საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელი თამარ კორძაია უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის კანდიდატთან დაკავშირებით, მიესალმება ფაქტს, რომ პრეზიდენტი ყველას ეკითხება თავის აზრს.
"ის ფაქტი, რომ პრეზიდენტი ეკითხება ყველას - ხელისუფლების წარმომადგენელს, არასამთავრობო ორგანიზაციებს, საპარლამენტო და არასაპარლამენტო ოპოზიციას, - ადასტურებს, რომ პრეზიდენტი სწორედ კონსტიტუციური ინსტიტუტის მაღალი მნიშვნელობიდან გამომდინარე არ თვლის, რომ მან ერთპიროვნულად უნდა მიიღოს ეს გადაწყვეტილება. პრეზიდენტი, როგორც სახელმწიფოს მეთაური და კონსტიტუციური ორგანო, სწორედ ამ კონსტიტუციური უფლებამოსილების ფარგლებში, მისი მაღალი მნიშვნელობიდან გამომდინარე, ყველასთან კონსულტაციას გადის. ვის შეარჩევს პრეზიდენტი, ამას საბოლოო ჯამში თავად განმარტავს და ახსნის. მაგრამ, მე ვფიქრობ, არ დარჩება საზოგადოებაში არავინ ისეთი, ვინც იტყვის, რომ პრეზიდენტმა არ იკითხა, არ მოისმინა მათი პოზიციები", - აღნიშნა კორძაიამ.