ექსპერტი ვახტანგ ძაბირაძე "ივერიონს" საქართველოში არსებულ სისტემურ კრიზისზე, იური ვაზაგაშვილის მკვლელობაში "ნაციონალური მოძრაობის" უბრალოებაზე, ივანიშვილის ახალ იდეალურ კოალიციასა და მეტ-ნაკლებად იდეალურ პრემიერ-მინისტრზე ესაუბრა.
-ბატონო ვახტანგ, რას შეცვლის ალექსანდრე ჭიკაიძის გადადგომა?
-ვერაფერს! უბრალოდ, აღშფოთებული საზოგადოება ოდნავ დააწყნარა, მაგრამ ეს სიტუაციას დიდხანს ვერ შეცვლის.
ის, რაც საქართველოში ხდება, პერსონებზე დამოკიდებული არ არის, სისტემური რეფორმებია ჩიხში.
როგორც ამბობენ, შსს-ს უშიშროების სამსახური უნდა ჩამოშორდეს. ის მექანიკურად ადრეც იყო ჩამოშორებული. შეაერთეს და უარესი მიიღეს. ახლაც ისევ მექანიკურად გაიყოფა, რადგან თვისობრივად არაფერი შეიცვლება. ასეთი რეფორმებისთვის სახელმწიფო მზად არ არის.
-თქვენი აზრით, გამოიძიებენ თუ არა იური ვაზაგაშვილის მკვლელობას?
-მეეჭვება. მისი შვილის მკვლელობის გახსნა უფრო მოსალოდნელია. იური ვაზაგაშვილი პროფესიონალებმა მოკლეს, თუმცა საძებარია, ვინ იყო ამ მკვლელობით დაინტერესებული. მეეჭვება ეს "ნაციონალების" განხორციელებული ყოფილიყო. ვაზაგაშვილი, როგორც მამხილებელი ფაქტორი, შეიძლება "ნორმალურ" ვითარებაში თბილისშიც მოეკლათ. მისი ლიკვიდაცია, სხვათა მსგავსად, არ იყო ძნელი, მაგრამ მის მკვლელობაში სხვა მარცვალი დევს - ის შვილის საფლავს დააკლეს და ეს ხელისუფლების მიმართ საზოგადოების აღსაშფოთებლად ჩაიდინეს. თუ ეს ასეა, აქვეა ჩადებული ის ფაქტორიც, რომ ეს მკვლელობა არ უნდა გაიხსნას. ხელისუფლება კი, თავის მხრივ, ამ მკვლელობის გამოძიებას უნდა ეცადოს, რათა საზოგადოებამ ირწმუნოს მისი მონდომება.
-პოლიტიკიურ და საზოგადოებრივ წრეებში ეჭვობენ, რომ ბიძინა ივანიშვილი პოლიტიკაში ბრუნდება. თქვენ რას ფიქრობთ?
-დღევანდელი ხელისუფლება, თუ მას რეალობის აღქმა აქვს (რაც მეეჭვება), ვადამდელი საპარლამენტო არჩევნებით უნდა დაბრუნდეს ხელისუფლებაში. ჩვენს ქვეყანაში კრიტიკული სიტუაციაა, სახელმწიფო გარდასაქმნელია და ამ კრიზისიდან გამოსვლის ერთადერთი გზა ვადამდელი საპარლამენტო არჩევნებია.
ჩემი აზრით, "ქართული ოცნება" კოალიციას სხვაგვარად ჩამოაყალიბებს, თუმცა არ ექნება მტკიცე უმრავლესობა - პარლამენტი იქნება სხვაგვარი - რამდენიმე პოლიტიკური ძალით დაკომპლექტებული.
-მთავრობის გადაყენების მოთხოვნით პერმანენტული აქციები იგეგმება. მოსალოდნელია თუ არა მისი შეცვლა?
-ჩემი აზრით, მას, ვინც იური ვაზაგაშვილის წინააღმდეგ ტერორისტული აქტი დაგეგმა, საზოგადოებრივი მღელვარების გამოწვევა სურდა. მისთვის მთავრობის შეცვლა კი არ არის მთავარი, არამედ სახელმწიფოს არევა. შეიძლება მთავრობა გადადგეს, მაგრამ მოვა ახალი, ვინც ქვეყანაში არსებულ კრიზისულ სიტუაციას რადიკალურად ვერ შეცვლის. საპროტესტო ტალღა ჯერ არც არის ისეთი ძლიერი, ხალხმრავლობა რომ გამოიწვიოს. ჩემი აზრით, მთავრობის შეცვლით დაინტერესებულია ის ჯგუფი, ვინც ან ახალ მთავრობაში ხედავს თავის თავს, ან სახელმწიფო სტრუქტურების მეორე-მესამე ეშელონში.
-მთავრობის გადადგომის მოთხოვნით გამართული აქციები გამოიწვევს თუ არა პრემიერ-მინისტრის შეცვლას?
-პრემიერ-მინისტრის შეცვლა რას შეცვლის, ახალი რას გააკეთებს? თუმცა, ჩემი აზრით, დავით სერგეენკო ერთადერთია, ვინც თავის სამინისტროში სწორი რეფორმები გაატარა, მაგრამ გაპრემიერმიერებისას ეკონომიკასა და სოციალურ პრობლემებს როგორ უშველის? სტალინი ამბობდა, ყველაფერს კადრები წყვეტენო. ასე საკუთარ რეჟიმს ამართლებდა. ჩვენი ქვეყნისთვის მნიშვნელოვანია მექანიზმების ცვლილება და მერე კადრების.
არ შემიძლია უკომენტაროდ დავტოვო პრემიერ-მინისტრ ღარიბაშვილის გუშინდელი გამოსვლა ახალი შს მინისტრის წარდგენის გამო: თუ საპარლამენტო მმართველობა გვაქვს, ღარიბაშვილის მიერ წარდგენილი ახალი შს მინისტრის ვინაობა უმრავლესობამ პრემიერის პრესკონფერენციიდან რატომ გაიგო? არაფერი მაქვს შს მინისტრ გომელაურის საწინააღმდეგო, არც ვიცი, ვინ არის და რას აკეთებდა, მაგრამ ეს რა საპარლამენტო მმართველობაა, როცა პრემიერს კონსულტაცია არ გაუვლია პარლამენტთან, რომელსაც მთავრობის გადაყენება ხელეწიფება?! აი, ასეთი ფაქტები ქმნის სისტემურ კრიზისს, როცა კანონები მხოლოდ ქაღალდზე წერია. აბა, რეალურად მუშაობდეს სახელმწიფო მექანიზმები, თუ არ გავაკეთებთ გასაკეთებელს! ერთი სიტყვით, დღევანდელმა ხელისუფლებამ ის სისტემა მოირგო, რაც ჰქონდა კომუნიზმს, ზვიად გამსახურდიას, შევარდნაძისა და სააკაშვილის მმართველობის პერიოდებს. ამიტომ კარგა ხანს ვისხდებით იმ ჭაობში, რომელშიც ვართ!
ესაუბრა ია ჯღარკავა