ივერიონი / გიორგი მარგველაშვილი: უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე პარტიული გავლენისგან თავისუფალი უნდა იყოს!

გიორგი მარგველაშვილი: უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე პარტიული გავლენისგან თავისუფალი უნდა იყოს!

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის კანდიდატურასა და მიმდინარე პროცესზე საუბრობს.  მარგველაშვილის თქმით, უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის საკითხზე მთავარ კრიტერიუმებზე შეთანხმება მოხერხდა.

"ამ პროცესს აქვს ძალიან დიდი მნიშვნელობა ჩვენი სახელმწიფოებრიობის განმტკიცების თვალსაზრისით. იმიტომ, რომ სასამართლო არის ერთ-ერთი ლოდის საკიდური, რომელზეც იგება ჯანმრთელი, დემოკრატიული სახელმწიფოს სისტემა. უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის პროცესთან დაკავშირებით ჩვენ დავიწყეთ ქართული საზოგადოებისთვის აქამდე არნახული ღია პროცესი, რომელშიც ჩავრთეთ ყველა საპარლამეტო პოლიტიკური ძალა, ექსპერტული საზოგადოება და გავხსენით ამ მიმართულებით ფართო დისკუსია. ამ დისკუსიამ გამოავლინა ჩემთვის ერთი ძალიან მნიშვნელოვანი ფენომენი. მნიშვნელოვანია ის, რომ მთელი საზოგადოება, მათ შორის პოლიტიკური პარტიები, ფაქტობრივად თანხმდებიან ერთი და იგივე კრიტერიუმებზე. დღეს საპარლამენტო უმრავლესობაც და ოპოზიციური ფრაქციებიც ფაქტობრივად ერთ ხედვაზე გვესაუბრებიან. რა თქმა უნდა, არსებობს დაზუსტებები, განსხვავებული პატარა დეტალები, მაგრამ საბოლოო ჯამში არის ერთი კრიტერიუმი. ვფიქრობ, ეს ძალიან  მნიშვნელოვანია ჩვენი საზოგადოებრივი პოლიტიკური პროცესისათვის.

იმ კრიტერიუმებზე, რომლებზეც ჩვენ შევთანხმდით, რა თქმა უნდა, ეს არის კანონით განსაზღვრულ თვისებებზე დამატებული. ესენია: პრინციპულობა, მენეჯერული თვისებები, პარტიული გავლენისგან თავისუფლება და პროფესიონალიზმი. აი, სწორედ ამ კრიტერიუმებზე ფაქტობრივად შეთანხმდა დღეს პოლიტიკური სპექტრი და საზოგადოება
 
აქედან გამომდინარე, გვაქვს რა ასეთი საინტერესო პოლიტიკური კონსენსუსი, ჩვენ გადავდივართ შემდეგ ეტაპზე და უკვე საზოგადოებასა და პროფესიულ წრეებს ვთხოვთ, რომ 9 თებერვლამდე  პრეზიდენტის ადმინისტრაციაში წარმოადგინონ თავიანთი მოსაზრებები კანდიდატურებთან დაკავშირებით. ბუნებრივია, ამ კანდიდატურების სიას შემდგომში გაცხრილავს ადმინისტრაციაში შექმნილი კომპეტენტური კომისია. რის შემდეგადაც შედეგებს გაუზიარებს ისევ საზოგადოებას. მე მინდა, ხაზი გავუსვა იმას, რომ ასეთი ღია და უპრეცედენტო პროცესი მნიშვნელოვანია დღეს, როდესაც ჩვენი სასამართლოს მიმართ ნდობის ფაქტორი ასამაღლებელია", - განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.

28-01-2015, 19:15
უკან დაბრუნება