მინდა გამოვეხმაურო „ივერიონში“ გამოქვეყნებულ სტატიას „ყოვლისშემძლე სუს-ი, „ყოჩაღი“ ნაც-პროფესორები და დასახურად განწირული თელავის უნივერსიტეტი!“
მიმაჩნია, რომ განათლების საკითხი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ამოცანა უნდა იყოს ჩვენი ქვეყნისთვის. ამაზეა დამოკიდებული ადამიანის გონებრივი შესაძლებლობების მაქსიმალურად გამოვლენის უნარი და საზოგადოების ინტელექტუალური დონის ამაღლება,რაც თავისთავად ზრდის ჭეშმარიტი ფასეულობების მოთხოვნილების სურვილს.
განათლება - ეს არის სახლის მშენებლობის პროცესში საძირკველში ჩასხმული მყარი ფუნდამენტი, რომელზედაც შემდგომში აგურ-აგურ ამოიყვანება კედლები, ხოლო სახურავი ფუნდამენტის და კედლების გარეშე ვერც გაკეთდება.
თუ გვინდა ღირსეული თაობის აღზრდა, პირველ რიგში მათ განათლებას უნდა მიეხედოს, რომელიც პიროვნების სრულფასოვანი სახელმწიფოებრივი და მოქალაქეობრივი სწორი აზროვნების გარანტია. ამაში შედის როგორც ყოფითი, ასევე სულიერი კულტურის ამაღლება და ზნეობრივი თვითშეგნება.
თუ სწავლის მექანიზმი მდარე იქნა, პრეტენზიებიც ვეღარ გვექნება რაიმე ამაღლებულზე და მსოფლიოს თვალში ცივილიზირებულ ქვეყანათა რიგში ჩადგომაზე.
მინდა აგრეთვე განსაკუთრებულად გავუსვა ხაზი სტუდენტების რელიგიური კუთხით გათვითცნობიერებას - საქართველო მართლმადიდებლური ქვეყანაა, წმინდა მოციქულების-სვიმონ კანანელის, ანდრია პირველწოდებულის და მატათას ფეხის დასადგმელი და სამოღვაწეო ადგილია და ეს უნდა იქნას გათვალისწინებული, რომ აღარ გავიმეორო მრავალჯერ ნათქვამი და სისხლში გამჯდარი ფრაზა - ჩვენი ქვეყნის ღვთისმშობლის წილხვედრობის შესახებ.
ყველა რელიგიური კულტურა პატივსაცემი უნდა იყოს,არც ერთი არ უნდა გამოიდევნოს მისი რადიკალურად განსხვავებული წარმოშობის გამო, მაგრამ ყველას კარგად უნდა ახსოვდეს სახელმწიფოს პრივილეგირებული რელიგია - მართლმადიდებლობაა, რომელსაც საქართველოს უმეტესი მოსახლეობა მისდევს, რელიგიური აღზრდის გარეშე ერული ცოდნა მყარი ვერასდროს ვერ იქნება, ამიტომაც ის მცდარი ტენდენცია, რომელმაც დღევანდელობაში მოიკიდა ფეხი - რომ თითქოს ქრისტეს სახელის ხსენებამ შესაძლოა შებღალოს სხვა აღმსარებლობის ადამიანების უფლებები, საფუძველს მოკლებულია და ხელოვნურად არის თავსმოხვეული.