ბიძინა ივანიშვილის მიერ გაკეთებულ განცხადებას, რომ სულ მალე კახა კოჟორიძეზე კვლევა დაიდება, კახა კოჟორიძე სოციალურ ქსელში ეხმაურება,
_ "ბრიუსელში ვარ. აქ უფრო მძაფრდება ფიქრი იმაზე, რომ საქართველოს დღეს აქვს შანსი, რაზეც ჩვენი წინაპრები საუკუნეების განმავლობაში უშედეგოდ ოცნებობდნენ, ევროპული შანსი!..
შევდივარ IPN-ზე, ვკითხულობ: "ბიძინა ივანიშვილის ორგანიზაცია ნინო ლომჯარიას, ეკა გიგაურის და კახა კოჟორიძის საქმიანობასთან დაკავშირებით კვლევაზე მუშაობს". ტექსტში დაზუსტებაა, რომ კვლევა პიროვნებებზე იქნება... მომინდა რაღაცის დაწერა. გამახსენდა, რომ სახელმწიფო სამსახურში ვარ, ხოლო ბატონი ბიძინა არასამთავრობო ორგანიზაციაში. იქვე ისიც გამახსენდა, რომ სახელმწიფო მოხელის მხრიდან არასამთავრობოების კრიტიკა ტაბუდადებული არ არის, მაგრამ მაინც თავის შეკავება გადავწყვიტე.
გავაგრძელე კითხვა. ბატონი ბიძინა საუბრობს ევროპული ტიპის საზოგადოებაზე, რომ ,"დღეის გასაკეთებელი უნდა გავაკეთოთ დღეს" და რომ იდგება იქ სადაც ჩვენი ქვეყნისთვის ყველაზე ფასეული საქმის გაკეთება შეეძლება... შეიძლება ვინმემ სარკაზმად ჩამითვალოს, მაგრამ მაინც ვიტყვი: მე მჯერა, რომ ბატონ ბიძინას ამის გულწრფელი სურვილი აქვს.
მაგრამ მაქვს კითხვა: ნუთუ ზემოაღნიშნული ისტორიული შანსის ფონზე, დღეს ჩვენი ქვეყნისთვის ასეთი მნიშვნელოვანია ჩემი პიროვნების კვლევა და ნუთუ ეს ევროპულ საზოგადოებად ჩამოყალიბებაში დაგვეხმარება?
თუ ვინმე დამისაბუთებს, რომ ეს ნამდვილად ასეა, ვდებ პირობას: დიდი პატივისცემის მიუხედავად, დავანებებ პრეზიდენტის მრჩევლობას თავს და დავიწყებ საკუთარი პიროვნების კვლევას, ჩემზე უკეთესად ამას მაინც ვერავინ გააკეთებს..." _ წერს კოჟორიძე.