ჟურნალისტიკის მთავარი კრიტიკოსის, ბიძინა ივანიშვილის შემდეგ, ქართულ ჟურნალისტიკას ეხლა უკვე ბიზნესმენი ლევან ვასაძე აკრიტიკებს. ვასაძის უკმაყოფილება პარლამენტის შემდეგ უკვე მედიას შეეხო. ვასაძეს არ მოსწონს ტელევიზიები, განსაკუტრებით კი თოქშოუები, რომლებიც მისი თქმით, მაყურებელს შხამავს. "კვირის პალიტრასთან" ინტერვიუში ვასაძე ამბობს, რომ საჭიროა არასამთავრობო ორგანიზაციებისა და მასმედიის რეგულირების კომისიის შექმნა.
"ნახეთ, ტელევიზიები (თოქშოუები) როგორც შხამავენ მაყურებელს, ამ ისედაც გაწვალებულ მოსახლეობას ყოველ საღამოს ხალხის ძიძლილაობასა და ერთმანეთის გინებასა და დაცინვას აყურებინებენ... ნებისმიერი სახის გარყვნილებას ნორმად წარმოაჩენენ – ეს ადამიანები მეტ ზიანს აყენებენ საქართველოს, ვიდრე პოლიტიკოსებმა მიაყენეს ბოლო 25 წლის განმავლობაში.... ასევე აუცილებლად მისაღებია კანონი არასამთავრობო ორგანიზაციების უცხოეთიდან დაფინანსებასთან დაკავშირებით. ამ კანონის შესაბამისად უნდა მოხდეს იმ ტიპის საქმიანობის აკრძალვა, რომელიც ძირს უთხრის ოჯახს, ტრადიციას და წესიერებას... სხვათაშორის, ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებას აბსოლუტურად ვეთანხმები, რომლის თანახმადაც, უცხოეთიდან დაფინანსებული არასამთავრობო ორგანიზაციების დიდი ნაწილი ქვეყნის მტრები არიან", - აცხადებს ლევან ვასაძე, რომლის აზრითაც, კომისია "წესიერი ხალხით" უნდა დაკომპლექტდეს, რომელთაც საზოგადოებაში ავტორიტეტი აქვთ.
რაც შეეხება პარლამენტს, ლევან ვასაძე ამ შემთხვევაშიც ხედავს გამოსავალს, მისი აზრით, სულაც არ არის საჭირო 150 უსაქმური პარლამენტარის შენახვა, რომელიც სახელმწიფოს რამდენიმე ათეული მილიონი უჯდება. მისი თქმით, 50 ღირსეული ადამიანისგან დაკომპლექტებული პარლამენტი ბევრად უკეთ იმუშავებს და სახელმწიფოსაც ბევრად ნაკლები ხარჯი ექნება.
"ჩემთვის ცხადია, რომ ეს ორგანო სრულიად არაეფექტურია – ამას როგორც მართვის სპეციალისტი ვამბობ. ჩემი აზრით, 20 მილიონ ლარად ბევრად ქმედითი, 50-კაციანი პარლამენტი გვეყოლებოდა, რომელიც ქვეყნის საჭიროებებს უკეთესად გასწვდებოდა... აუცილებელია ამჟამინდელი პარლამენტის დათხოვნა და ისეთის არჩევა, რომელიც ხალხის განწყობებს მართლაც ასახავს. რაც შეეხება ნახსენებ ჩვენ უცხოელ პარტნიორებს, რომლებსაც მე ჩვენი არაფორმალური ხელისუფლების ერთ-ერთ შტოდ მოვიაზრებ, ჩემი აზრით, ჩვენ მათ აწი სხვა ტიპის თანამშრომლობა უნდა შევთავაზოთ... მექმნება შთაბეჭდილება, რომ ზოგიერთი ელჩი, მიუხედავად ჩემი მათდამი პირადი სიმპათიისა, ივიწყებს, რომ მისი ძირითადი სამუშაო ადგილი მისი საელჩოა და ისე ფუნქციონირებს ქვეყანაში, როგორც ამას საბჭოთა დროს მოსკოვიდან დანიშნული კომპარტიის მე-2 მდივანი აკეთებდა ხოლმე. ურთიერთობის ეს ფორმა უნდა შეიცვალოს და მას ბევრად ცივილიზებული და პარტნიორული სახე უნდა მიეცეს", - განმარტავს ბიზნესმენი.
P.შ. მართალია ბატონი ლევანის თოქშოუებთან დაკავშირებით გაკეთებულ განცხადებაში სიმართლის მარცვალი ნამდვილად არის, მაგრამ, მადლობა ღმერთს, რომ ჯერ-ჯერობით მაინც არსებობს არჩევანის საშუალება, რითიც ამ პრობლემის მარტივადს მოგვარებაა შესაძლებელი. აი პარლამენტზე კი.. რა მოგახსენოთ..