ორგანიზაცია "ახალგაზრდა ადვოკატები" საქართველოს პარლამენტს "სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის საკუთრების შესახებ" საქართველოს კანონში წარდგენილ ცვლილებებთან დაკავშირებით, სარეკომენდაციო წინადადებით მიმართავს.
ორგანიზაცია პარლამენტს უცხო ქვეყნის მოქალაქის ან მოქალაქეობის არმქონე პირთა მიმართ, მიწის გასხვისების პროცედურებთან დაკავშირებით, საერთაშორისო პრაქტიკის გათვალისწინებას და გაცილებით მკაცრი რეგულაციების შემოღებას სთავაზობს.
ორგანიზაცია, საკანონმდებლო ორგანოს მიმართავს და მოითხოვს, ინიცირებულ კანონპროექტში გაჩნდეს ახალი დებულებები, რომლის მიხედვითაც სასოფლო-სამეურნეო მიწის გასხვისების კრიტერიუმები მკაფიო და შინაარსობრივად გამოწვევებთან შესატყვისი იქნება:
• უცხო ქვეყნის მოქალაქე და საქართველოში სტატუსის მქონე მოქალაქეობის არმქონე პირები, რომლებსაც გააჩნიათ "უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ" საქართველოს კანონით გათვალისწინებული ბინადრობის ნებართვა, სასოფლო-სამეურნეო მიწის შეძენის ნებართვის მისაღებად, უკანასკნელი 5 წლის განმავლობაში უნდა ცხოვრობდნენ საქართველოში;
• უცხო ქვეყნის მოქალაქე და საქართველოში სტატუსის მქონე მოქალაქეობის არმქონე პირები, რომლებიც აკმაყოფილებენ ზემოაღნიშნულ კრიტერიუმს და სურთ სასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთის შეძენა, უნდა გააჩნდეთ ვალდებულება, შესაბამის ორგანოში წარადგინონ მიწის განვითარების დასაბუთებული გეგმა;
• უნდა გამკაცრდეს რეგულაცია სასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთის სტატუსის შეცვალსთან დაკავშირებით, რადგან არსებული წესით, სასოფლო-სამეურნეო მიწის სტატუსის შეცვლა არასასოფლო-სამეურნეო მიწის სტატუსად შეცვლა, გაცილებით მოსახერხებელი და გამარტივებულია. ამ გზას უფრო მეტად მიმართავენ უცხო ქვეყნის მოქალაქე და საქართველოში სტატუსის მქონე მოქალაქეობის არმქონე პირები, რომლებსაც სურთ სასოფლო-სამეურნეო მიწის შესყიდვა.
• სახელმწიფოს ეროვნული ინტერესებიდან გამომდინარე, აუცილებელია დაწესდეს არამხოლოდ მიზობრივი კრიტერიუმები, რომლის შემთხვევაშიც გასხვისდება სასოფლოს სამეურნეო მიწის ნაკვეთი, არამედ უნდა გამკაცრდეს სტატუსის შეცვლის პირობები.
როგორც "ახალგაზრდა ადვოკატები" მიიჩნევენ, სახელმწიფოს მხრიდან ყოველთვის უნდა იყოს კონტორლირებადი მიწის გასხვისება, რადგან მიწა არის ეკონომიკური, სოციალური და კულტურული ფასეულობა. საქართველოს არ გააჩნია სასოფლო-სამეურნეო მიწის დიდი რესურსი. იგი არ ექვემდებარება გამრავლებას და შეუცვლელია. შესაბამისად, მიწის გასხვისების დროს, კომერციული ინტერესის ფარგლები, უნდა შემოწმდეს. სასოფლო-სამეურნეო მიწის გასხვისებაზე კონტროლს უნდა აწარმოებდეს საქართველოს მთავრობა და არ შეიძლება მიწა გავუთანბროთ სხვა ქონებრივ სიკეთეებს.