ჩაანაცვლებენ. ანუ ყველა რეისი მოსკოვის ან პეტერბურგის გავლით შესრულდება.
საქართველოში საქმიანობას, აეროფლოტის გარდა, საერთაშორისო სანქციების ქვეშ და ოკუპაციის კანონის დარღვევით კიდევ ერთი რუსული კომპანია იწყებს.
"როსნეფტმა", რომელიც ოკუპირებულ აფხაზეთში უკვე დიდი ხანია, ნავთობის მოპოვებას კანონდარღვევით აწარმოებს, ხელშეკრულება "პეტროკას ენერჯი" ლიმიტედთან გააფორმა.
ამ გადაწყვეტილებით, "როსნეფტი" ფოთის პორტში ტერმინალში საქმიანობას იწყებს. თუმცა, ოპოზიცია ეჭვობს, რომ რუსული კომპანია მალე ბათუმის პორტსაც შეისყიდის და ამ გზით ქართულ საზღვაო სივრცეზე სერიოზულ კონტროლს მოიპოვებს.