ახალგაზრდა მწერალი და თეოლოგი გიორგი ტიგინაშვილი სოციალურ ქსელში მეტად შემაძრწუნებელ სტატუსს აქვეყნებს. თემის აქტუალობიდან გამომდინარე „ივერიონი“ მას სრულად გთავაზობთ.
„ძვირფასო მეგობრებო, მინდა შეძრწუნებით შეგახსენოთ ამჟამინდელი მოცემულობის სავალალო მდგომარება, რომელიც გულწრფელად მაფორიაქებს, მაფიქრებს და მოსვენებას მიკარგავს.
ბოლო პერიოდში, მსოფლიო მასშტაბით, ყოველწლიურად 130-დან 160 ათასამდე ქრისტიანს კლავენ მხოლოდ იმიტომ რომ ისინი ქრისტიანები არიან. სამწუხაროდ, ე.წ. ჰუმანური საზოგადოების სასმენელსა და ლიბერტარიანელთა “სოლიდარულ გულებს” რატომღაც არ სწვდებათ მათი სისხლის ღაღადისი და ტანჯული სულების კვნესა. მაშინ როცა “მეც შარლი ვარ” აქცია მიმდიმარეობს, ამის პარალელურად მორწმუნე ქრისტიანებს სირიაში, ერაყში, პაკისტანში, ჩრ. კორეაში, ჩინეთში, ნიგერიასა და ეგვიპტეში ჯვარზე აკრავენ (ამ სიტყვების პირდაპირი გაგებით), თავებს აჭრიან, სახრჩობელებზე ჰკიდებენ, ცოცხლად მარხავენ და ცეცხლე სწვავენ. მიუხედავად ამისა, “ანთროპოცენტრული” და “პროგრესული” დასავლეთი რატომღაც ასეთ მასობრივ დევნას, წამებას, სადიზმსა და არაადამიანურობას არ აპროტესტებს. არავის მოსვლია აზრად “მეც ქრისტიანი ვარ” თანადგომის გამოხატვა. ცხადია, რომ წაყრუების ეს თვალთმაქცური პოზა მავანის მხრიდან სინდისის მიძინებისა და პასუხისმგებლობისაგან თავის არიდების უბადრუკ მცდელობას ჰგავს.
სახეზეა ერთი, მეტად შორს მიმავალი ტენდენცია: ღვთის გმობის, მკრეხელობისა და რელიგიური დისკრიმინაციის გმირობად შერაცხვა, ხოლო ამის წინააღმდეგ წამსვლელთა ტერორისტების მხარდამჭერებად მონათვლა, რაც მიზანმიმართულ და მზაკვრულ გეგმას წარმოადგენს.
ახლა როცა ამ საწუხარს ვწერ, ვგონებ მეც გულუბრყვილო და მიამიტი ვარ, რადგან იმათგან ვითხოვ რეაგირებას, ვისთვისაც ადამიანი მარტო ოდენ ბიო-ორგანიზმად, ეკონომიკური არსებად და სექსუალურ ცხოველადაა მიჩნეული, რომელსაც ღმერთი არ სჭირდება თურმე.
სულელი ვარ როცა მატერიალისტურ და შეშლილ მსოფლიო ელიტას, (რომელიც მხოლოდ ენერგო მატარებლებს, ნარკო-თრეფიქს, იარაღით ვაჭრობასა და სექსუალურ პერვერსიებს ეშურება) ჭეშმარიტ სიყვარულს ვთხოვ და ამორალურობაზე გალაშქრებისაკენ მოვუწოდებ.
ბრიყვი ვარ, როცა მჯერა რომ UN, NATO და EUROPEAN UNION წესრიგზე, სიკეთესა და მშვიდობაზე ფიქრობს-მეთქი.
დედამიწას ფარისევლობისა და შერჩევითი სამართლის მოღიმარი დიპლომატია განაგებს, სადაც მერკანტილისტი ბიზნეს-ბომონდი, ვითომ ქველმოქმედი სნობები და უპიროვნო პოლიტიკოსები თავმომწონეობენ.
დიახ, ჩვენს წინაშეა გლობალური ეთიკა – ასკეზის გარეშე და უფლებები – ვალდებულებების გარეშე. ბუნდოვანი თავისუფლება (პირუტყვომამდე დასული) და სუბ-მას-კულტურა, რომელიც თვითპრეზენტირების ყველაზე ურცხვ ფორმებსაც კი ნორმად გვისახავს. ეს არის ინოვაცია და “წინსვლა”, რომელიც ებრძვის ღვთაებრივ კანონზომიერებას და გაცოფებით ცდილობს უზენაესი შემოქმედის ამპლუის უტიფრად მორგებას.
რელიგიურ გარემოში კი თანამედროვე პან-ეკუმენიზმისა და ცრუ სულიერი წესრიგის მიმდევრებს, დედამიწაზე სამოთხის დამკვიდრება სწადიათ ყველაფრის ფასად, თუნდაც ეს ჭეშმარიტების უარყოფას ითხოვდეს. ასეთ ამბიციურ კასტას არაფერი აქვს საერთო მარადისობის იდეასთან, ზნეობრივ პრინციპებთან, ცოცხალ ღმერთთან და პიროვნულ ღირსებასთან. მათთვის მთავარია აქ, ამ დროებითი მოვლენების ადგილას, წუთისოფელში იყვნენ დალხენილად და თავისი წილი გოლგოთა და ცათა სასუფეველი (რომელიც იიძულების) ვის ახსოვს? ვის ესმის ჯვარზე მაცხოვრის მიჭედების ხმა? ვინ ხედავს პეტრეს სინანულს? ვის უნდა სავლეს – პავლედ გარდასახვა? ვინ ბაძავს ნათლისმცემლის მართლმკვეთელობას? ვინ შენატრის მაგდალინელის ცრემლებს? ვის სწადია იოანეს ერთგულება? ვინ ელის მეორედ მოსასვლელ მესიას?
რაღა თქმა უნდა ზოგიერთისთვის ეს ყოველივე (ქრისტეს პრიზმა) არის ილუზორული და გამოუსადეგარი მითი, ხოლო დღევანდელობის ჩემეული ანალიზი კი -ფატალისტური ზღაპარი, რომელსაც მათი აზრით თურმე და მწარე ბოღმა მაწერინებს.
გვახსოვდეს, რომ თუკი ადამიანი უბოროტოდ ცხოვრობს და სხვას არაფერს ვნებს, ეს იმას როდი ნიშნავს რომ ის კეთილია. საკუთრივ ბოროტებაზე უარის თქმა სიკეთის ტოლფასია განა?! ამიტომ ჩვენს თავებს სიკეთის აღსრულება უნდა ვაიძულოთ და არა უბრალოდ უბოროტობა, რამეთუ პასიური მდგომარეობა პოზიტივს კი არა ეგოცენტრიზმს აღვივებს ღვთის ხატად შექნილ ადამიანში.
დიდება სამყაროს შემოქმედ ყოვლადწმიდა სამებას, ანუ ნამდვილი სიყვარულისა და ჭეშმარიტების ღმერთს. ამინ!
P.S. მოდით, გვიყვარდეს უფალი მთელი ჩვენი არსებით, ვიყოთ თავგანწირულნი მოყვასისადმი სიქველეში, ავმაღლდეთ საკუთარ ეგოზე, გავარჩიოთ კეთილი და ბოროტი ქრისტეს შუქზე, დავძლიოთ სიამაყე და ვითხოვოთ შენდობა.“
წყალობითა ღმრთისაითა: თქვენი ძმა – გიორგი ტიგინაშვილი (ივრისპირელი)