"თუ მკვლელები არ დაისჯებიან, სამუდამოდ დასრულდება ოცნებები სამართლიანობის აღდგენაზე"
"მოქმედი ხელისუფლებისათვის ეს იმაზე დიდი დარტყმა შეიძლება აღმოჩნდეს, ვიდრე ბატონი ვაზაგაშვილის შვილის გარდაცვალების საქმე იყო ნაციონალური ხელისუფლებისათვის"
პოლიტიკის და სამართლის ცენტრის თავმჯდომარის, ადვოკატ ამირან გიგუაშვილის განცხადებით იური ვაზაგაშვილის გარდაცვალებამ შეიძლება იმაზე მეტად დააზარალოს მოქმედი ხელისუფლება, ვიდრე თავის დროზე მისი შვილის ზურა ვაზაგაშვილის მკვლელობამ დააზარალა მიხეილ სააკაშვილის ხელისუფლება.
- ეს სცილდება ერთი ოჯახის ტრაგედიას. ეს არის მთელი ქვეყნის უბედურება, რომ ასეთი რამე შეიძლება მოხდეს. მსგავსი სცენები მხოლოდ სიცილიური მაფიის შესახებ გადაღებულ ფილმებში თუ გვინახავს.
მოქმედი ხელისუფლებისათვის ეს იმაზე დიდი დარტყმა შეიძლება აღმოჩნდეს, ვიდრე ბატონი ვაზაგაშვილის შვილის გარდაცვალების საქმე იყო ნაციონალური ხელისუფლებისათვის. არ აქვს მნიშვნელობა, ააფეთქეს თუ უბედური შემთხვევა მოხდა. ფაქტი ერთია, იური ვაზაგაშვილი ისე წავიდა იმ ქვეყნად, რომ მისი შვილის მკვლელები სათანადოდ არ დასჯილან და ამ ოჯახისათვის სამართლიანობა არ აღდგა. ვფიქრობ, თუ საქმეზე სასწრაფოდ არ დადგინდა სიმართლე და მკვლელები, როგორც მისი შვილის საქმეზე, ისე თავად იური ვაზაგაშვილის საქმეზე, კანონის მთელი სიმკაცრით არ დაისჯებიან, ამ ტრაგიკული შემთხვევით სამუდამოდ დასრულდება ყველანაირი ოცნება სამართლიანობის აღდგენაზე.
http://www.kvirispalitra.ge/public/23975-qmsgavsi-scenebi-mkholod-siciliuri-mafiis-shesakheb-gadaghebul-filmebshi-thu-gvinakhavsq.html