შვედეთსა და ფინეთში საქართველოს ელჩი კონსტანტინე ქავთარაძე და მექსიკაში საქართველოს ელჩი მალხაზ მიქელაძე თანამდებობებს დატოვებენ.
მთავრობის განკარგულებით, მალხაზ მიქელაძის მექსიკის შეერთებულ შტატებში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ საქართველოს პრეზიდენტისთვის წინადადების წარდგენის თაობაზე შესაბამისი განკარგულება მთავრობამ უკვე გამოსცა.
ასევე, პოსტს შვედეთის სამეფოსა და ფინეთის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი კონსტანტინე ქავთარაძე დატოვებს.
მალხაზ მიქელაძე საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩად მექსიკაში 2010 წლის დეკემბერში დაინიშნა. კონსტანტინე ქავთარაძე კი შვედეთის სამეფოსა და ფინეთის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის ფუნქციას 2011 წლის ივნისიდან დღემდე ახორციელებს.
ელჩების გათავისუფლების თაობაზე გადაწყვეტილებას პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი მომავალ კვირას მიიღებს.