ივერიონი / მიხეილ ჯიბუტი: ხალხმა თავის გადასარჩენად საკუთარი მიწა-წყალი მიატოვა

მიხეილ ჯიბუტი: ხალხმა თავის გადასარჩენად საკუთარი მიწა-წყალი მიატოვა

ინტერვიუ პროფესორ მიხეილ ჯიბუტთან

ბატონო მიხეილ, ახალი საკანონმდებლო ინიციატივა შემოვიდა - დაუმუშავებელ მიწებზე სანქციების დაწესების თაობაზე, როგორ შეაფასებდით ამ ინიციატივას?

"დავიწყოთ იქიდან, რომ თავად სასჯელებით საქმის გაკეთების პრინციპი ამორალურია მაშინ, როცა ქვეყანაში გარდამავალი ეტაპი არ დასრულებულა. ეს საკითხი ყოვლად გაუმართლებელია, რადგან თავად მიწის რეფორმა დაუმთავრებელია და არ არსებობს კოდექსი, სრულფასოვანი კანონმდებლობა ქვეყანაში.   სანქციების შემოღებას თუ ხელშეკრულებითი ხასიათი არ აქვს, შეიძლება ვიფიქროთ, რომ გაუკუღმართებულ მიზნებს შეიცავს.  როდესაც ხელშეკრულება იდება, მაშინ შეიძლება რომ ამა თუ იმ პირს, არ შესრულების შემთხვევაში, პირგასამტეხლო, ანუ ჯარიმა დაეკისროს. მოდით, ჯერ დავაწესოთ სასჯელი დაუმუშავებელ სახელმწიფო მიწებზე და ჯარიმები სახელმწიფო მოხელეებმა გადაიხადონ.  მიწის ყველაზე ცუდი მფლობელი არის სახელმწიფო.  ამ სანქციის ამოქმედება იქნება არაკომპეტენტური გადაწყვეტილება ხელისუფლების მხრიდან, რომელიც არ ცდილობს,  გადაწყვეტილებები დააფუძნოს საჯარო განხილვასა და მეცნიერულ ანალიზზე.  ამგვარი გადაწყვეტილებები საზოგადოებაში გაჩენილ უნდობლობას კიდევ უფრო გაზრდის, ლარის კურსზეც უარყოფითად აისახება და ინფლაციასაც გამოიწვევს".

 

-ხომ ვერ დაასახელებდით კონკრეტულ მაგალითს იმ შედეგებიდან, რაც შეიძლება ამ კანონპროექტის მიღებას მოჰყვეს?

 

"მაგალითად მოვიყვან ერთ მიზეზს, რის გამოც მიწები დაუმუშავებელია: მრავალი ჩვენი მოქალაქე მსოფლიოს სხვა და სხვა ქვეყანაშია წასული კუკმა-პურის საშოვნელად.  მათ დატოვეს საკუთრებაში მიწები რომლებიც დაუმუშავებელია. რატომ უნდა დავაჯარიმოთ? მიწა უნდა დამუშავდეს არა სანქციების შემოღებით, არამედ სტიმულირების გზით.  თუ ასე არ მოხდა,  მივიღებთ კიდევ ერთ სოციალურ ფენას, უმიწო გლეხების სახით".

გიორგი მოსიაშვილი

 

28-01-2015, 00:19
უკან დაბრუნება