საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, მანანა კობახიძემ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ იური ვაზაგაშვილის გარდაცვალება მთელი საზოგადოების გამოწვევაა.
"მე ვფიქრობ, ეს არის მთელი საზოგადოების გამოწვევა. ჩვენი ხელისუფლების ვალდებულებაა, ყველაფერი გავაკეთოთ იმისთვის, რომ გამოძიებულ იქნას როგორც ეს ფაქტი, ასევე მისი შვილის მკვლელობის ფაქტი, რომელიც 2006 წელს მოხდა და ამის შემდეგ საკმაო დრო გავიდა. სამწუხაროდ, ეს საქმე ჯერ გამოძიებული არ არის. ყოველ შემთხვევაში, დამნაშავე პირები არ გამოვლენილან. რა თქმა უნდა, მე ამ ორ საქმეს ვაკავშირებ. ჩემი პოზიციაა, რომ ეს სწორედ მისი შვილის მიმართ ე.წ. სპეცოპერაციის საქმეს უკავშირდება. ბოლო პერიოდში ის ძალიან ღიად ასახელებდა კონკრეტულ პირებს, გვარებს. რა თქმა უნდა, ყველა ეს დეტალი ზედმიწევნით გამოძიებული და გამოკვლეული უნდა იყოს. ამის ვალდებულება აქვს პროკურატურას. მე იმედს გამოვთქვამ, რომ პროკურატურა ამ მძიმე ტვირთს ასწევს და ამ ვალდებულებას შეასრულებს ისე, როგორც ეს უნდა განხორციელდეს", - განაცხადა კობახიძემ.
დეპუტატმა იმედი გამოთქვა, რომ ამ საქმეებთან დაკავშირებით ყველა კითხვას პასუხი გაეცემა.
"არ გამოვრიცხავ, რომ შეიძლება, შინაგან საქმეთა სამინისტროში დღესაც მუშაობს ის ადამიანი ან ადამიანთა ჯგუფი, რომელსაც ამ საქმესთან შეხება ჰქონდა. ხაზს ვუსვამ, ეს არ უნდა იყოს დამაბრკოლებელი გარემოება და პირიქით, ჩვენი ვალდებულებაა, რომ თუ ასეთი ხალხი კიდევ იქ არის, გამოვლინდეს და ყველამ კანონის წინაშე პასუხი აგოს, ვისაც დანაშაულთან შეხება ჰქონდა. იმედს გამოვთქვამ, რომ ეს დროში არ გაიწელება და ფაქტობრივი გარემოებები გონივრულ ვადაში გამოვლინდება. ამაში მთელი პასუხისმგებლობა აქვს პროკურატურას, ზოგადად ხელისუფლებას. ჩვენ არ გავურბივართ პასუხისმგებლობას", - განაცხადა კობახიძემ.