ივერიონი / არჩილ კბილაშვილი ბაჩო ახალაიასა და გიორგი კალანდაძეს ახალ დანაშაულში ამხელს

არჩილ კბილაშვილი ბაჩო ახალაიასა და გიორგი კალანდაძეს ახალ დანაშაულში ამხელს

საქართველოს პროკურატურა აწარმოებს სისხლის სამართლებრივ დევნას, თავდაცვის ყოფილი მინისტრის ბაჩო ახალაიასა და საქართველოს გაერთიანებული შტაბის ყოფილი უფროსის გიორგი კალანდაძის მიმართ. ამის შესახებ მთავარმა პროკურორმა არჩილ კბილაშვილმა სპეციალურ ბრიფინგზე განაცხადა.


" 2010 წლის 16 თებერვალს გვარდიის დეპარტამენტის უზრუნველყოფის ასეულის 17-მა თანამშრომელმა იმ საფუძვლით, რომ ისინი იყვნენ მძღოლები, და მორიგეობდნენ წინა ღამით, უარი განაცხადეს ვარჯიშზე. 2010 წლის 18 თებერვალს ღამის დაახლოებით 2-დან 3 საათამდე, ბაჩანა ახალაიას ბრძანებით, რომელიც მაშინ თავდაცვის მინისტრი იყო, მითითებული პირები მათი დასჯის მიზნით, თბილისიდან სენაკის მეორე ბრიგადის ტერიტორიაზე გადაიყვანეს. ადგილზე ჩასულ ჯარისკაცებს სხვა სამხედრო პირებთან ერთად, დახვდა ბაჩანა ახალაია და გიორგი კალანდაძე. ახალაიამ, კალანდაძემ და გამოძიებით დადგენილმა სხვა პირებმა, სენაკში ჩაყვანილ ახალგაზრდებს მათ ორ ოცმეთაურთან ერთად, მიაყენეს სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა, რის შემდეგაც, ბაჩანა ახალაიას ბრძანებით ისინი გააშიშვლეს წელს ზემოთ და არბენინეს დაახლოებით ერთი საათი სიცივეში. ამის შემდეგ, ახალაიას ბრძანებით, სამხედრო მოსამსახურეები ჩაკეტეს ამავე ბრიგადის აბანოში, გამოურთეს გათბობა და ამგვარ მდგომარეობაში ამყოფეს ისინი სამი ღამისა და ორი დღის განმავლობაში. ამ ქმედებით ბაჩანა ახალაიამ ჯარისკაცებს უკანონოდ აღუკვეთა თავისუფლება. თავისუფლების აღკვეთის განმავლობაში, ჯარისკაცებს მინიმუმ 36 საათი არ ეძლეოდათ საკვები და თავისუფლების აღკვეთის მთელი დროის განმავლობაში გაუსაძლის სიცივეში იმყოფებოდნენ. აბანოში, სადაც ჯარისკაცები იყვნენ ჩაკეტილი არ იყო ლეიბები, პლედები და სკამები, რის გამოც ჯარისკაცებს ეძინათ ცივ მეტლახზე", - განაცხადა კბილაშვილმა.


ბაჩანა ახალაიამ ამ ქმედებით, ჩაიდინა სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაული, რაც არის თავისუფლების უკანონო აღკვეთა და ეს ითვალისწინებს სასჯელს 7-10 წლამდე. ასევე - 144-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაული, რაც გულისხმობს წამებას და ითვალისწინებს 9-15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას.


ბაჩანა ახალაიას ზემოთაღნიშნული ქმედებით, ასევე დაირღვა ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის მესამე მუხლი, რომლის არსი მდგომარეობს იმაში, რომ აკრძალულია წამება და არაადამიანური მოპყრობა.


გენერალური პროკურორის განცხადებით,გიორგი კალანდაძემ ჯარისკაცების ცემით ჩაიდინა სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაული, რაც უფლებამოსილების გადამეტებას გულისხმობს და 5-8 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. 

13-11-2012, 10:57
უკან დაბრუნება