ივერიონი / ნინო ბურჯანაძე თამარ ბერუჩაშვილის წინააღმდეგ

ნინო ბურჯანაძე თამარ ბერუჩაშვილის წინააღმდეგ

"როდესაც საუბარია, რომ სახელმწიფოს შესაძლოა, ხვალ კიდევ უფრო მეტი საფრთხე დაემუქროს და ამ დროს გაწყვიტო დიალოგი, არის სახელმწიფოს წინააღმდგ მიმართული ქმედება", - ასე გამოეხმაურა ნინო ბურჯანაძე საგარეო საქმეთა მინისტრის, თამარ ბერუჩაშვილის განცხადებას, რომლის მიხედვითაც აბაშიძე- კარასინის დიალოგი დროებით შეჩერებულია. 

"გაერთიანებული დემოკრატიული მოძრაობის" ლიდერი პრემიერ-მინისტრს, ირაკლი ღარიბაშვილსა და ხელისუფლების წარმომადგენლებს მოუწოდებს, განმარტება გააკეთონ თამარ ბერუჩაშვილის განცხადებაზე.

"ქალბატონი თამარ ბერუჩაშვილი ამბობს, რომ სეპარატისტულ რეგიონებში საქართველოში რუსეთის მხრიდან ძალების გაძლიერება ინტენსიურად მიმდინარეობს, რაც ადვილი შესაძლებელია იყოს ასე, და ამ დროს ბერუჩაშვილი აცხადებს, რომ შემდეგი ნაბიჯი იქნება ოსეთი. მისი თქმით, არსებობს იმის ნიშნები, რომ შესაძლოა გამეორებულ იყოს ყირიმის მსგავსი სცენარი და განხორციელდეს სამხრეთ ოსეთის ანექსია. ეს არის ფაქტობრივად იმის ოფიციალურად გამოცხადება, რომ ჩვენ ვეგუებით სცენარების მსგავსი სახით განვითარებას და ბოლო იმედს -მოლაპარაკებებს ვხურავთ და ვუყურებთ ქვეყნის განადგურების რეალურ პროცესს", -განაცხადა ნინო ბურჯანაძემ. 

ნინო ბურჯანაძის თქმით, მოლაპარაკებები ძალიან მცირე, თუმცა ერთადერთი გარანტიაა იმისა, რომ არ გაგრძელდეს ქვეყნის ტერიტორიების დაკარგვის პროცესი.

"ეს ის საკითხია, როდესაც ღარიბაშვილმა უნდა გააკეთოს კომენტარი და გვითხრას, რა ხდება როცა საუბარია, რომ სახელმწიფოს შესაძლოა ხვალ კიდევ უფრო მეტი საფრთხე დაემუქროს. ამ დროს გაწყვიტო დიალოგი ეს არის სახელმწიფოს წინააღმდეგ მიმართული ქმედება. მე ვფიქრობ, რომ მსგავსი განცხადებები ან არ უნდა კეთდებოდეს, ან თუ გაკეთდება ეს უნდა გაკეთდეს თბილისიდან და არა სხვა სახელმწიფოს დედაქალაქიდან", - განაცხადა ნინო ბურჯანაძემ. 

 

30-01-2015, 19:28
უკან დაბრუნება