გახმაურებულ გა გამოუძიებელ საქმეებს რეპრესირებულთა და პოლიტპატიმართა საქმეების შემსწავლელი სპეციალური საზოგადოებრივი კომისია შეისწავლის,-ამის შესახებ უფლებადამცველის, ლაშა ჩხარტიშვილისა და ადვოკატ ლექსო კობაიძის მიერ გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე გახდა ცნობილი.
როგორც პრესკონფერენციაზე აღინიშნა, კომისია წინა და მოქმედი ხელისუფლების პერიოდში გახმაურებულ საქმეებს შეისწავლის.
"სამართლიანობის გარეშე რომ არსებობს მშვიდობა, ეს კიდევ ერთხელ დაადასტურა იური ვაზაგაშვილის მკვლელობამ, შესაბამისად კიდევ უფრო აქტუალური გახდა კომისიის შექმნა, რომელიც ახლა იქმნება. დაწყებულია იმ მასალების შეგროვება, იმ საქმეების, სადაც ადამიანები თვლიან თავს წინა ხელისუფლების ან ამ პერიოდის უსამართლობის მსხვერპლად თავს - სახელმწიფო რეპრესიების მსხვერპლად. ასეთი საქმეები ათასობით არის, თუმცა ჩვენ ყველას ვერ გავწვდებით და ყველაზე გახმაურებულ საქმეებს განვიხილავთ. ერთ-ერთი ასეთი საქმე გახლდათ ემზარ კვიციანის პოლიტიკური ნიშნით დაკავება.
ჩვენ ვიმყოფებით იმ ტრაგიკულ ვითარებაში, სადაც ხელისუფლება ან შეიცვლის დამოკიდებულებას, დამნაშავეებს დასჯის და ბოლომდე მიიყვანს ამ საქმეებს, რადგან არცერთი გახმაურებული საქმე არ არის ბოლომდე მიყვანილი, ან სიტუაცია შეიძლება ძალიან დამძიმდეს, რაც არავისთვის სასურველი არ არის",-განაცხადა უფლებადამცველმა ლაშა ჩხარტიშვილმა.
კომისიის შემადგენლობაში ამ ეტაპზე არიან: ლია მუხაშვარია, გია მეფარიშვილი, დავით თევზაძე, ლექსო კობაიძე, ლაშა ჩხარტიშვილი და სხვები.