ივერიონი / ბარათაშვილის ხიდის რეაბილიტაციაზე ტენდერი გამოცხადდა

ბარათაშვილის ხიდის რეაბილიტაციაზე ტენდერი გამოცხადდა

ბარათაშვილის ხიდის სარეაბილიტაციო სამუშაოებზე ტენდერი გამოცხადდა. ტენდერში მონაწილეობის მსურველთა განაცხადების მიღება 2015 წლის 18 თებერვლიდან დაიწყება და 23 თებერვალს დასრულდება.

ხიდზე არსებულ მდგომარეობას დღეს თბილისის მერი დავით ნარმანია, მერის მოადგილე გიორგი სოლომონია, ისნის და კრწანისის რაიონის გამგებლები ვახტანგ ქიზიყურაშვილი და გიორგი კოპალეიშვილი გაეცნენ.

თბილისის მერის განცხადებით, ბარათაშვილის ხიდის რეაბილიტაციით წლების განმავლობაში არსებული პრობლემა მოიხსნება.

"ხიდს ჩაუტარდება სრული რეაბილიტაცია, რაც გაზრდის მისი ექსპლუატაციის ვადას, ხიდზე გადაადგილება უსაფრთხო იქნება როგორც ავტომობილებისთვის, ისე ფეხით მოსიარულეთათვის", - განაცხადა დავით ნარმანიამ.

 

ბარათაშვილის ხიდის რეაბილიტაციისთვის დედაქალაქის ბიუჯეტიდან 2 250 000 ლარია გამოყოფილი. პროექტის თანახმად, სარეაბილიტაციო სამუშაოები ჩაუტარდება ხიდის სავალ ნაწილს, ხელახლა გაკეთდება ჰიდროიზოლაცია, მოეწყობა ახალი ტროტუარები და მიწისქვეშა გადასასვლელები.

ბარათაშვილის ხიდის კვლევა-გამოცდა 2013 წელს საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტთან არსებულმა ხიდსაცდელმა ცენტრმა ჩაატარა. ნაგებობის გამოცდის შემდეგ მომზადებული დასკვნის საფუძველზე დადგენილია, რომ ხიდის ძირითადი კონსტრუქცია (ბურჯები და მალის ნაშენი) კარგ მდგომარეობაშია, შესაცვლელია ნაგებობის სავალი ნაწილი, ჰიდროიზოლაცია, ტროტუარები და მიწისქვეშა გადასასვლელები.

1-02-2015, 19:40
უკან დაბრუნება