"ივერიონს" ესაუბრება პოლიტოლოგი სოსო ცინცაძე
ბატონო სოსო, როგორ ფიქრობთ, შს მინისტრი ალექსანდრე ჭიკაიძემ მაღალზნეობრივი მორალობიდან გამომდინარე გადადგა?
უკანასკნელი 20 წლის განმავლობაში პირველად მესმის, რომ შს მინისტრი, ერთ-ერთი წამყვანი ძალოვანი სტრუქტურის ხელმძღვანელი, რომლის ერთ-ერთ წინამორბედს სახელმწიფოს ხერხემალსაც კი ეძახდნენ, მაღალზნეობრივი მორალობიდან გამომდინარე, გადადგა.
პირველი, მისი ამგვარი ნაბიჯი, რა თქმა უნდა, დემოკრატიისკენ გადადგმული ნაბიჯია, თუმცა, ჩვენი საზოგადოების უმეტესობას ვერავინ დაარწმუნებს, რომ მან ეს დამოუკიდებლად გადადგა.
ჭიკაიძე, ერთი შეხედვით, კაი ბიჭია, რომელიც სკამს არ ჩაებღაუჭა, მაგრამ, ის ვაზაგაშვილის მსხვერპლი კი არ არის, არამედ, იმ უნიათო საკადრო სელექციის , 30 წლის წინ რომ დამკვიდრდა ჩვენში (ნეპოტიზმი დღესაც დამოკლეს მახვილივით ჰკიდია საქართველოს თავზე). ის შეიძლება კარგი სპორტსმენი, ან რიგითი გამომძიებელი ყოფილიყო, მაგრამ შს მინისტრი პოლიტიკური ფიგურაა აშშ-სა და ევროპაშიც და ის იქ პოლიციელი არ არის.
ჭიკაიძე ლამაზად წავიდა -ხელისუფლებას ერთი პრობლემა მოაშორა - ისე გაურბოდა პარლამენტსა და ჟურნალისტებს, როგორც ეშმაკი საკურთხეველს...
მეორე, ჩემთვის მისაღები ის ფაქტი იქნებოდა, რომ ჭიკაიძე, როგორც სახელმწიფო მოღვაწე, ახლა კი არ გაქცეულიყო (სად, რას გაექცა?), არამედ, უნდა გაეფანტა მის გარშემო აგორებული ჭორები და გაექარწყლებინა მისკენ მიმართული სხვადასხვა ბრალდება. შსს-ში კი მივა ვიღაც ამ პოსტისთვის გაუთვალისწინებელი ახალი კაცი და ეს შეუწყობს ხელს ძიებას? აქედან გამომდინარე, ჭიკაიძე უნდა დარჩენილიყო პოსტზე გამოძიებისთვის ხელშეწყობის მიზნით და უკუეგდო ყელში ამოსული შაბლონური ფრაზა:" ძიების ინტერესებიდან გამომდინარე, რაღაც უნდა გავასაიდუმლოთ".
შეიძლება უსამართლო ვარ, მაგრამ ცუდად მენიშნა ირაკლი სესიაშვილის დიპლომატიური განცხადება იური ვაზაგაშვილის მკვლელობაში ეჭვმიტანილის გალში თუ აფხაზეთში გაქცევისა და ხელიდან სამუდამოდ დასხლტომის შესახებ. ეს რა, წინასწარი ალიბია?
ვის აძლევდა ხელს იური ვაზაგაშვილის თავიდან მოშორება და რა მოჰყვება ამ ფაქტს მომავალში?
-ნათქვამია, ქურდს ერთი ცოდვა აძევს და დამბრალებელს ათასიო. ხელაღებით ვერავის დავადანაშაულებ. თუ გაირკვევა, რომ იური ვაზაგაშვილის მკვლელობაში შსს-ს მაღალჩინოსნების ხელი ურევია, პასუხი ჭიკაიძემაც უნდა აგოს!
ცნობილია, რომ ვაზაგაშვილი ბიძინა ივანიშვილსაც შეხვდა და მნიშვნელოვანი დოკუმენტების ქონა დაუდასტურა. ამის შემდეგ უცებ კლავენ. ეს უკვე ცინიკური და თავხედური ტერორისტული აქტია. ჩემი აზრით, ჭიკაიძის გადადგომამ კიდევ უფრო დაძაბა ვითარება, რადგან. მისი გადადგომის ინიციატორებმა ამით საზოგადოების დამშვიდება სცადეს, თუმცა, ყველაფერი პირიქით მოხდა.
იური ვაზაგაშვილი, 8 წელი, 2006-2014 წლებში, იბრძოდა მისი შვილის მკვლელობის გამოძიებისთვის და 8 წუთი არ გაჩერებულა, ლაპარაკობდა და ამხელდა, მაგრამ მაშინ არავის უხლია ხელი და სწორედ ახლა, ამ ხელისუფლების მმართველობის პერიოდში, როცა ხალხს იმედი გაუჩნდა და იური ერთ-ერთი მათგანი იყო, ეს იმედი გაცრუვდა.
"ნაციონალური მოძრაობის" მმართველობის პერიოდში ზურაბ ვაზაგაშვილი თუ უდანაშაულოდ მოკლეს (და ეს ასე იყო, უდავოდ), "ნაციონალები" დღეს ნამდვილად არ დაინტერესდებოდნენ ამ საქმის გარკვევით. არ დაგავიწყდეთ, ჯერ კიდევ გაურკვეველია ზურაბ ჟვანიას მკვლელობის საქმე, რომლის გამოძიებასაც არჩილ კბილაშვილი გაპროკურორების მეორე დილას გვპირდებოდა.
შეიძლება ზურაბ ვაზაგაშვილის მკვლელობას ფარდა ეხდებოდა, იურის კი ბევრი მამხილებელი დოკუმენტი ჰქონდა და ამიტომ მოკლეს. კვალზე გასვლა ძალიან იოლია, თუ პროფესიონალი გამომძიებელი გამოიძიებს და პოლიტიკური ნებაც ექნება!
ვინც არ უნდა იყოს იური ვაზაგაშვილის აფეთქების დამკვეთი და შემსრულებელი, ეს ტერაქტი "ქართული ოცნების" დაკნინებულ იმიჯს კიდევ უფრო აკნინებს. რა ბერკეტებით მოახერხებს ხელისუფლება "თავის გადარჩენას" და მოსალოდნელია თუ არა პოლიტიკური კოფიგურაციის შეცვლა?
-საფრანგეთში მომხდარი ტერაქტის შემდეგ, სამართალდამცველებმა 6 ტერორისტული აქტი აღკვეთეს ევროპის სხვადასხვა ქვეყანაში. ანუ მნიშვნელოვანია პრევენცია. საქართველოში დილეტანტები კლავენ და იმიტომ ხსნიან საქმეებს, თორემ,რატომ ვერ ხსნიან ჟვანიას და კიწმარიშვილის მკვლელობებს? მეზობელი მეზობელს რომ მოკლავს და ქმარი ცოლს, ამის გახსნას რა უნდა! ეს ცხოვრება ყელში აქვს ხალხს ამოსული და ყველა დანაზე იყურება. ეს , რა თქმა უნდა, უარყოფითად მოქმედებს "ქართული ოცნების" იმიჯზე, მით უმეტეს, იმოქმედა იური ვაზაგაშვილის ლიკვიდაციამ, რომელიც შემთხვევით არ მომხდარა. ეს ფაქტები ღირსებას არ ჰმატებს იმათ, ვისაც ჩვენს კაპიკებს ჩვენს უსაფრთხოებაში ვუხდით.
"ქართული ოცნება" თავს სწორი საკადრო პოლიტიკით თუ გადაირჩენს, მაგრამ ჩვენთან ასე ხდება, რომ დავოსში ვიზიტისას საგარეო საქმეთა მინისტრმა ბერუჩაშვილმა აბრეშუმის სავაჭრო გზასთან დაკავშირებით მცდარი ინფორმაცია ჩაიტანა და თვით პრემიერ-მინისტრი ღარიბაშვილიც შეაცდინა.
ამბობენ, რომ შეიძლება "ქართული ოცნებისა" და ნინო ბურჯანაძის გზები გადაიკვეთოს. საუბრობენ "პატრიოტული ალიანსის" ბიძინა ივანიშვილთან დაახლოებაზეც. რას იტყვით აღნოშნულთან დაკავშირებით?
-ბიძინა ივანიშვილმა ნინო ბურჯანაძეს "რესპუბლიკელების" ":დამსახურებით" შეხედა ეჭვით ( საქართველო იმდენად პატარაა, რომ იქ 2 ქალი-ლიდერის ადგილი არ არის). ვინაიდან დღეს "რესპუბლიკელები" ვერ ძოვენ ბიძინას მოედანზე, ბარიერები იხნება. საკითხავია, ბურჯანაძეს თუ სურს ივანიშვილთან ალიანსი, ვინაიდან, "ქართულ ოცნებას" 2016 წელს პარტნიორი ძალა არ ეყოლება - ირაკლი ალასანია გამოეყო, "რესპუბლიკელები", 90%-ით გამოეყოფა და ძიძიგურისა და სოციალ-დემოკრატების ამარა თუ იმედზე მოიგებს არჩევნებს?!
"პარტიოტულ ალიანსს" კი ინტელექტუალური პოტენციალი არ ჰყავს, რითაც ირაკლი ალასანიას "თავისუფალი დემოკრატები" თავმომწონეობს. მას ერთი თარხან-მოურავი ჰყავს, რომელსაც ნაკლებად იცნობენ საზოგადოებაში. მას არც "ნაციონალური მოძრაობა" მიიჩნევს კონკურენტად და სამიზნედ ნინო ბურჯანაძეს თვლის. თუმცა, რესურსი ტელევიზიის სახით გააჩნია.. ჩემი აზრით, 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებში "ქართული ოცნება" მეფე ლირივით წარმოგვიდგება.
ბატონო სოსო, საზოგადოების ნაწილი პრემიერ-მინისტრ ღარიბაშვილის გადადგომას მოითხოვს. ეს სამართლიანი მოთხოვნაა?
-ქართულ პოლიტიკაში გამორიცხული არაფერია. პრემიერი თუ გადადგება, არავინ დაიჯერებს, რომ ეს მისი ინიციატივით მოხდა. ისე, ივანიშვილს იმდენჯერ შეეშალა კადრის შერჩევა... აი, მარგველაშვილის მსგავსად, ნარმანიას შერჩევისასაც შეცდა, რადგან 5 თვეა მერია და გამოცდები ვერ ჩაატარა თავის სტრუქტურაში, თბილისი კი ნეხვში ზის.
ესაუბრა ია ჯღარკავა