ივერიონი / ნოდარ ხადური: "ამ ეტაპზე ეკონომიკური ზრდის პროგნოზის დაზუსტების საშუალება არ გვაქვს"

ნოდარ ხადური: "ამ ეტაპზე ეკონომიკური ზრდის პროგნოზის დაზუსტების საშუალება არ გვაქვს"

გასული წლის ბოლოს სრულიად რეალური იყო ეკონომიკური ზრდის 5%-იანი პროგნოზი, თუმცა, მას შემდეგ, სიტუაცია მნიშვნელოვნად შეიცვალა. - განცხადება ამის შესახებ ფინანსთა მინისტრმა, ნოდარ ხადურმა ჟურნალისტებთან შეხვედრისას გააკეთა.

"დეკემბრის შემდეგ როდესაც პარლამენტმა დაამტკიცა ბიუჯეტი, მნიშვნელოვნად შეიცვალა გარემო. როდესაც ბიუჯეტზე ვმუშაობდით, 5%-იანი ზრდა იყო აბსოლიტურად რეალისტური. ახლა ჩვენ ვსწავლობთ მაჩვენებლებს, რომელიც არის ქვეყანაში და ქვეყნის გარეთ", - განაცხადა ხადურმა.

 

ხადურის განმარტებით, რეგიონში ყველა ქვეყანამ გააუარესა ეკონომიკური ზრდის პროგრესი.

"ერთი თვეც არ არის გასული ახალი წლიდან, ჩვენ არ გვაქვს ამ დროისთვის შესაბამისი ინფორმაცია. გავაგრძელებთ კონსულტაციებს ეკონომიკის სამინისტროსთან, ეროვნულ ბანკთან, საერთაშორისო საფინანსო ორგანოებთან, რათა დავაზუსტოთ ზრდის პროგნოზი, ამ ეტაპზე საკმარისი ინფორმაცია, რომელიც პროგნოზის დაზუსტების საშუალებას მოგვცემს, არ გვაქვს", - აცხადებს ხადური.

მისივე თქმით, ამ მიმართულებით ასევე მნიშვნელოვანია პარტნიორ ქვეყნებში არსებული მდგომარეობა.

"ჩვენს მთავარ ეკონომიკურ პარტნიორებს თუ შევხედავთ, იგივე ევროკავშირის მდგომარეობას, ნახავთ, რომ მნიშვნელოვნად გაურესებულია ევრო, რაც ჩვენგან გამოიწვევს სავაჭრო ურთიერთობების გარკვეულ გადახედვას. ეს ნიშნავს, რომ სრულიად შესაძლებელია ევროპიდან ჩვენი მიმართულებით ექსპორტ-იმპორტის ბალანსი შეიცვალოს. მეორე მხრივ, ის ქვეყნები, საიდანაც საქართველოში ნავთობრპოდუქტები შემოდის გვაძლევს საშუალებას, რომ ფასები უფრო სტაბილური იყოს, რადგან ნავთობრპოდუქტები გაიაფებულია. თუმცა, ამ დროს ექსპორტის ბალანსი აქაც ირღვევა. ასევეა რუსეთი, უკრაინა და ცენტრალური აზიის ქვეყნები. აქედან გამომდინარე, ჩვენ შიდა და გარე ფაქტორებს ვაანალიზებთ და მას შემდეგ რაც გვექნება გარკვეული ტიპის ინფორმაცია, მოგვეცემა შესაძლებობა უფრო ზუსტი პროგნოზები გავაკეთოთ", - განაცხადა ნოდარ ხადურმა.

31-01-2015, 08:37
უკან დაბრუნება