ამ რამდენიმე დღის წინათ ერთმა ჩემმა მეგობარმა სოციალურ ქსელში საკმაოდ ტკივილიანი (სულისშემძვრელი) სტატუსი გამოაქვეყნა. სტატუსის ავტორმა იმდენად სძლია საკუთარ ამპარტავნებას, რომ რეალური სურათის დახატვით ფეისბუქმეგობრების განსაკუთრებული თანაგრძნობა და მხარდაჭერა დაიმსახურა!
საქმე ეხებოდა ერთი თვის პატარა გოგონას ჯანმრთელობას, რომელიც არასაკმარისი (არასრულფასოვანი) კვებისა და ჩვილ ბავშვთან დაკავშირებული სხვა სირთულეების გამო შეიძლებოდა ფატალური შედეგით დასრულებულიყო, ოჯახს კი ამის საშუალება არ ჰქონდა!
გადაუჭარბებლად შეიძლება ითქვას, რომ სტატუსს ოპერატიულად ათასობით ფეისბუქმომხმარებელი გამოეხმაურა - ყველა მათგანი სხვადასხვა ფორმით დახმარების სურვილს გამოთქვამდა. ორ დღეში იმდენი ზარი შემოვიდა ტელეფონზე, რომ თურმე პასუხის გაცემას ვერ ასწრებდნენ, დასახელებულ მისამართზე მოდიოდნენ კეთილი ადამიანები და მხარდაჭერას სხვადასხვა ფორმით, საკუთარი შესაძლებლობის ფარგლებში გამოხატავდნენ - ზოგს საკვები მოჰქონდა პატარასთვის, ზოგს სახვევი და მედიკამენტები, ზოგიც ოჯახს ფინანსურადაც დაეხმარა!
რამდენადაც ვიცი, აღნიშნულ სტატუსს რაიონის გამგეობა და მერიაც გამოეხმაურა!
უპოვარს და გაჭირვებულს საქართველოში რა გამოლევს. აქედან გამომდინარე, ესეც ჩვენი დუხჭირი ცხოვრების ტიპიური მაგალითია, მაგრამ, მნიშვნელოვანი უფრო სხვა რამ არის: კაცი (იგულისხმება სტატუსის ავტორი), რომელიც რამდენიმე დღის წინ უფალს საყვედურობდა, რომ რატომ დაიბადა ასეთ ქვეყანაში, სადაც „ვერც სამართალს იპოვი და ვერც არსობის პურს იშოვი“ და არც მამა-პაპურ კურთხევას აკლებდა საქართველოს, იგივე სოციალურ ქსელში კეთილი ადამიანების მხარდაჭერით აღფრთოვანებული წერს:
„საქართველოზე, ჩვენს ხალხზე არც თუ კარგი წარმოდგენა მქონდა.
ორმა დღემ დამარწმუნა, თუ რამდენი კეთილი, სათნო და ღვთისნიერი ადამიანებითაა დახუნძლული თურმე ჩვენი ნატანჯი ქვეყანა: ეს უფლის საოცრებაა ნამდვილად!
მადლობა შენდა, უფალო იესო ქრისტე, რომ მე უკიდურესად ცოდვილსა და უღირსს, ამდენ უსათნოეს და უკეთილშობილეს ადამიანთან შემახვედრე!..
დალოცე უფალო ეს ადამიანები თავიანთი ოჯახებით და დაიფარე, გევედრები!“.
მართლაცდა საოცარია ადამიანის სულიერი მეტამორფოზა: თუ გუშინ და გუშინწინ უფალს იმას საყვედურობდა, რატომ ჩააგდო ამ გაუსაძლის სიტუაციაში და რატომ გააჩინა საქართველოში, დღეს მადლიერებით აღვსილი, მადლობას სწირავს იგივე უფალს!..
მიუხედავად იმისა, რომ ბოროტება ზეიმობს დედამიწაზე, მიუხედავად იმისა, რომ ერთმანეთის შურმა და გაუტანლობამ დაგვაბრმავა და დაგვაჩიავა, ჩვენს გვერდით ძალიან ბევრნი არიან კეთილი ადამიანები, ვისაც თანაგრძნობისა და თანადგომის უნარი ჯერ კიდევ შერჩენია, ანუ, ჯერ ყველაფერი არ დამთავრებულა!
აქედან გამომდინარე, ჩვენ უნდა განვთავისუფლდეთ იმ მკრეხელური (სატანის ნაჩურჩულები) აზრებისგან, რომ ქართველები ყველაზე ცუდები ვართ, რომ ერთად ყოფნა და ერთმანეთის გატანა არ შეგვიძლია!
დიდება შენდა უფალო, რომ ქართველ ერში სიკეთის ქმნის უნარი ჯერ კიდევ არ დაშრეტილა...
საბა საბახტარაშვილი