ივერიონი / სამცხე-ჯავახეთში ისევ მერაბიშვილის აჩრდილი დადის

სამცხე-ჯავახეთში ისევ მერაბიშვილის აჩრდილი დადის

"სახალხო კრების" ერთ-ერთი ლიდერი, ლაშა ამირეჯიბი აცხადებს, რომ ყოფილი პარლამენტარი რამაზ თედორაძე სამცხე-ჯავახეთის რეგიონში ვანო მერაბიშვილისა და მისი ყოფილი მოადგილის, ამირან მესხელის ბიზნესს პატრონობს. მისი თქმით, რამაზ თედორაძეს საკუთარი ბიზნესიც აქვს და ის რეგიონში ერთ-ერთი უმდიდრეს ადამიანად ითვლება, თუმცა ეს ქონება სწორედ მერაბიშვილ-მესხელის ბიზნესის კონტროლის საფასურად მიიღო.


ლაშა ამირეჯიბი:
რამაზ თედორაძე ჯერ სამცხე-ჯავახეთის ვიცე-გიბერნატორი იყო, შემდეგ ასპინძის მაჟორიტარი დეპუტატი. ბოლოს, 2008 წელს, "ლეიბორისტული პარტიის" სიით მოხვდა პარლამენტში. ის ამ პარტიის სიაში მე-4 ნომერი იყო. ის პარლამენტში შევიდა როგორც ოპოზიციონერი პოლიტიკოსი, რეალურად კი "ნაციონალური მოძრაობის" აქტიური მხარდამჭერი გახლდათ. აქ აუცილებლად უნდა გავიხსენოთ საყოველთაოდ ცნობილი ამბავი, თუ როგორ გაისარჯა თედორაძის "ლეიბორისტთა" სააღრჩევნო სიაში ჩასასმელად, კუდ-ის ყოფილი უფროსის მოადგილე სოსო თოფურიძე.


რამაზ თედორაძე ახალციხის რაიონში ფლობს 20-მდე სავაჭრო ობიექტს. ამავე დროს, სამცხე-ჯავახეთის რეგიონს ამარაგებს სამრეწველო, სამშენებლო საქონლით _ ცემენტით, მეტალო-პლასტმასით და რკინა-მასალით. თედორაძე ფლობს სასოფლო-სამეურნეო სამუშაოებისთვის საჭირო ტექნიკის სრულ კომპლექტს. მან ჩალის ფასად შეიძინა რაიონული პოლიკლინიკის შენობა ქალაქის ცენტრში, დაანგრია და მის ადგილას 5 ვარსკვლავიან სასტუმროს აშენებს. იგი ამავე დროს ფლობს რაიონში არსებულ ყველა სახის ტრანსპორტზე მართვის ექსკლუზიურ უფლებას _ ყველანაირი ტრანსპორტი მის კომპანიაშია გაერთიანებული. მას აქვს ქარხანა, რომელიც პლასტმასის საოჯახო ნაკეთობებს აკეთებს. სწორედ ის ამარაგებს ექსკლუზიურად მთელ საქართველოს ერთჯერადი ჭიქებით, დანებით, ჩანგლებით და ა.შ.


რამაზ თედორაძე ცეზარ ჩოჩელთან ერთად კომპანია "ნატახტარის" მეპატრონეცაა. იგი კომპანიის 30%-იანი წილის მფლობელია. უნდა აღინიშნოს, რომ ზემოთ ჩამოთვლილი ბიზნესის ნაწილი ვანო მერაბიშვილს ეკუთვნის, ნაწილი _ ამირან მესხელს. თუმცა, კაცმა არ იცის, კონკრეტულად, რომელი ბიზნესი ეკუთვნით მერაბიშვილსა და მესხელს. თედორაძემ ფრთები სწორედ მათი ბიზნესის პატრონობით გაშალა. პარლამენტშიც მერაბიშვილის წყალობით მოხვდა. ის ერთ-ერთი გავლენიანი ფიგურაა რეგიონში და თანამდებობის პირთა დანიშვნაშიც ერევა. კერძოდ, მისი უშუალო ჩარევით სამცხე ჯავახეთის ფინანსური პოლიციის უფროსად დაინიშნა გელა ლეკიშვილი. ლეკიშვილი მისივე თანასოფლელია _ ორივე სოფელ ხიზაბავრიდან არიან. ლეკიშვილი ამავე თანამდებობაზე შევარდნაძის დროსაც მუშაობდა და შემჩნეული იყო ხე-ტყის ბიზნესის მფარველობაში.


რამაზ თედორაძის ხელი ურევია სამცხე-ჯავახეთის პოლიციის უფროსის მოადგილეების მამნიაშვილისა და მაღრაძის დანიშვნაში. ორივე შევარდნაძის პერიოდის კორუმპირებული ჩინოვნიკები არიან, მაღრაძე კი სააკაშვილის მმართველობის პერიოდში არაერთ დანაშაულში იმხილებოდა და მის წინააღმდეგ საჩივარიც კია შეტანილი იუსტიციის მინისტრის სახელზე.


რამაზ თედორაძის საკადრო პოლიტიკამ რეგიონში ძალიან ბევრი კითხვის ნიშანი გააჩინა. მის მიერ დანიშნული ოდიოზური კადრები ხალხს ახალი ხელისუფლების მიმართ ნდობას აკარგვინებს.


ლევან ჯავახიშვილი

12-11-2012, 15:25
უკან დაბრუნება