როგორც სანდრო გირგვლიანის ოჯახის ყოფილმა ადვოკატმა, შალვა შავგულიძემ განაცხადა, შესაძლოა სანდრო გირგვლიანის საქმეში ახალი დეტალები გახდეს ცნობილი, ამის შესახებ შავგულიძე "კვირის პალიტრას" ესაუბრა.
შავგულიძემ განაცხადა, რომ წინა ხელისუფლებამ სტრასბურგის სასამართლოს ვიდეოფირი სრულად არ გაუგზავნა, რამაც უზუსტობა გამოიწვია.
"მონაწილეობდა თუ არა ამ მკვლელობაში 4 პერსონაზე უფრო მეტი? ეს არის კითხვა, რომელზე პასუხსაც წინა ხელისუფლება საგანგებოდ ჩქმალავდა. ქალბატონ ირინას მიაჩნდა, რომ "შარდენ-ბარის" სუფრის წევრებს: დათა ახალაიას, ვასილ სანოძეს, გურამ დონაძესა და თაკო სალაყაიას უშუალო კავშირი ჰქონდათ სანდროს მკვლელებთან. გამოძიება მაშინ არ დაინტერესდა, თუ რა ზარები გაკეთდა (დანაშაულის ჩადენამდე ან ჩადენიდან უახლოეს პერიოდში) ზემოთ დასახელებულ პირთა და უშუალოდ მკვლელობის შემსრულებლებს შორის. ალბათ, გახსოვთ, რომ ხელისუფლებამ სტრასბურგის სასამართლოს გაუგზავნა დაჩეხილი ვიდეოფირი, რომელიც ასახავდა სანდროს მანქანით გატაცებას ოქროყანის მიმართულებით. სრულად რომ გაეგზავნათ ჩანაწერი, გაირკვეოდა, მიჰყვა თუ არა უკან გატაცებული სანდროს ავტომობილს სხვა ზემოთ დასახელებულ პერსონათა კუთვნილი მანქანები. ვფიქრობ, შესაძლებელია საქმე ამ მიმართულებით გაიხსნას და ახალი დეტალებიც გახდეს ცნობილი", - განაცხადა შავგულიძემ.