ივერიონი / "ქართული ოცნების" საბოლოო კრახი - ხელისუფლების გადადგომის მოთხოვნით აქციები იწყება

"ქართული ოცნების" საბოლოო კრახი - ხელისუფლების გადადგომის მოთხოვნით აქციები იწყება

პირველად, ორი წლის შემდეგ ხელისუფლების გადადგომის მოთხოვნა გაისმა. შეიძენს თუ არა ეს მოთხოვნა დიდ პოლიტიკურ დატვირთვას ეს სხვა თემაა, მთავარი ისაა, რომ ხელისუფლება, რომელიც ხალხის უპრეცედენტო მხარდაჭერით მოვიდა, საკუთარი თავი სულ რამდენიმე თვეში ამოწურა. ის, რაც გუშინ მოხდა,  არის იმ "კოჰაბიტაციის" შედეგი, რითიც ხელისუფლება თავისი უსუსურობის დაფარვას ცდილობდა.

გამოძიების დაწყების პირველივე წუთიდან, ვაზაგაშვილის ოჯახთან ერთად, საზოგადოებამ ხელისუფლებას უნდობლობა გამოუცხადა. უკვე აღარავინ დავობს იმაზე, რომ ვაზაგაშვილის მკვლელობის კვალი ხელისუფლებისკენ მიდის. 

რა თქმა უნდა არც იმის გამორიცხვა შეიძლება, რომ ამ ფაქტს ოპოზიცია და განსაკუთრებით "ნაციონალური" მოძრაობა მთელი ძლით ჩაეჭიდება, მაგრამ ფაქტი ერთია - სახეზეა ხელისუფლების საბოლოო კრახი რომელსაც ვერანაირი წარმატებული გამოძიება ვეღარ უშველის.

საყურადღებოა ის ფაქტიც, რომ იური ვაზაგაშვილს, იმავე დღეს, ერთ-ერთი ტელეკომპანიის ჟურნალისტისთვის ინტერვიუ უნდა მიეცა, რაც მკვლელის ინტერესებში სავარაუდოდ სულაც არ შედიოდა.

პირველადი ინფორმაციით, ასაფეთქებელი მოწყობილობა ყვავილების ქვეშ იყო დადებული და სწორედ მაშინ მოვიდა მოქმედებაში, როდესაც იური ვაზაგაშვილი ყვავილების შეცვლას ცდილობდა. აქედან იმ დასკვნის გამოტანაა შესაძლებელი, რომ მკვლელს, პირადად იური ვაზაგაშვილის თავიდან მოშორება კი არა, ნებისმიერი მისი ოჯახის წევრის მოკვლა სურდა, რაც ხალხში მღელვარებას გამოიწვევდა და ბრალდებულადაც ხელისუფლება იქნებოდა. არავის შეეძლო იმის განსაზღვრა თუვინ მივიდოდა პირველი შვილის საფლავზე- დედა, მამა, თუ რომელიმე მათი ოჯახის ახლობელი. რაც შეეხება იმ ფაქტს, რომ იური ვაზაგაშვილი იმავე სოფელში, დაკრძალვაზე იმყოფებოდა და მკვლელისთვის ნათელი იყო, რომ ის შვილის საფლავს გვერდს არ აუვლიდა, აქ უკვე პროფესიონალურ დონეზეა გათვლა გაკეთებული. ასე, რომ როგორც საგამომძიებლო ორგანოებს, ისე ხელისუფლების მაღალჩინოსნებს, რომელთაც კიდევ სურთ თანამდებობებით ტკბობის გახანგრძლივება, საკმაო თავსატეხი აქვთ, როგორ ამოვიდნენ იმ ბინძური წუმპიდან სადაც საკუთარი უგუნურებით მოხვდნენ.

 

 

 

 

21-01-2015, 10:56
უკან დაბრუნება