ჟურნალისტი ირმა ინაშვილი facebook-ის საკუთარ გვერდზე სტატუსს აქვეყნებს, სადაც აღნიშნავს, რომ იური ვაზაგაშვილის წინააღმდეგ დაგეგმილი ტერაქტი დასაწყისია და მის მკვლელს შემდეგი მსხვერპლიც ეყოლება გათვლილი. ინაშვილის თქმით, ვაზაგაშვილის მკვლელობის მიზანი საზოგადოების დაშინება იყო.
"ძალიან მინდა, ვცდებოდე. მინდა, არასწორი იყოს ჩემი განცდა, მაგრამ, ვფიქრობ, ვინც ვაზაგაშვილის წინააღმდეგ ეს შემზარავი ტერაქტი დაგეგმა და განახორციელა, შემდეგი მსხვერპლიც ეყოლება გათვლილი. ის აღარ იქნება შერჩეული მოკლული ბიჭების მშობლებიდან (ღმერთმა დაგვიფაროს). ამჯერად სხვა მიმართულებით წავლენ. ამიტომ ძალოვანმა სტრუქტურებმა (გამოძიების პარალელურად) პრევენციაზე უნდა იმუშაონ. სასწრაფოდ უნდა გამოეყოს დაცვა ყველა სერიოზულ მოწმეს. ეს ისე უნდა გააკეთოთ, რომ თვალშისაცემი არ იყოს.
ყარაფილას სასაფლაოზე განხორციელებული ტერაქტის მთავარი მიზანი არაა ლოკალური. საბოლოო მიზანი- საზოგადოების დაშინებაა. შიში უკვე გაჩნდა. ამას უნდა მოვერიოთ. ვატყობ, სოციალურ ქსელებშიც გაჩნდა ეს განცდა. მწერენ, რომ მოვერიდო ადამიანებთან "ჩატში" საუბარს (ისედაც არ მიყვარს ე.წ. ჩატის გამოყენება), ისმის ფრაზები: "გვისმენენ", "გვითვალთვალებენ"... და გვისმენენ, ფაქტია. მე მისმენენ. შინაგან საქმეთა სამინისტროს მოვუწოდებ- ეს განცხადება ჩათვალონ საჯარო მიმართვად და დამიკავშირდნენ, რათა ჩემი ტელეფონის "უცნაურობებში" გამარკვიონ. საზოგადოებას ამ ვითარებაში ყველაზე რთული პასუხისმგებლობა ეკისრება - იმ შიშის სიმპტომების დაძლევა, განადგურება, რომელიც ერთად... ჯერ კიდევ 2012 წლის სექტემბერში ამოვძირკვეთ.
ზონდერების, მკვლელების დასჯაზე უნდა ვილაპარაკოთ ხმამაღლა, არ უნდა მოვერიდოთ მწვავე შეფასებებს, უნდა ვილაპარაკოთ ტელევიზიით, საჯარო შეკრებებზე. არ უნდა გავჩერდეთ, არ უნდა გავჩუმდეთ! მკვლელის მიზანი ჩვენი გაჩუმებაა!" - წერს ინაშვილი.