"ახალი მემარჯვენეების" პოლიტიკურმა მდივანმა მანანა ნაჭყებიამ კომენტარი გააკეთა იური ვაზაგაშვილის გარდაცვალების გამო:
-"სამწუხაროდ, ეს მერამდენე ოჯახი გაუბედურდა და შეეწირა უსამართლობას საქართველოში. ალბათ, მსოფლიოში ძნელად მოიძებნება პრეცენდენტი, როდესაც შვილის მკვლელობის გამო სიმართლის დადგენისთვის მებრძოლ მამას, დაღუპული შვილის საფლავზე კლავენ. ეს მხოლოდ იმ ქვეყნებში ხდება, სადაც მაფიოზური კლანები თარეშობენ.
ვარაუდი უამრავი გამოითქმება და არ მინდა გამოძიების დასრულებამდე რაიმე დასკვნა გავაკეთო. თუმცა ერთი დასკვნის გაკეთება დღესაც შეიძლება: იური ვაზაგაშვილმა ვერ დაინახა განსხვავება სიმართლის დადგენისთვის დღევანდელი და უწინდელი პროკურატურის ქმედებებს შორის. ყოველ შემთხვევაში ის ვერ დარწმუნდა, რომ დღევანდელი ხელისუფლების პირობებში ყველაფერი კეთდება ჭეშმარიტების დასადგენად და დამნაშავეთა დასასჯელად. სამწუხაროდ, იური ვაზაგაშვილი და მისი ოჯახი გამონაკლისი არ არის.
თუ პროკურატურა უმოკლეს ვადაში არ გამოიძიებს ამ შემზარავ მკვლელობას, ძნელია გქონდეს ნდობა საგამოძიებო ორგანოების მიმართ, მთლიანად, ხელისუფლების მიმართ. ეს სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საკითხია და ხელისუფლებამ ყველაფერი უნდა გააკეთოს, რომ გამოიძიოს ეს საქმე და ამ ფაქტს ქვეყნის სტაბილურობისთვის სახიფათო გაგრძელება არ მოყვეს.
დიდი გულისტკივილით ვიზიარებ ოჯახის მწუხარებას ბატონო იური ვაზაგაშვილის გარდაცვალების გამო"- განაცხადა მანანა ნაჭყებიამ.