საქართველოს პირველი პრეზიდენტის შვილი, კონსტანტინე გამსახურდია მიიჩნევს, რომ იური ვაზაგაშვილის მკვლელები პროფესიონალები იყვნენ, რადგან დისტანციურად მართვადი ნაღმის დამონტაჟება რთულია.
"ნეტარ იყვნენ მწყურვალნი სიმართლისათვის, რამეთუ ისინი განძღნენ - მაცხოვრის ეს სიტყვები თავისით მოვიდნენ, როდესაც ბატონი იურის საზარელი დაღუპვის ამბავი შევიტყვე. ღვთის სასუფეველში სიმართლის და ჭეშმარიტების სისავსეა ჩემო იური. უფალმა გაანათლოს შენი მრავალტანჯული სული.
ვინც ეს შემზარავი დანაშაული ჩაიდინა, მის ორ თვისებას გამოვყოფდი: 1. პროფესიონალიზმს, რამდენადაც ჩვეულებრივი ადამიანი ვერ დაამონტაჟებს საფლავში ბომბს, სავარაუდოდ დისტანციურად მართულს - ეს მიუხედავად იმისა, რომ დეტალები არ ვიცი. 2. გაუგონარ ცივსისხლიანობას: ადამიანები, ვინც შვილის საფლავზე მამას დააკლავენ, ყველაფერზე წამსვლელები არიან. მკვლელობის შემკვეთნი სიამოვნებით წაშლიდნენ მთელ საქართველოს, რადგან მათთვის ასეთი ქვეყანა ამ რეგიონში არ უნდა არსებობდეს. რატომ არაფერს აკეთებს შინაგან საქმეთა სამინისტრო და სპეცსამსახური, რომ ალაგმოს ასეთი აგენტების და მკვლელების თარეში ქვეყანაში, რომლებიც გაცილებით მეტს გეგმავენ და მიზნად ისახავენ ალბათ, ვიდრე იურის მკვლელობაა?"- აცხადებს კონსტანტინე გამსახურდია.