ივერიონი / ლევან იზორია: მშვიდობიანი თანაარსებობისთვის, მათ შორის რელიგიურ ნიადაგზე, აუცილებელია დასჯადი ქმედების არსებობა!

ლევან იზორია: მშვიდობიანი თანაარსებობისთვის, მათ შორის რელიგიურ ნიადაგზე, აუცილებელია დასჯადი ქმედების არსებობა!

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ლევან იზორიამ განცხადება გააკეთა, რომ შუღლის გაღვივების დასჯადობა საზოგადოების მშვიდობიან თანაარსებობასა და სიტყვის თავისუფლებას შორის ბალანსს არ არღვევს. იზორია განმარტავს, რომ  აქამდე დასჯადი იყო მხოლოდ ის შემთხვევები, როდესაც შუღლის ნიადაგზე მკვლელობის შედეგი დგებოდა. 


"თავად შუღლის გაღვივების ფაქტი არ იყო დასჯადი. ჩვენ გავითვალისწინეთ რა უცხო ქვეყნების გამოცდილება, განსაკუთრებით გერმანიისა და ევროკავშირის სხვა მოწინავე ქვეყნებისა, წარმოვადგინეთ ინიციატივა, რომელიც მნიშვნელოვანია განსაკუთრებით იმიტომ, რომ ითვალისწინებს, მათ შორის, რელიგიურ ნიადაგზე შუღლის გაღვივებას, რომელსაც მძიმე შედეგი მოსდევს და ეს დაკავშირებულია ფიზიკურ და ძალდობრივ დაპირისპირებათან. აქედან გამომდინარე, სტაბილურობისთვის, მშვიდობიანი თანაარსებობისთვის, მათ შორის რელიგიურ ნიადაგზე, აუცილებელია ასეთი სისხლის სამართლებრივი და დასჯადი ქმედების არსებობა", - განაცხადა იზორიამ.

იზორიას განცხადებით,  რეგულაცია სიტყვის თავისუფლების უფლებას არ ზღუდავს.

"როდესაც ვამბობ, რომ არსებობს გამოცდილი ქვეყნების პრაქტიკა, ეს გულისხმობს იმას, რომ ამ ქვეყნებში ბალანსი, ოქროს შუალედი, რომელიც დაკავშირებულია, ერთის მხრივ, სიტყვის ანუ გამოხატვის თავისუფლებასთან და მეორეს მხრივ, საზოგადოების, მათ შორის, სხვადასხვა კონფესების, რელიგიების მშვიდობიან თანაარსებობასთან, დაცულია. აქედან გამომდინარე, ამ ინიციატივით ეს ბალანსი დაცულია", - განაცხადა ლევან იზორიამ.

19-01-2015, 12:48
უკან დაბრუნება