საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსმა დავით პატარაიამ პრეზიდენტის სარეზერვო ფონდის 2014 წლის ხარჯვითი ნაწილი დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე შეაფასა, სადაც განაცხადა, რომ გასულ წელს პირველად მოხდა ფონდის სტრუქტურიზება და პრიორიტეტების განსაზღვრა, რომლის მიხედვითაც სხვადასხვა პროექტის დაფინანსება განხორციელდა.
რაც შეეხება პრეზიდენტის სარეზერვო ფონდიდან წლის განმავლობაში გახარჯულ თანხებს, ოფიციალური ინფორმაციით, ყველაზე მეტი თანხა - მილიონ 71 ათასი ლარი (რაც საერთო თანხის 32 პროცენტს შეადგენს), ბავშვთა და მოხუცთა დაცვის მიმართულებით დაიხარჯა. 740 ათასი ლარით დაფინანსდა სასამართლო რეფორმასთან დაკავშირებული პროექტები, კულტურული მრავალფეროვნების განვითარებისთვის კი 2014 წელს 450 ათასი ლარი იყო გამოყოფილი.
პატარაიას თქმით, პრეზიდენტის ფონდი 2015 წელსაც გააგრძელებს მნიშვნელოვანი და საინტერესო პროექტების დაფინანსებას.
პრეზიდენტის სარეზერვო ფონდი 5 მილიონი ლარია. ოფიციალური ინფორმაციით, გასულ წელს ფონდში არსებული თანხის 75 პროცენტის გახარჯვა მოხდა.