ივერიონი / რამ შეაშინა ირინა სარიშვილი?

რამ შეაშინა ირინა სარიშვილი?

პოლიტიკური პარტია "იმედის" თავმჯდომარე ირინა სარიშვილი გაზეთ "ახალი თაობისთვის" მიცემულ ინტერვიუში ბაჩო ახალაიას დაპატიმრებას ეხმაურება და პირდაპირ აცხადებს: "ცოტა სასაცილოა სისხლისმსმელი, ადამიანების მკვლელი, ყველანაირი საზიზღრობების ჩამდენი ბაჩო ახალაიას დაპატიმრება იმ ბრალდებით, რომელი ბრალდებითაც მოხდა". იგი მიიჩნევს, რომ "სასამართლო ვერ განთავისუფლდა იმ "ჭირისგან", რასაც ხელისუფლების ყურმოჭრილი მონა და მსახური ჰქვია".


სარიშვილის აზრით, ახალმა ხელისუფლებამ ბრძოლა უნდა დაიწყოს მთლიანად სააკაშვილის სისტემის და არა მხოლოდ კონკრეტული პიროვნებების წინააღმდეგ. სხვანაირად "ნაციონალური მოძრაობა" ყველანაირად ეცდება, საზოგადოებაში გააჩინოს იმედგაცრუება ახალი ხელისუფლების მიმართ. ამ მიზნით ისინი უკვე ახერხებენ ე.წ. "ცხელი წერტილების" შექმნას.


სარიშვილის შიში უპირველესად, განპირობებულია იმით, რომ ჩვენ გვყავს, ფაქტობრივად, "უოპოზიციო პარლამენტი, სადაც ჩვენ ვნახავთ ხელისუფლებისთვის ბრძოლას, მაგრამ აქ არ იქნება არანაირი იდეოლოგიური დაპირისპირება. საგარეო პოლიტიკა არ იცვლება. საშინაო პოლიტიკაში ჩვენ ვხედავთ, რომ არანაირ სისტემურ რეორგანიზაციაზე ლაპარაკიც კი არ შეიძლება იყოს, ყველაფერი ძველებურად მიდის და იცვლება მხოლოდ სახელები და გვარები." იგი თვლის, რომ "ქართული ოცნება" და "ნაციონალები" პოლიტიკაში მესამე ძალას არ გააჭაჭანებენ, რაც დამღუპველი იქნება საქართველოს მომავლისთვის.

13-11-2012, 10:25
უკან დაბრუნება