სასამართლოს წინაშე წარსდგებიან ის ადამიანები, რომელთაც მარიუპოლი დაბომბეს,- განცხადება ამის შესახებ გაეროს გენერალური მდივნის მოადგილემ ჯეფრი ფელტმანმა გაეროს უშიშროების სხდომაზე გააკეთა. რომელიც საგანგებოდ აღმოსავლეთ უკრაინაში ვითარების გამწვავების გამო შეიკრიბა.
"ჩვენ მკაფიო სიგნალი უნდა გავაგზავნოთ, დამნაშავეები სასამართლოს წინაშე უნდა წარდგნენ და უნდა დაისაჯონ", - განაცხადა ჯეფრი ფელტმანმა.
გაერო-ს გენერალური მდივნის მოადგილემ კიდევ ერთხელ მოუწოდა რუსეთს, ზეწოლა მოახდინოს სეპარატისტებზე, რათა ცეცხლი შეწყვიტონ.
უკრაინული მედიის ინფორმაციით, გაერო-ში რუსეთის მუდმივმა წარმომადგენელმა ვიტალი ჩურკინმა პასუხისმგებლობა საბრძოლო მოქმედებების განახლების გამო კიევს დააკისრა.
"მივმართავ სახელმწიფოებს, რომლებსაც კიევზე აქვთ გავლენა - შეწყვიტეთ კიევის ხელშეწყობა. ამან შესაძლოა, მხოლოდ დიდ კატასტროფამდე მიგვიყვანოს", - განაცხადა ვიტალი ჩურკინმა.
როგორც გაერო-ს უშიშროების საბჭოზე უკრაინის წარმომადგენელმა იური სერგეევმა აღნიშნა, კიევს უკრაინაში რუსეთის აგრესიის უამრავი მტკიცებულება აქვს.
"წინა სხდომაზე ამ დარბაზში ჩვენ 9 ათას რუს სამხედროზე ვსაუბრობდით, ახლა კი მათი რაოდენობა უკრაინის ტერიტორიაზე 12 000-ია, 235 ტანკი, 729 ჯავშანტრანსპორტიორი, 263 საარტილერიო სისტემა", - აღნიშნა იური სერგეევმა.