საქართველოს პრეზიდენტმა უნიკალური სიურპრიზი შემოგვთავაზა - 2015 წელი ქალების წლად გამოაცხადა!
ასეთი „სიურპრიზისგან“ ჩვენი ხელისუფლებისგან ( არა მარტო დღევანდელი იგულისხმება) არასოდეს ვყოფილვართ დაზღვეული, მაგრამ, არსებობს რაღაც კრიტერიუმები, რომელსაც პატივი უნდა სცე, ან, ყოველ შემთხვევაში, არ გადააბიჯო!
თუ სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული კომენტარებით ვიმსჯელებთ, ბევრმა მარგველაშვილის ინიციატივა მოიწონა და თან დაგვამშვიდა, რომ 2015 წელი უნდა გახდეს ქალთა დისკრიმინაციის წინააღმდეგ ბრძოლის წელიწადი. სხვათაშორის, ერთ-ერთი პირველი, ვინც ეს ინიციატივა მოიწონა, საქართველოს სახალხო დამცველი, უჩა ნანუაშვილიც იყო. ჯერჯერობით, მისი დაცული საზოგადოებას არავინ უნახავს (ამაზე ცალკე წერილში ვისაუბრებთ), გარდა სექსუალური უმცირესობისა, ისიც ლოზუნგების დონეზე, მაგრამ, ეს არ არის მთავარი - მთავარია, რას ითვალისწინებს საქართველოს პრეზიდენტის ინიციატივა და რამდენად დგას იგი რეალობასთან?!
პირდაპირ რომ ვთქვათ - ქალთა წლის გამოცხადება იგივე მკრეხელობაა, როგორც დედის დღის აღნიშვნა, რადგან დედა დედაა და მას განსაკუთრებული დღის დადგინება არ სჭირდება, რომ მოეფერო და დააფასო!
დავსვათ კითხვა: რას ნიშნავს 2015 წლის ქალთა წლად გამოცხადება? ამ ინიციატივის შემდეგ ქალების მიმართ აგრესია და ქალების დიკრიმინაცია (როგორც ამას ხელაღებით ამტკიცებენ!) შემცირდება, თუ?.. რანაირად შემცირდება - ხელისუფლება სადამსჯელო ღონისძიებებს გაამკაცრებს მამაკაცების მიმართ, რომ ქალებზე არ იძალადონ თუ ნამუსზე ააგდებს?!
დიახ, თუ კანონის ძალაზეა საუბარი, კანონი ისედაც იცავს მოქალაქის უფლებებს (კაცია თუ ქალი) და მას სპეციალური ინიციატივა არ სჭირდება, ხოლო მორალურ (ზნეობრივ) საყრდენს ვეხებით „ახსნა განმარტებითი“ მუშაობა 2015 წლის ქალების წლად გამოცხადების გარეშეც შეიძლება!
აქედან დასკვნა მარტივია: პრეზიდენტის ინიციატივა, უბრალოდ წყლის ნაყვაა და მეტი არაფერი (შეიძლება ითქვას, დაცინვაც კი!).
არ გამოვრიცხავ, ამ ინიციატივას ახალი ენჯეოების აღმოცენებაც მოჰყვეს, რომლებიც „გამოააშკარავებენ“ და „სამარცხვინო ბოძზე“ გააკრავენ იმ მამაკაცებს, რომლებმაც ქალების უფლებები დაარღვიეს!
როცა ქალებთან მამაკაცების დამოკიდებულებაზე ვსაუბრობთ, აუცილებლად ხაზი უნდა გავუსვათ ქართველი მამაკაცის დამოკიდებულებას საპირისპირო (ხშირად ვამბობთ, მშვენიერი) სქესისადმი. ეს დამოკიდებულება საუკუნეების მანძილზე ყალიბდებოდა და სხვათაშორის, საკმაოდ დადებით კონტექტსტში ჯდებოდა - ზოგადად, ქართველ მამაკაცს, ყოველთვის მოწიწება (კრძალვა) ჰქონდა ქალებისადმი და ეს საამაყოდაც კი მიაჩნდათ ჩვენს წინაპრებს.
რაც შეეხება ოჯახურ კონფლიქტებს და ქალების დისკრიმინაციას, რაც გადაჭარბებული აგრესიით და სიცოცხლის ხელყოფით მთავრდება ხოლმე, ეს ათადან ბაბამდე ასე იყო და მომავალშიც ასე იქნება. სხვა საკითხია, რამდენად გაიზარდა აგრესიის და ქალთა დისკრიმინაციის მასშტაბები!
აქედან გამომდინარე, ხელისუფლებამ ქალთა წლის გამოცხადებაზე კი არ უნდა იფიქროს, არამედ, იმ მიზეზების აღმოფხვრაზე, რამაც ხელი შეუწყო ოჯახური კონფლიქტებისა და საბოლოო ჯამში ქალების დისკრიმინაციის ზრდას.
სხვათაშორის, ეს მიზეზები ყველაზე ორიგინალურად გაშიფრა ცნობილმა ფსიქოლოგმა ნანა ჩაჩუამ. მან პირდაპირ დააფიქსირა, რომ ოჯახების ნგრევისა და ცოლ-ქმარს შორის აგრესიული დამოკიდებულების გახშირების მიზეზი მამაკაცების უმუშევრობაშია. ამ უკანასკნელებმა დაკარგეს რა ტრადიციული - ოჯახის მარჩენალის ფუნქცია, ეს მისია ავტომატურად საკუთარ თავზე აიღეს ქალებმა, რის გამოც ოჯახის თავი (მამაკაცი) კუთხეში დააყენეს. სწორედ ამ ბუნებრივი (უფლისგან მინიჭებული) მისიის ხელოვნურმა ცვლამ გამოიწვია ის დამანგრეველი შედეგები, რასაც ყოველდღიურ რეალობაში ვაწყდებით და რის გამოც განგაშის ზარია ატეხილი.
მიუხედავად იმისა, რომ ქალების მიმართ ძლიერი სქესის წარმომადგენელთა დამოკიდებულება მასშტაბურად შეიცვალა, ზემოთ დასახელებულმა მიზეზებმა უკუშედეგიც მოგვიტანა - სამწუხაროდ, დღეს მამაკაცების დიდი ნაწილი დასაცავი გახდა ქალების აგრესიისგან, რასაც ბუნებრივად მოჰყვება ნეგატიური შედეგები თვით სიცოცხლის ხელყოფის ჩათვლით!
დიახ, პრობლემა სახეზეა, მაგრამ მისი არა საბოლოოდ გადაჭრის (რადგან ეს წარმოუდგენელია), არამედ შერბილების გზა მიმდინარე წლის ქალების წლად გამოცხადებაზე არ გადის - მიზეზები უფრო ღრმაა და მას, როგორც დღევანდელი ტერმინოლოგიით იტყვიან, ადეკვატური (სათანადო) ზომების გატარებაა საჭირო. ბუნებრივია, ადეკვატურ ზომებში მხოლოდ კანონის გამკაცრება და სახალხო დამცველის ყალბი ლოზუნგები არ იგულისხმება.
სახელმწიფომ ბოლომდე უნდა გაიაზროს ის მიზეზები, რამაც ხელი შეუწყო ქალების მიმართ აგრესიის ზრდას - გააუმჯობესოს სოციალური ფონი, ნაკლები გასაქანი მისცეს ლიბერალური ღირებულებების პრაქტიკაში (ცნობიერებაში) დამკვიდრებას და პრობლემაც შერბილდება!
P.S. რადგან ღრმადპატივცემულმა პრეზიდენტმა 2015 ქალების წლად გამოაცხადა, წინადადება შემომაქვს - 2016 კაცების წლად გამოვაცხადოთ და დავიცვათ ისინი ქალების აგრესიისგან!
ზაურ ნაჭყებია