"საქართველოს ეროვნული პლატფორმის" ხელმძღვანელის ლაშა ტუღუში აცხადებს, რომ საქართველოს ევროპულ ენერგეტიკულ გაერთიანებაში გაწევრიანება ჭიანურდება.
"არაერთგზის მოვისმინეთ ურთიერთგამომრიცხავი ინფორმაციები, როდესაც მთავრობის წარმომადგენლები ხან ერთს ამბობენ, ხან მეორეს; ხან ამბობენ, რომ პროცესი კარგად მიმდინარეობს და ცოტა დარჩა; ხან ამბობენ, რომ პროცესი ჭიანურდება, თითქოს და, ჩვენი ინტერესები უნდა იყოს დაცული. ფაქტი ერთია, ამ მიმართულებით იკვეთება ხელისუფლების არათანმიმდევრულობა. როგორც ჩანს, ვიღაცას არ აწყობს, საქართველო ევროპულ ენერგეტიკულ გაერთიანებაში მოხვდეს, რადგან სხვა სტანდარტები უნდა დამკვიდრდეს საქართველოში - ტარიფები უნდა იყოს გამჭვირვალე, არ შეიძლება, ერთ კონკრეტულ კომპანიას ჰქონდეს მონოპოლიური უფლებები ბაზარზე და რუსეთის ინტერესებიც მაინცდამაინც ვერ იქნება გათვალისწინებული. ეს არის ის პრინციპული საკითხები, რომელიც, როგორც ჩანს, ხელს უშლის ორგანიზაციაში საქართველოს გაწევრიანების პროცესს. ამ პროცესის გაჭიანურება იმაში გამოიხატება, რომ ჯერ ხელისუფლება აცხადებს, რომ დაიწყო გაწევრიანების პროცესი, შემდეგ ჩუმდებიან, ჩამოდის კომისარი ოტინგერი, რომელიც მიესალმება საქართველოს განაცხადს, რომ აპირებს გაწევრიანებას და ეს განცხადებებიც სადღაც ქრება. ფაქტია, რომ არანაირი წინ გადადგმული ნაბიჯი ჩვენ არ ვიცით. ეს გვაფიქრებინებს, რომ რაღაც ხდება", - აცხადებს ტუღუში.