თბილისის მოსახლეობისთვის ყოველთვიურად გასაცემი კომუნალური ვაუჩერის ოდენობა შემცირდა. ამის შესახებ გადაწყვეტილება თბილისის მთავრობამ მიიღო. ამიერიდან, ძალაში მოსახლეობისთვის კომუნალური სუბსიდიის გაცემის ახალი წესი შედის. მოსახლეობის დიდი ნაწილისთვის (გარდა იმ ოჯახებისა, რომლებიც რეგისტრირებულები არიან სოციალურად დაუცველთა ბაზაში და სარეიტინგო ქულა 70 000-მდეა) ყოველთვიურად გასაცემი კომუნალური ვაუჩერის ოდენობა შემცირდა. ასევე შემცირდა მათ შორის სოციალურად დაუცველთა ბაზაში რეგისტრირებული იმ 180 000-მდე თბილისელისთვის, რომელთა სარეიტინგო ქულა 70 000-ზე მეტია.
კერძოდ, წინა ხელისუფლების პერიოდში დადგენილი წესით, ყოველთვიურად გასაცემი კომუნალური ვაუჩერის ოდენობა 20 ლარს შეადგენდა (8.45 ლარი - ელექტროენერგიის საფასურისთვის; 8.40 ლარი - დასუფთავების მოსაკრებლისთვის; 3.15 ლარი - წყლის საფასურისთვის).
დავით ნარმანიას გადაწყვეტილებით, მოხდა კომუნალური ვაუჩერის დიფერენცირება ოჯახის სულადობის მიხედვით.
შედეგად: ერთსულიანი აბონენტები მიიღებენ 14.1 ლარს; ორსულიანი აბონენტები - 16.6 ლარს; სამსულიანი აბონენტები - 19.1 ლარს. აღსანიშნავია, რომ თბილისში აღრიცხული დაახლოებით 385 000 აბონენტიდან 238 000-მდე ოჯახი შედგება სამი ან ნაკლები წევრისგან. ანუ თბილისში მაცხოვრებელი მოსახლეობის (მათ შორის სოციალურად მძიმედ გაჭირვებული) 60 %ზე მეტს კომუნალური ვაუჩერი შეუმცირდება.